"საერთაშორისო იზოლაცია ქვეყნის ეკონომიკაზე დიდ გავლენას იქონიებს", - ამის შესახებ ეკონომისტმა, აკაკი ცომაიამ განაცხადა. როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, პოლიტიკური იზოლაციის შემთხვევაში, საქართველოდან დასავლური კაპიტალი გავა.
"ცხადია, როგორც კი იზოლაციაში აღმოვჩნდებით, ეს [კრიზისის] პერიოდი დაიწყება. ყველაზე მოწყვლადი კაპიტალია. საქართველო თვითკმარი ქვეყანა არ არის, რომელიც საქონელსა და მომსახურებას ქმნის და ყიდის. ფინანსური კაპიტალი თითქმის დასავლურია, რაც გადინებას დაიწყებს. ეს მწვავე ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს", - განაცხადა აკაკი ცომაიამ.
ეკონომისტი არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ დასავლური კაპიტალის ჩინურით ჩანაცვლებაზე იფიქროს, რაც მისივე თქმით, გარკვეულ საფრთხეებს გამოიწვევს.
"შეიძლება ვიღაცები ფიქრობენ, რომ დასავლურ კაპიტალს ჩინური ჩაანაცვლებს, თუმცა ვფიქრობ, ასეთი ტიპის მოსაზრება არასერიოზულია. თუ ჩინეთი გადაწყვეტს ამის გაკეთებას, ეს არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მოტივები იქნება. იზოლაციაში მყოფ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელება სრული სიგიჟე იქნება იქნება იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც უკუგების მიღება სურს. თუ დღეს დასავლეთისთვის საინტერესო ქვეყანა ვართ, უინტერესო გავხდებით. გამოდის, უნდა ვიოცნებოთ, როდის განვითარდება რუსეთის, ჩინეთის, ირანის ეკონომიკა, რომლის ორბიტაზეც მოვექცევით"
, - აღნიშნა ეკონომისტმა.