საქსტატის ბოლო მონაცემებით, რომელიც 2021 წლის ივლისით თარიღდება, საქართველოში ინტერნეტზე წვდომა შინამეურნეობების 86%-ს აქვს, თუმცა ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის განსხვავება საკმაოდ მაღალია. ქალაქებში ინტერნეტზე წვდომა მოსახლეობის 91.4%-ს აქვს, სოფელში კი 78.9%-ს. ყველაზე მაღალი დაფარვა თბილისშია და 94.4%-ს აღწევს, ყველაზე დაბალი კი რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სადაც ინტერნეტზე წვდომა მოსახლეობის 60.4%-ს აქვს.
“საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15%-ს სახლში ინტერნეტზე წვდომა არ აქვს”, – ეს ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში გაეროს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ახალ ანგარიშში იყო ნათქვამი.
“საჭიროა გადაუდებელი ინვესტიცია ციფრული უთანასწორობის გადასაჭრელად, რომელიც აბრკოლებს ბავშვებისა და ახალგაზრდების დისტანციურ სწავლასა და ონლაინ შესაძლებლობებზე წვდომას” – აღნიშნული იყო კვლევაში.
საქართველოში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლემა საყოველთაო ინტერნეტიზაციას უნდა მოეგვარებინა, რომელიც ქვეყანაში 2014 წელს დაანონსდა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, პროექტი 2020 წელს გააქტიურდა. გეგმა ასეთია: პროექტის დასრულების შემდეგ მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა დამატებით 1000-მდე დასახლებულმა პუნქტმა და ნახევარმა მილიონმა ადამიანმა უნდა შეძლოს. Log In Georgia – ასე ჰქვია ინტერნეტიზაციის პროექტს, რომელსაც 40 მილიონი დოლარით მსოფლიო ბანკი აფინანსებს. ოზურგეთში საპილოტე პროექტი უკვე განხორციელდა, რატომ იყო დაპაუზებული ინტერნეტიზაცია, რომელი რეგიონია შემდეგი და ხომ არ უჭირს სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ სახელმწიფო ააიპ–ს “ოუფენ ნეტს” გამოყოფილი თანხების ათვისება, ამ საკითხებზე “საქმის კურსთან” “ოფენ ნეტის” ხელმძღვანელმა მარიამ სულაბერიძემ ისაუბრა:
საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი ოზურგეთში უკვე განხორციელდა, რომლის შედეგადაც ინტერნეტზე წვდომა 49 დასახლებულ პუნქტში 29 000 მოქალაქეს გაუჩნდა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, შემდეგია ქობულეთი – რა ეტაპზეა ახლა პროექტი? როგორია მისი განხორციელების ვადები და რამდენ მოქალაქეს ექნება ხელმისაწვდომობა ოპტიკურ–ბოჭკოვან ინტერნეტთან?
დიახ, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პირველი საპილოტე პროექტი იყო ოზურგეთი. ეს პროექტი უკვე დასრულდა, რითაც ვამაყობთ. მეორე ეტაპი არის ქობულეთის მუნიციპალიტეტი, რომლის ფარგლებშიც აშენდება 50 კმ ინფრასტრუქტურა და ეს შექმნის შესაძლებლობას, მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა მაღალი ხარისხის ფართოზოლოვან ინტერნეტთან - 13 დასახლებულ პუნქტზეა საუბარი. დღეს უკვე ვმუშაობთ მშენებლობაზე, ეს ეტაპი დაწყებულია და უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის ბოლოს.
მშენებელი კომპანია ამ შემთხვევაშიც "პარვუს ჯგუფია" როგორც ოზურგეთში, თუ შეარჩიეთ სხვა კომპანია?
ჩატარდა სახელმწიფო ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა “სის ბიზნეს სერვისმა”, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი შემოგვთავაზა. სხვათა შორის, ძალიან კონკურენტული ტენდერი შედგა: 4 კომპანია მონაწილეობდა. გამარჯვებულმა კომპანიამ უკვე დაასრულა დეტალური დიზაინის ეტაპი, რომელიც სხვადასხვა ნაწილისგან შედგებოდა. მათ უკვე შესაძლებლობა მიეცათ, მშენებლობის ეტაპი დაეწყოთ.
რა არის შესყიდვის ღირებულება ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის?
სატენდერო ფასი იყო მილიონ 950 ათასი ლარი.
როგორც ცნობილია, 2020 წლის იანვარში მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა, რომლის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს. რომელი რეგიონები ან დასახლებული პუნქტებია შემდეგი? რა ვადებში ფიქრობთ სრული ინფრასტრუქტურის მშენებლობას?
დიახ, ჩვენ ვმოქმედებთ სტრატეგიის შესაბამისად და ორივე ლოკაცია, ოზურგეთიც და ქობულეთიც მის შესაბამისად განხორციელდა. ახლა უკვე LOG IN GEORGIA შემოდის ასპარეზზე - ეს არის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ნაგულისხმევია დაახლოებით 5 ათასი კილომეტრი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ეს მოიცავს ნახევარ მილიონ მოსახლეს. უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება რაჭაზე, ლეჩხუმზე, ქობულეთში ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიასა და ჩოხატაურზე - რომ გურია დავასრულოთ.
რა ვადებია ამ ყველაფრისთვის გათვალისწინებული?
LOG IN GEORGIA პროექტის ვადები არის 2021-2025 წლები. ამ პერიოდში ჩვენი ამბიციური გეგმა უნდა იყოს შესრულებული.
თქვენც ახსენეთ LOG IN GEORGIA-ს პროექტი, საყოველთაო ინტერნეტიზაციაში საქართველოს მსოფლიო ბანკი ეხმარება – ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ზოგადად ამ პროექტის განხორციელება მთლიანად WB–ის სახსრებით ხდება? რას მოიცავს პროექტი სრულად და საჭიროებს თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის ან “ქართუს” დაფინანსებას, როგორც დასაწყისში, პროექტის დაანონსებისას ითქვა?
LOG IN GEORGIA ფინანსდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, რომლის ღირებულება არის 80 მილიონი დოლარი. თუმცა პროექტი დაყოფილია ნაწილებად, რომელსაც ფარავს როგორც მსოფლიო ბანკი, ასევე საქართველოს ბიუჯეტი. LOG IN GEORGIA ძალიან მნიშვნელოვანია იმითაც, რომ არ მოიცავს მხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნაწილს: მაგალითად, უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ციფრული მიმართულებით - ამ კომპონენტის ფარგლებში მოხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ რა მნიშვნელობა აქვს გლობალურ ქსელთან წვდომას, რაში შეიძლება გამოიყენონ და ა.შ. ჩატარდება ღონისძიებები შშმ პირებისთვის, განსაკუთრებული აქცენტია ქალების ჩართულობაზე, რომ გაიზარდოს ინტერნეტის გამოყენება ამ ჯგუფების მიერ. ცნობიერების ამაღლება წარმოქმნის მოთხოვნას, რაც საბოლოოდ სწორედ ინფრასტრუქტურის მშენებლობას უკავშირდება. ცნობიერების ამაღლების საკითხში კომუნიკაციების კომისიაა წამყვანი.
დაფინანსებაზეც გკითხეთ: რა მოცულობით იხარჯება ამ პროექტში ბიუჯეტის თანხა?
ბიუჯეტის თანხა, რა თქმა უნდა, ამ პროექტის განხორციელებაში გათვალისწინებულია. ეს პროექტის შემადგენელი ნაწილია, თუმცა, "ოუფენ ნეტი" და ინფრასტრუქტურის პროექტი ღიაა ნებისმიერი დონორის დაფინანსებისთვის.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით რა თანხა იხარჯება ყოველწლიურად?
