მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფორმით არიან ჩართულნი ქართველი ექსპერტები პოსტკრიზისული გეგმის შემუშავებაში? - გიორგი პაპავა

5f12f5685fec3
ვიქტორია მღებრიშვილი
18.07.20 15:40
1479
ჩვენ ვთანამშრომლობთ, თუმცა ჩვენ არ ვმუშაობთ პოსტკრიზისული გეგმის შედგენაზე, ეს მინდა ცალსახად ვთქვა - ამის შესახებ BM.GE-ის კვლევითი ინსტიტუტის ISET-ის წამყვანმა სპეციალისტმა გიორგი პაპავამ განუცხადა.

როგორც BM.GE-ის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს პოსტკრიზისული გეგმის შედგენის პროცესში 19 ქართველი ანალიტიკოსია ჩართული, რომელთა შორის არის გიორგი პაპავაც.

როგორც თავად პაპავა განმარტავს, სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების ანალიტიკოსები მთავრობის მხრიდან USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში დაქირავებული უცხოელი ექსპერტების პრეზენტაციების მოსასმენად იყვნენ მიწვეულნი.

„პრეზენტაციები სამი მიმართულებით იმართება: პირველი ჩატარდა ფისკალურ პოლიტიკაზე, მეორე - სექტორულ პოლიტიკაზე და მესამე ჩატარდება მონეტარულ პოლიტიკაზე. ამ სამი მიმართულებით მომზადებული პრეზენტაციების მოსასმენად და შემდგომ განხილვისთვის მოიწვიეს ქართველი ექსპერტები.

ჩვენ ვთანამშრომლობთ, თუმცა ჩვენ არ ვმუშაობთ პოსტკრიზისული გეგმის შედგენაზე, ეს მინდა ცალსახად ვთქვა. არანაირი კონტრაქტი არ გვაქვს, რომელიც დაგვავალდებულებს ამ გეგმაზე მუშაობს, თუმცა ჩართულობა სხვადასხვა დოზით სხვადასხვა ეტაპზე გვაქვს. არავინ გვიკრძალავს მოსაზრებების გაზიარებას, კომენტარის გაკეთებას, ან განხილვის დროს კონკრეტულ თემაზე დისკუსიაში შესვლას.

ჩემი მონაწილეობა ამ პრეზენტაციაზე შემოიფარგლებოდა იმით, რომ მოვისმინე ეს წარდგენა და შემდეგ როგორც პრეზენტატორების, ასევე ამ შეხვედრის დამსწრეებისთვის განხილვა. ჩვენი მონაწილეობა არის ეს“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

BM.GE-ს კითხვაზე - ხომ არ არის ეს ჩართულობა ფორმალური და მთავრობა მაინც იმას ხომ არ გააკეთებს რაც უნდა, ანალიტიკოსი პასუხობს, რომ შეხვედრის დროს აზრთა გაცვლა მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ხელისუფლებას ეკუთვნის.

„მე მგონია, რომ ის უნდა დაწერონ, რასაც ხელისუფლება მიიჩნევს სწორად, ანუ მე მგონია, რომ მთავრობამ მაქსიმალურად უნდა მოისმინოს სხვადასხვა წყაროები, კვლევები, მათ შორის კარგია, რომ USAID-ი და სხვა დონორი ორგანიზაციები ეხმარებიან ამაში, თუმცა საქართველოში არის ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და ა.შ. და ვთვლი, რომ კარგია, როდესაც ისინი აზრს კითხულობენ და ბოლოს მაინც იმას გააკეთებენ, რასაც სწორად მიიჩნევენ, მათ შორის ჩვენი რეკომენდაციებით თუ გააკეთებენ იდეალური იქნება.

ვატყობ, რომ კონკრეტულ ადამიანებს მთავრობაში აქვთ ინტერესი, რომ მოისმინონ სხვების აზრი და ეს ინტერესი გულწრფელია. 

ის, რომ ჩვენ 1 ან 3 ადამიანს დავიქირავებთ და ისინი პოსტკრიზისულ გეგმას შეიმუშავებენ, ამის მოლოდინი არც უნდა გვქონდეს. ჩართულობაც უნდა იყოს მათ შორის ადგილობრივის, უცხოელის... თუკი ვინმეს შეიძლება აზრი მოეკითხებოდეს“, - განმარტა ISET-ის წამყვანმა ანალიტიკოსმა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო შეხვედრაზე რამე თარიღი თუ, როდის იქნება პოსტკრიზისული გეგმა, არ გაჟღერებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები