ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
FED-ის კომიტეტის განცხადებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი ისევ 4.5%-იან ნიშნულზე შენარჩუნდება.
უწყების ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკას და ბაზარზე შექმნილ გაურკვევლობას, სავარაუდოდ, აშშ-ის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა ექნება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფედერალურმა რეზერვმა 2025 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.7%-მდე შეამცირა, ნაცვლად დეკემბერში განსაზღვრული 2.1%-ისა.
FED-ს ნეგატიური მოლოდინები აქვს ინფლაციასთან დაკავშირებითაც, რადგან როგორც პაუელი აღნიშნავს, წელს ინფლაცია, დიდი ალბათობით, არც 3%-ის ფარგლებში იქნება და არც 2%-ის, რაც სწორედ სატარიფო რეჟიმის შედეგად გაზრდილი ფასებით იქნება განპირობებული.
მოკლევადიანი გაურკვევლობის და გაზრდილი რისკების მიუხედავად, როგორც ჩანს, ფედერალური რეზერვი ქვეყნის ეკონომიკურ სიჯანსაღეს პოზიტიურად აფასებს და როგორც პაუელი აღნიშნავს, კორპორაციული სექტორი ისევ შესანიშნავ ფორმაშია, რაც FED-ს აძლევს იმის საშუალებას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ-ის ეკონომიკასთან დაკავშირებით პოზიტიური პროგნოზი შეინარჩუნოს.
FED-ის ხელმძღვანელის განცხადება ინვესტორებმა საკმაოდ პოზიტიურად მიიღეს, რადგან მისი სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე წუთში მკვეთრად გაიზარდა მსხვილი ამერიკული კომპანიების აქციების შეფასება. ძირითადმა საფონდო ინდექსებმა საშუალოდ 1.5%-იანი ზრდა დააფიქსირეს, განსაკუთრებით კარგი შედეგი კი ტექნოლოგიური კომპანიებს ჰქონდათ.
ამასთან, აღმასვლის დინამიკა დაფიქსირდა კრიპტოინდუსტრიასთან მიმართებითაც, რომლის საერთო კაპიტალიზაცია $2.8 ტრილიონამდე გაიზარდა, ბიტკოინმა და ეთერიუმმა კი საშუალოდ 3.5%-იანი ზრდა აჩვენეს.
რაც არ უნდა უცნაური იყოს, ეკონომიკური რისკების ზრდის სიახლე პოზიტიურად მიიღეს ოქროს ინვესტორებმა, რადგან პაუელის განცხადების ფონზე, ოქროს ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და უნცია მეტალის შეფასებამ 3,060 დოლარს მიაღწია.
საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ FED-ის გადაწყვეტილება და პაუელის განცხადება ინვესტორებმა პოზიტიურად მიიღეს.