ამ ეტაპზე თანხა გადანაწილებულია 50-50%-ზე, თუმცა ინფრასტრუქტურის დაფინანსებას ძირითადად მაინც მსოფლიო ბანკი ახორციელებს. ხოლო მეორე კომპონენტის ნაწილი, რაც გულისხმობს ცნობიერების ამაღლებას, ეს ნაწილი დაფინანსებულია ბიუჯეტიდან.
პროექტის განხორციელების პარალელურად რამდენჯერმე მოვისმინეთ ინფორმაცია, რომ "საჭიროების შემთხვევაში" ფონდი "ქართუ" მზადაა მის დასაფინანსებლად. ვერ ხედავთ დღეს მათი ჩართვის აუცილებლობას?
როცა "ოუფენ ნეტი" შეიქმნა, ის სრულად "ქართუს" დაფინანსებით შეიქმნა, გარდა ამისა, "ქართუმ" დააფინანსა ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, რომელსაც დღესაც საბაზისოდ ვიყენებთ. ამ ეტაპზე ჯერ არ დამდგარა დამატებითი ფონდების მოძიების აუცილებლობა. რაც გვაქვს გადანაწილებული, ჯერჯერობით საკმარისია.
თუმცა, ბიუჯეტის ნაცვლად "ქართუს" რომ დაეფინანსებინა პროექტი, ან რომელიმე სხვა ორგანიზაციას, რატომაც არა, კარგი იქნებოდა...ისევ თანხებზე უნდა დავაზუსტოთ და ინტერნეტიზაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ათვისებაზე: სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტ Log-in Georgia-ს მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო რესურსების ათვისება უჭირს. წელს 15 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო. პროექტის 9 თვის გეგმა 8.2 მილიონი ლარი იყო, თუმცა 2021 წლის 8 თვეში მის ფარგლებში ათვისებული რესურსი მხოლოდ 137,000 ლარს შეადგენდა, რაც ცხრა თვის გეგმის მხოლოდ 1.7%-ია. როგორ განმარტავდით და ახსნიდით ამას? რამე შეფერხება აქვს პროექტს?
პრობლემა როგორც ასეთი, არ არსებობს. როცა ბიუჯეტი დავგეგმეთ, ვფიქრობდით, რომ მშენებლობის დაწყება უკვე მსოფლიო ბანკის სახსრებით მოხდებოდა. თუმცა ამას წინ ბევრი პროცედურა ჰქონდა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო მსოფლიო ბანკის სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის ეს მოიცავდა გარემოს დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ჩარჩო დოკუმენტების მომზადებას; ასევე, ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიო ბანკის ექსპერტთან ერთად შევადგინეთ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით კონცეპტუალური დიზაინი. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით სატენდერო დოკუმენტაციაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სატენდერო დოკუმენტი სწორი ფორმით შედგენილიყო, ეს იყო ის დოკუმენტი, რომლითაც შემდგომშიც გამოცხადდება ყველა ტენდერი ყველა რეგიონთან დაკავშირებით. როგორც იცით, ერთიანი სქემით უნდა აშენდეს მთელი ქსელი - 5 ათასი კილომეტრი - ამიტომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დოკუმენტაციის სწორ ფორმას. ეს პროცესიც მორჩა და ჩვენ ყოველდღიურად ველოდებით დასტურს მსოფლიო ბანკისგან, რომ გამოცხადდეს ტენდერი. 15 მილიონიდან დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნაწილია და სწორედ ამის გამო მოხდა ათვისების შეფერხება. ერთადერთი, რაც დროში გაიწელა, სწორედ სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება იყო.
წლის ბოლომდე იქნება ეს თანხა ათვისებული?
