მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფასი შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას საგარეო კურსის ცვლილება? - ეკონომისტი მოვლენების განვითარების 2 სცენარზე

ეროვნული ბანკი

ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ინვესტორები ჩათვლიან, რომ ქვეყანაში საგარეო კურსი შეიცვალა, მაშინ „არმაგედონი“ დაიწყება. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს. ვრცელ პოსტში ეკონომისტი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის ვარდნას ეკონომიკური რეცესიის ერთ-ერთ სიმპტომს უწოდებს და იმ მოვლენებს აღწერს, რომლებიც შეიძლება მომავალში განვითარდეს.

„გუშინდელ მოვლენებს ვუწოდე სიმპტომი და ვთქვი, რომ შესაძლოა, ეს გახდეს რაღაც ცუდის დასაწყისი. შევეცდები ვრცლად აღვწერო, თუ რას ვგულისხმობ. შესაბამისად, გრძელი პოსტი გამომივა.

წინამდებარე პოსტის მიზანი იმის ჩვენებაა, რომ საგარეო კურსის ცვლილება ქვეყანას ძალზე ძვირი დაუჯდება წმინდა ეკონომიკურ ჭრილში, ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე.

ეკონომისტთა ნაწილი იმის მტკიცებას ცდილობს, რომ თითქოს რუსულ კანონს არანაირი კავშირი არა აქვს გუშინდელ მოვლენებთან. ჩემთვის გულდასაწყვეტია მათ შორის ზოგიერთი ჩემთვის ნაცნობი ექსპერტის პოზიცია, რომელთა გზავნილებშიც ამოვიკითხე დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა.

როგორც საფინანსო, ისე სავალუტო ბაზარს ქმნიან ინსტიტუციონალური მოთამაშეები და ინდივიდები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ მოლოდინებზე დაყრდნობით. შესაბამისად, გრაფიკებს თუ დიაგრამებს, რომლებიც ასახავენ წარსული პერიოდის ტრენდებს და რომელსაც აფრიალებენ სახელისუფლებო პროპაგანდისტები, არაფრის მთქმელია და ვერაფერს ამტკიცებს. მაკროეკონომიკის თეორიაში ცნობილია რ. ლუკასის კრიტიკის სახელწოდებით (დაგუგლეთ). ინსტიტუციური მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია დღეს არსებული/ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელიც გარკვეული ალბათობით, გვაძლევს მომავლის პროგნოზირების შესაძლებლობას. როგორც კი ახალი ინფორმაცია მჟღავნდება, პროგნოზი იცვლება და მოთამაშეები აკორექტირებენ საკუთარ ქცევას.

გუშინდელი მოვლენები იყო ბაზრის რეაქცია ჯიმ ო'ბრაიენის განცხადებებზე. ის, რაც აქამდე ინსტიტუციური მოთამაშეებისთვის იყო გაურკვეველი, ბუნდოვანი თუ ჩამოუყალიბებელი, გასაგები გახდა ო'ბრაიენის ვიზიტის შემდეგ. ჯიმ ო'ბრაიენი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა და წარმოადგენს თეთრი სახლის ოფიციალურ პოზიციას. მან თქვა, რომ

  1. უცხო გავლენის აგენტის კანონის მიღება, სახელისუფლებო რიტორიკა და ხელისუფლების პროტესტანტების მიმართ დამოკიდებულება განიხილება, როგორც საგარეო კურსის ცვლილება და სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან გადაიხედება
  2. საგარეო კურსის ცვლილება ძალზე ძვირი დაუჯდება ყველას, ვინც ამ პროცესში პირდაპირ, თუ ირიბად მონაწილეობს. იქნება სანქციები და მათ შორის ფინანსური სანქციები.

ხელისუფლებას სჯერა, რომ არსებობს რაღაც გლობალური ომის პარტია, რომელმაც დე ფაქტო დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი და მოჰპარა 2 მილიარდი, რომელიც დასავლეთს ანდო იმისთვის, რომ ამ უკანასკნელმა ხელისუფლება არ დათმო. ახლა, გლობალური ომის პარტია არასამთავრობოების მეშვეობით აწყობს რევოლუციას ქვეყანაში (ჯერჯერობით, ესაა ის 20%, რაც კობახიძემ გაგვიმხილა. ნუ, ობრაიანმა 10%-ით მეტი იცის).

სწორედ ამ გზავნილებს მოყვა მყისიერი რეაქცია ლონდონის საფონდო ბირჟასა და სავალუტო ბაზარზე. კერძოდ, საფონდო ბირჟაზე, ინსტიტუციურმა მოთამაშეებმა დაიწყეს სამი ჩვენი საფინანსო წარმომადგენლის ფასიანი ქაღალდების გაყიდვა. ხოლო, სავალუტო ბაზრებზე, ლარის დეპოზიტების კონვერტირება მყარ ვალუტაში.

რატომაა ეს სიმპტომი და რატომ შეიძლება რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს რაღაც ცუდში და რა არის ეს ცუდი?“, - სვამს კითხვას ეკონომისტი და მოცემულობაზე საუბრობს, რომელშიც დღეს საქართველოს ეკონომიკა იმყოფება. აკაკი ცომაია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია იმაზე დაფიქრება, თუ რა ფასს გადაიხდის ქვეყანა საგარეო კურსის ცვლილების შემთხვევაში, ამ საკითხზე საუბრისას კი ეკონომიკაში მოვლენების განვითარების 2 სცენარს გვთავაზობს, რომელსაც „არმაგედონს“ ადარებს.

„მოცემულობა: მადლობა ღმერთს, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკის ქვეყანა და გვაქვს სტაბილური ფინანსური სისტემა იმიტომ, რომ იგი გამჭვირვალეა და მასში მთლიანად დასავლური კაპიტალი მონაწილეობს. ჩვენს კომერციულ ბანკებს ყავთ მაღალი რეპუტაციის მქონე მესაკუთრეები და მაღალი რეპუტაციის მქონე პარტნიორი ბანკები დიდი ფინანსური კაპიტალით, რაც წარმოადგენს ძალზე დიდ საყრდენს ფინანსური უსაფრთხოებისთვის. სავარაუდოდ, აღნიშნული მოთამაშეები თვლიან, რომ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას არჩევნები წყვეტს.

ხოლო, თუ მათ [ინვესტორებმა] ჩათვალეს რომ საგარეო კურსი შეიცვალა, "არმაგედონი" მაშინ იწყება. დაიწყება კაპიტალის მასობრივი გადინება საფინანსო სისტემიდან. შედეგად, მოვლენები შემდეგი ორი სცენარით ვითარდება:

სცენარი 1: ხელისუფლება მოუმზადებელი შეხვდა ამ ფაქტს - დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტა გადის. რეალურ სექტორში - კრედიტი ძვირდება. პირველ დარტყმას იღებს მსხვილი ბიზნესი. კერძოდ, კარგავს წვდომას ლიკვიდურობაზე და გადარჩენის მიზნით იწყებს ოპტიმიზაციას. სამუშაო ადგილები იკარგება. უმუშევრობა იზრდება. მოთხოვნა ბაზარზე მცირდება. სხვა კომპანიათა გაყიდვები მცირდება. იწყებენ ოპტიმიზაციას და უმუშევრობა კიდევ უფრო მეტად იზრდება. ლარი უფასურდება და უფასურდება. იმპორტი ძვირდება და ძვირდება. ფასები იზრდება და იზრდება. ვექცევით ჭაობში, რასაც ეკონომიკის ენაზე რეცესიული სპირალი ეწოდება. ფინანსურ სექტორში - პანიკური შეტევა ბანკებზე და დეპოზიტების გატანა. საფინანსო ინსტიტუტების აქტივები უფასურდება. ერთადერთი, ვისაც ამ ბანკებში ფულის ჩადება და ეკონომიკური დაღმასვლის შეჩერება სურს, ყველასთვის გასაგებია, ვინაა. მტრის მიმართ ახალი ვალდებულებებით ვიღვიძებთ "რუსკი მირში".

სცენარი 2: რეალურ სექტორში ეკონომიკური დაღმასვლის პროცესი არ წავა ამ სცენარით, თუ კაპიტალის გადინებას ხელისუფლება მომზადებული დახვდება და მოიზიდავს ახალ ინსტიტუციურ მოთამაშეებს. თუმცა, საგარეო კურსის ცვლილება მიგვანიშნებს, რომ საფინანსო ინსტიტუტებს რუსკი მირის გარდა, სხვა მესაკუთრე ვერ ეყოლება.

კი, ფინანსური და სხვა სანქციების ქვეშ ბევრი მოექცევა თუ ეს დაგვამშვიდებს. თუმცა მნიშვნელოვანია იმაზე ვიფიქროთ, თუ რა ფასი შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას საგარეო კურსის ცვლილება“, - წერს ეკონომისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები