საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 52 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს.
გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქ. ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქ. ონიდან 5 კმ-ით. პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი.
"გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებულ ტყიან ზონაში მდ. ხეურას ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მ სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. ამ დროისთვის, ინტენსიური სამუშაოები 6 ლოტზე ერთდროულად მიმდინარეობს.
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ძალიან მნიშვნელოვანია სოციალ-ეკნომიკური თვალსაზრისით. საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო (სიგრძე 111 კმ) დაახლოებით 2 საათია, ხოლო ზემო იმერეთი - რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება.
სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში.
ახალი დამაკავშირებელი გზა (აღმოსავლეთ ალტერნატივა) გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს", – განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
პროექტის საერთო სავარაუდო ღირებულება 108 500 000 ლარს შეადგენს და მისი დასრულება ეტაპობრივად, 2021 წლისთვის არის დაგეგმილი.




