წლის ბოლომდე 15 მილიონი ლარის ათვისება ვერ მოხდება, მაგრამ გარკვეული ნაწილის ათვისება შეიძლება მოხდეს, რადგან ტენდერის გამოცხადებასაც გარკვეული პროცედურა სჭირდება. ვფიქრობ, ახლა უფრო სწრაფად წარიმართება პროცესი, რადგან ეს იყო ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც უკვე მზადაა - გამოყოფილია ის ე.წ. თეთრი ზონები, სადაც უნდა გამოცხადდეს ტენდერი.
თქვენ ახსენეთ, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის ფარგლებში ხდება არამხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობა, არამედ საზოგადოებაში ინტერნეტთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, მათთვის ცოდნის გადაცემა და ა.შ. წლების წინ პროექტის ფარგლებში საუბარი იყო იმაზეც, რომ ხელმისაწვდომობის გასაზრდელად იგეგმებოდა კომპიუტერების დარიგება, ინტერნეტის პირველადი დაერთებისთვის საჭირო თანხების გადახდა და ა.შ. ისევ მოიცავს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ამ კომპონენტებს?
LOG IN GEORGIA-ში ეს ნაწილი არ არის გათვალისწინებული. შესაძლოა, სამომავლოდ იყოს მოძიებული სახსრები კონკრეტულად ამ მიმართულებებისთვის.
საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი 2014 წელს დაანონსდა და მისი რეალური განხორციელება მხოლოდ 2020 წელს დაიწყო. რატომ მოხდა ასე, რა პრობლემები შეიქმნა პროცესში და რა შეიცვალა, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ პროექტის განხორციელება რეალურად დაწყებულიყო? რა მოდელით ხდება ახლა მისი განხორციელება?
2016 წელს გამოქვეყნდა მთავრობის შესაბამისი დადგენილება საყოველთაო ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებით, შემდეგ ჩატარდა გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის ტექნიკური და კვლევითი მიმართულებით, შეიქმნა გარკვეული საკანონმდებლო ბაზა. ასევე ერთ-ერთი მთავარი სადისკუსიო თემა იყო - როგორი უნდა ყოფილიყო მოდელი? არაერთი მოდელი წარადგინეს, 2018 წელს ტენდერიც გამოცხადდა, რომელიც არ შედგა. მთავარი იყო, არ მომხდარიყო სახელმწიფო და კერძო ინტერესების გადაკვეთა პროექტის განმავლობაში - ამან გარკვეული დრო წაიღო. დღეს შერჩეული მოდელი კი არის ძალიან სწორი ქართული ბაზრისთვის - ეს აჩვენა რეალობამ, რადგან ოზურგეთში უკვე გვყავს მომხმარებელი. განვმარტავ, რომ "ოფენ ნეტი" არ არის საცალო ოპერატორი, ჩვენ ვართ საბითუმო ოპერატორი, რომელიც აშენებს ე.წ. მინი მაგისტრალს და ადგილობრივ ოპერატორებს უქმნის საშუალებას, განავითარონ საკუთარი ქსელი "ოფენ ნეტის" ინფრასტრუქტურის გამოყენებით, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდება და გასაგებია, რომ ისინი ვერ აშენებენ. ჩვენი ინფრასტრუქტურის გამოყენებით მათ შეუძლიათ, ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდონ საბოლოო მომხმარებელს ინტერნეტი.
საინტერესოა, ვინ არიან საცალო ოპერატორები, რომლებიც თქვენი გავლით მოქალაქეებს ინტერნეტს აწვდიან? ისეთი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიები, როგორებიცაა "მაგთი" და "სილქნეტი", თუ სხვა მცირე ოპერატორები?
დღეისთვის ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან მცირე და საშუალო ოპერატორები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ მიეცეთ ეს შესაძლებლობა. კარგია, რომ ასეთ პატარა კომპანიებსაც ეძლევათ საშუალება, განავითარონ საკუთარი ბიზნესი. თავად "ოფენ ნეტს" დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება აქვს და ყველა ოპერატორს ერთი და იმავე ფასად ვაწვდით ერთსა და იმავე მომსახურებას.