მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ეწერა ოთარ ფარცხალაძის ბოლო საჯარო დეკლარაციაში

სანქციები

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2013 წლის 30 დეკემბერს გადადგა.

ოთარ ფარცხალაძეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეკონომიკური სანქციები 2023 წლის 14 სექტემბერს დაუწესა, ამავე სანქციების სიაში მოხვდა FSB-ში ფარცხალაძის კურატორი ალექსანდრ ონიშენკო და ფარცხალაძესთან დაკავშირებული ორი კომპანია, რომლებიც რუსეთში არიან რეგისტრირებული. სახელმწიფო დეპარტამენტი ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს.

ოთარ ფარცხალაძე პოსტს მხოლოდ 47 დღის განმავლობაში იკავებდა და თანამდებობის დატოვება მოუწია ორი მნიშვნელოვანი მოვლენის - ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ბრალდებებისა და მის ახალგაზრდობაში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის - ბოტასის ქურდობის გამო.

ოთარ ფარცხალაძემ ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის თებერვალში შეავსო. ამ დეკლარაციაში ფარცხალაძემ შემდეგი შემოსავლები მიუთითა:

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური - საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე, ხელფასი 33,841 ლარი;
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური  - სამსახურის უფროსი, ხელფასი 79,907 ლარი;
  • საქართველოს მთავარი პროკურატურა - მთავარი პროკურორი, ხელფასი 11,083 ლარი.

სულ სახელფასო შემოსავალი - 124,831 ლარი.

ქონებრივ დეკლარაციაში ოთარ ფარცხალაძემ მიუთითა ერთი საცხოვრებელი სახლი თბილისში ჯანაშიას ქუჩაზე, რომლის ფართობიც 150 კვადრატულ მეტრს შეადგენდა.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, ამ პერიოდში ოთარ ფარცხალაძეს “ლიბერთი ბანკში”, “თიბისი ბანკსა” და “პროგრეს ბანკში” ჰქონდა ანგარიშები. აქედან “ლიბერთიში” სახელფასო ანგარიშზე ₾1,800 ერიცხებოდა, “თიბისიში” 28,000 ლარის დანაზოგს ინახავდა, ხოლო “პროგრეს ბანკში” 0 ლარი ჰქონდა.

რაც შეეხება ხარჯებს, ფარცხალაძემ მიუთითა 140,000 დოლარის გასავალი ჯანაშიას ქუჩაზე 150 კვადრატული მეტრის ფართის ბინის შეძენისთვის.

მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ოთარ ფარცხალაძემ საქმიანობა ბიზნესის სფეროში გააგრძელა. 2015 წლის 21 სექტემბრიდან 2016 წლის 29 ივნისამდე იგი იყო შპს „როიალ დეველოფმენთის“ (ს/კ - 405067699) პარტნიორი და 40 % წილის მესაკუთრე, ხოლო 2016 წლის 12 თებერვლიდან 11 აგვისტომდე - იმავე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორიც.

აღსანიშნავია, რომ შპს „როიალ დეველოფმენთი“, სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად, წარმოადგენდა სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის 85 მილიონ აშშ დოლარად ღირებული პროექტის თანაინვესტორს. მას შემდეგ, რაც აღნიშნული პროექტით და ზოგადად „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის კვლევით არასამთავრობო ორგანოზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დაინტერესდა, ოთარ ფარცხალაძემ აღნიშნულ შპს-ში კუთვნილი წილი გაასხვისა და დირექტორის პოზიციიდანაც გათავისუფლდა.

2016 წლის 3 მაისიდან ოთარ ფარცხალაძე გახდა „როიალ დეველოფმენთის“ შვილობილი კომპანიის - შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტი“-ს (ს/კ - 204513687) დირექტორი, ხოლო იმავე წლის 29 ივნისს 235 000 აშშ დოლარად შეისყიდა ამ კომპანიის 100 % წილი და მისი ერთპიროვნული მესაკუთრე გახდა. თუმცა, შემდგომში ამ კომპანიის წილები გაყიდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები