მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა ყულევის ნავთობგადამმუშავებელი საწარმოს პროექტი?

63f8b9423f1f9
ანუკა ჯოხაძე
26.02.23 13:16
3163
ყულევში ნავთობგადამმუშავებელი საწარმოს პროექტზე პასუხისმგებელ კომპანია "ფაზის ოილს" მფლობელი შეეცვალა. შვეიცარულმა კომპანია სტრიმტრეიდმა თითქმის მილიონ შვეიცარულ ფრანკად "ფაზის ოილის" 100%-იანი წილი "საიტლეს ენერჯის" გადასცა, რომლის 50%-იანი წილი მფლობელი "ფაზის ოილის" დირექტორი გია შავდიაა.

ყულევში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ 2019 წელს გაცხადდა. კომპანია "ფაზის ოილი" ყულევის ნავთობგადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობის დაწყება 2021 წლიდან გეგმავდა. ქარხნის მშენებლობაში ჯამში 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება იყო გეგმაში.

როგორც BM.GE-ის ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, "ფაზის ოილმა" სამუშაოების დაწყება ყულევში ამ დრომდე ვერ შეძლო, რის გამოც ქონების ეროვნულ სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

BM.GE მეტი ინფორმაციის მისაღებად "ფაზის ოილის" დირექტორს გია შავდიას დაუკავშირდა. როგორც შავდია ამბობს, პროცესი პანდემიით წარმოქმნილი სირთულეების გამო გაჭიანურდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავრობასთან საინვესტიციო ვალდებულებით განსაზღვრული ვადების გახანგრძლივებაზე მუშაობა მიმდინარეობს. შავდია აცხადებს, რომ პროექტი უკვე მზად არის, შესაბამისად, მისი დაწყება კომპანიას მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეუძლია.

“ამ ეტაპზე ვმუშაობთ ინვესტორებთანაც. სამწუხაროდ, ამ ომმაც შეაჩერა ინვესტორების აქტივობა, მაგრამ ამ წელს დავიწყებთ. პროექტი მზად არის, მხოლოდ პატარ-პატარა საკითხების შეთანხმებაა საჭირო და ვაპირებთ უკვე ზაფხული ბოლოს, სექტემბერში, კონკრეტულად მიწაზე სამუშაოების დაწყებას. საინვესტიციო ვალდებულებები რაც დღეს გვაქვს, გვინდა რომ 1 წლით გადავავადოთ, რომ დავეწიოთ გრაფიკს, რაც თავიდან გვქონდა საინვესტიციო ვალდებულებების შეთანხმებისას”, - აცხადებს კომპანია “ფაზის ოილის” გენერალური დირექტორი გია შავდია.

"ფაზის ოილის" გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ პროცესები პანდემიასთან ერთად რეგიონში განვითარებულმა საომარმა მოქმედებებმაც შეაფერხა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ დაგეგმილი ინვესტიცია, რომელიც თავდაპირვევლად 1.1 მლრდ დოლარი იყო, გაიზარდოს. გია შავდია ნედლეულის მომწოდებელ ქვეყნებს არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ საწარმოს წლის განმავლობაში 4.2 მლნ ნედლი ნავთობის გადამუშავებას შეძლებს.

“ჩვენ თავისუფალ ბაზარზე ვართ ორიენტირებული, ამიტომ ჩვენთვის საჭირო ხარისხი სადაც იქნება, ნედლეულს იმ ქვეყნიდან წამოვიღებთ. ნებისმიერი გემის მიღებას შევძლებთ , რომელიც შავ ზღვაზე დაშვებულია. 150-170 ათას ტონიანი გემებზე მაქვს საუბარი. ესეთი გემები მსოფლიოს ნებიმიერი წერტილიდან შეგვიძლია მივიღოთ, შესაბამისად, სადაც უკეთესი ფასი იქნება იქიდან წამოვიღებთ. ჯამში 4.2 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება მოხდება წლიურად, რომლის 97.6% იქნება გამოშვებული პროდუქცია”, - ამბობს გია შავდია.

ცნობისთვის, ყულევში საინვესტიციო პროექტის განხორციელებას თავდაპირველად Socar Georgia Investments-ი გეგმავდა. აზერბაიჯანულ კომპანიას ადგილზე თავისუფალი ეკონომიკური ზონა უნდა შეექმნა და კარბამიდის ქარხანა აეშენებინა. თუმცა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ აღნიშნული პროექტის განხორციელება საბოლოოდ გადაიფიქრა, 2016 წელს კი სოკარის ვალდებულებები კომპანია “ფაზის ოილმა” გადაიბარა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი მაშინ შვეიცარარიაში დაფუძნებული კომპანია სტრიმტრეიდი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები