მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გააკეთა პარლამენტმა EU-ს რეკომენდაციების შესრულებისთვის? - შალვა პაპუაშვილის ანგარიში

63e3689327dbd
BM.GE
08.02.23 13:13
589
2022 წელი ისტორიული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რამაც განამტკიცა საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტმა უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით არსებული პროგრესის შესახებ.


„2022 წელი ისტორიული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩაერთო ევროკომისიის მიერ ქვეყნის შესაფასებლად საჭირო კითხვარის შევსება. მთავრობის სწორი პოლიტიკური კოორდინაციის და ასობით საჯარო მოხელის დაუღალავი შრომის შედეგად, მომზადდა ცხრა ტომიანი მაღალი ხარისხის ნაშრომი, რომელიც 3600 გვერდს მოიცავდა. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა საჯარო მოხელეს, პარლამენტის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის.

2022 წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რამაც განამტკიცა საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ. პარლამენტი უძღვებოდა ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესს დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. საერთო ჯამში, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტმა მიიღო 82 კანონი.

საქართველოს პარლამენტმა უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში. დეტალურად მოგახსენებთ თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით არსებული პროგრესის შესახებ.

რეკომენდაცია N1 - დეპოლარიზაცია

ხშირად გვესმის, რომ პოლარიზაცია არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. შესაძლოა ეს ასეა. თუმცა, პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, რომელშიც საქართველოზე ნაკლები პოლარიზაციაა. რეალობა კი ის არის, რომ პოლარიზაცია თანამედროვე პოლიტიკის ახალ ნორმად, პოლიტიკური კონკურენციის ახალ ფორმად იქცა. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, როდესაც საქართველოს გულშემატკივრობასთან ერთად, რიგ შემთხვევაში ამ ტერმინით საქართველოს სტიგმატიზების მცდელობებიც იკითხება. სინამდვილეში ქართული პოლიტიკის პრობლემას არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაცია წარმოადგენს. ეს არის ის რეალური გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნებს, არ აღიარებენ დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმაციას, და საბოლოო ჯამში, არ აღიარებენ დემოკრატიას. ამის ყველაზე კარგი მტკიცებულა ის ცარიელი სკამებია, რომელსაც დღეს ჩვენ, ჩვენი სტუმრები და საქართველოს საზოგადოება ამ დარბაზში ხედავს.

ამ სიტუაციიდან არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი - დერადიკალიზაცია, ანუ რადიკალური ჯგუფების მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების აღიარება და რადიკალური დღის წესრიგის უარყოფა. ამის მიღწევის ერთადერთი გზა კი დემოკრატიული ჩარჩოდან გასული ჯგუფების მიმართ მტკიცე და არაორაზროვანი პოზიციის დაკავებაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

რეკომენდაცია N2 - სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, გავაუმჯობესეთ ინტერპელაციის, მინისტრის საათის, საკომიტეტო მოსმენების, თემატური მოკვლევების, პარლამენტის წევრთა კითხვების, ანგარიშვალდებული უწყებების მოსმენის მარეგულირებელი ნორმები.

მათ შორის აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან გაორმაგდა ინტერპელაციის დღეების რიცხვი. მინისტრებს დაეკისრათ ვალდებულება პარლამენტში გამოსვლამდე 5 დღით ადრე წარმოადგინონ წერილობითი ანგარიში, რათა პარლამენტის წევრები უკეთ მოემზადონ მინისტრის საათისთვის. პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შემცირდა 15 დღიდან 10 დღემდე. ცვლილებების საფუძველზე გაძლიერდა სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულება და შესაბამისად, საპარლამენტო კონტროლი. ხაზგასასმელია, რომ ცვლილებები შემუშავდა და საბოლოო ჯამში მიღებულ იქნა ფართო მრავალპარტიული მონაწილეობითა და მხარდაჭერით.

ასევე ფართო მრავალპარტიული მონაწილეობითა და თითქმის სრული კონსესუსით მიიღო პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი. საარჩევნო ცვლილებები ითვალისწინებს სიახლეებს ელექტრონული ტექნოლოგიების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პარტიის დაფინანსების, საჩივრების, ადმინისტრაციული რესურსების, ხმების გადათვლისა და დამკვირვებლების მიმართულებებით. ცვლილებები განხორციელდა, როგორც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის, ისე გრეკოს რეკომენდაციების გათვალისწინებით. სულ ახლახან პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილების საფუძველზე, ცესკომ დაამტკიცა ის საარჩევნო უბნები, რომლებზეც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული მთვლელის გამოყენებით ჩატარდება. შედეგად ამომრჩევლების 90% ხმას სწორედ ასეთ უბნებში მისცემს, რაც ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა.

რეკომენდაცია N3 - სასამართლო რეფორმა

იურიდიული კომიტეტის კოორდინაციით განხორციელდა განვლილი სასამართლო რეფორმების, ისევე როგორც ამ რეფორმების პროცესში ვენეციის კომისიისგან და ეუთო/ოდირისგან მიღებული შესრულებული თუ შეუსრულებელი რეკომენდაციების ანალიზი. ამ ანალიზის შედეგად შეიქმნა დოკუმენტი „ქართული მართლმსაჯულების ინსტიტუციური განვითარება 2013-2021 წლებში“. ამ დოკუმენტზე დაყრდნობით კი კომიტეტმა შეიმუშავა სასამართლო რეფორმის ახალი სტრატეგია და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. სხვა საკითხებთან ერთად, ინიცირებული პროექტის შედეგად:

- დგინდება სასამართლოს გადაწყვეტილებების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი;

- იცვლება რაიონული და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის კონკურსის წესით დანიშვნის წესი და ის უთანაბრდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევის წესს.

