საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის 4-წლიანი პროგრამა 2021 აპრილში დასრულდა. ამ ოთხი წლის განმავლობაში “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში საქართველომ 687 მილიონი დოლარის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანამ პანდემიური კრიზისის დროს აითვისა.
პროგრამის დასრულებიდან მალევე ფინანსთა მინისტრმა BMG-ის განუცხადა, რომ სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამა ქვეყნისთვის სასარგებლო იქნებოდა. გასულ წელსვე მთავრობა პერიოდულად აქვეყნებდა ინფორმაციას, რომ სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან ონლაინ-ფორმატში კონსულტაციები იმართებოდა და განსახილველ საკითხთა შორის ახალი პროგრამისთვის მზადებაც იყო. თუმცა, კონკრეტულად როდის დაიწყება ფონდთან ახალი პროგრამა და რა იქნება ის რეფორმები, რომლებიც საქართველომ ამ პროგრამის პირობებში უნდა გაატაროს, არ თქმულა.
BMG-იმ ამ საკიხთან დაკავშირებით თავად სავალუტო ფონდს მიმართა, ქვეყანაში IMF-ის მუდმივმა წარმომადგენელმა სელიმ ჩაკირმა გვითხრა:
“ჩვენ გვქონდა კარგი დისკუსიები საქართველოს ხელისუფლების და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან IMF-ის მიერ მხარდაჭერილი ეკონომიკური პროგრამის თაობაზე, ამჟამად მოლაპარაკებები გრძელდება,”- ამბობს სელიმ ჩაკირი.
IMF-ის ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი საქართველოს სახელმწიფო კომპანიების მმართველობის გაუმჯობესება და მათი კორპორატიზაციის ხელშეწყობაა. ეს საკითხი ფონდის წინა პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტიც იყო. მრავალმილიარდიანი ზარალი, კორუფციის და გაუმჭვირვალე მმართველობის რისკები და მსხვილი საკრედიტო ვალდებულებები, ეს ის ფაქტორებია, რომელთა გამოც ფონდი მთავრობას სახელმწიფო საწარმოების რეფორმისკენ მოუწოდებს. სწორედ ამიტომ 2021 წლის დეკემბერში IMF-მა სახელმწიფო კორპორაციების მართვის სტრატეგიის დოკუმენტიც გამოაქვეყნა.
“ბოლო წლებში სს-ების გაუმჯობესებული გამჭვირვალობისა და მონიტორინგის მიუხედავად, კვლავ არადამაკმაყოფილებელია მათი ფინანსური შედეგები. მართალია, გაუმჯობესებული გამჟღავნება/გამჭვირვალობა და მონიტორინგი მნიშვნელოვანი ფაქტორებია, მათ სს-ების საქმიანობის შედეგების გაუმჯობესება შეუძლია მხოლოდ. აშკარაა, რომ სს-ების საქმიანობის შედეგების სასურველი ხარისხით გასაუმჯობესებლად საჭიროა კომპლექსური სამართლებრივი და ინსტიტუციონალური რეფორმის ჩატარება,”- ნათქვამია IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
თუკი ქვეყანაში სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა დაიწყო, მთავრობას სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციისთვის არსებითი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, სავარაუდოდ სწორედ ეს არის ფონდსა და მთავრობას შორის მოლაპარაკებების წამყვანი საკითხი.




