პროექტზე ამჟამად მზადდება ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის საექსპერტო დასკვნა, რომლის მიღებისთანავე პარლამენტი განაახლებს ამ რეფორმაზე მუშაობას.

სამწუხაროდ, კვლავ ღიად რჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის არჩევის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში გაიმართა 31 კანდიდატის საკომიტეტო მოსმენა, პოლიტიკურმა პარტიებმა კომპრომისულ კანდიდატზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამ საკითხზე დიალოგი 2023 წლის საგაზაფხულო სესიაზე კვლავ გაგრძელდება.

 რეკომენდაცია N4 - ანტი-კორუფციული სააგენტოს გაძლიერება.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გავაძლიერეთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობები. საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე გაზრდილი უფლებამოსილებების პირობების გათვალისწინებით, გაიზარდა ორივე სამსახურის ბიუჯეტი, საშტატო რიცხოვნობა და რეგიონული დაფარვა. ორივე სამსახურის განსაკუთრებული მონდომების და შრომის დამსახურებაა, რომ ამ სფეროში განხორციელებული რეფორმის მიმართ თავდაპირველი ნაჩქარევი სკეპტიციზმი არ გამართლდა და დღეს, რეფორმის შედეგად, გვაქვს პერსონალური მონაცემების დაცვის უფრო ეფექტიანი ზედამხედველობა და მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაულის უფრო ეფექტიანი გამოძიება.

შევქმენით ანტიკორუფციული ბიურო, რომლის მთავარი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და კორუფციის პრევენცია იქნება. ამასთანავე, თავდაპირველი რედაქციისგან განსხვავებით, ოპოზიციის აქტიური ჩართულობით მნიშვნელოვნად გაფართოვდა ბიუროს ფუნქციები. ბიურო პასუხისმგებელი იქნება საჯარო მოხელეთა ქონების დეკლარაციების მონიტორინგზე, ინფორმატორების დაცვის გაუმჯობესებაზე, პარტიების დაფინანსების მონიტორინგზე, ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაციაზე.

რეკომენდაცია N 5 - დე-ოლიგარქიზაცია

უკრაინის გამოცდილებაზე დაყრდნობით შევიმუშავეთ და ორი მოსმენით მივიღეთ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი, რომელიც სამართლებრივი დასკვნისთვის, გადაეგზავნა ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს. კანონპროექტის საბოლოო მიღება პარლამენტში იგეგმება სამართლებრივი დასკვნის მიღების შემდეგ.

რეკომენდაცია N 6 - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შეიქმნა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოამზადა გამოვლენილი ხარვეზების სიღრმისეული შეფასება, მასზე დაყრდნობით კი შეიმუშავა 2023-2024 წლების გეგმა, რომელიც 76 აქტივობას მოიცავს. კომიტეტმა უკვე დაიწყო ამ გეგმის შესრულების მონიტორინგი.

რეკომენდაცია N 7 დამოუკიდებელი მედია გარემო.

პროფესიონალური, დამოუკიდებელი და პლურალისტული მედია გარემოს ხელშეწყობის მიზნით, მივიღეთ ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომლითაც დავნერგეთ ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედია სერვისების დირექტივით (AVMSD) გათვალისწინებული საუკეთესო ევროპული სტანდარტი. აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მრავალწლიან ვალდებულებას, რომლის პროექტიც 2018 წელს შემუშავდა, თუმცა წლების განმავლობაში ყოვნდებოდა მისი მიღება.

რეკომენდაცია N 8 - მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარმოუდგინა „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის პროექტი 2022-2030 წლებისთვის. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში აღნიშნული კონცეფციის განხილვა უკვე დაწყებულია და საგაზაფხულო სესიის განმავლობაში დამტკიცდება.

რეკომენდაცია N 9 - გენდერული თანასწორობა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა

გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებისთვის, პირველად პარლამენტის ისტორიაში, დავნერგეთ გენდერული ზეგავლენის შეფასების ინსტრუმენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათს დაემატება პუნქტი გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც აქცენტირებული იქნება გენდერული ნიშნით მოსალოდნელ სავარაუდო გავლენებზე. კრიზისული ცენტრის მომსახურებებით სარგებლობის საჭიროებისას, გავამარტივეთ სახელმწიფო სერვისებზე წვდომა. ძალადობის მსხვერპლთათვის მხარდაჭერის სერვისებით მარტივად და შეუფერხებლად სარგებლობას უზრუნველსაყოფად, გავაუქმეთ მსხვერპლის სტატუსის არსებობის წინაპირობა. ფართო მრავალპარტიული მხარდაჭერით მივიღეთ გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია.

რეკომენდაცია N 10 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა

ევროკავშირის მე-10 რეკომენდაციის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პარლამენტმა უზრუნველყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლების ჩართულობა ყველა საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში. მსურს, ეროვნული პლატფორმისა და მისი წევრებისადმი მადლიერება გამოვხატო, სამუშაო პროცესში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მაქვს მოლოდინი, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.


რეკომენდაცია N 11 - საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება

საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აქტიურად გათვალისწინების ხელშესაწყობის მექანიზმები. ამ საკითხზე მუშაობა როგორც სახალხო დამცველის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ჩართულობით მიმდინარეობდა. ხაზგასასმელია, რომ ეს ცვლილებები სრული კონსენსუსით იქნა მიღებული.


რეკომენდაცია N 12 - სახალხო დამცველის არჩევა

სამწუხაროდ, სახალხო დამცველის არჩევის პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. პარტიები ვერ შეთანხმდნენ კანდიდატზე, რომელიც კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერის მიღებას შეძლებდა. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო პარტიების მხრიდან საკუთარი ამომრჩევლების წინაშე პასუხისმგებლობის სრულად გააზრების პირობებში, სახალხო დამცველის კანდიდატზე შეთანხმება შესაძლებელია.“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები