საქართველოს მთავრობის მეთაური ტურიზმში გასული წლისა და 2024 წლის პირველი კვარტალის შედეგებით კმაყოფილია. როგორც მის წლიურ ანგარიშში წერია „ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ხასიათდება“.
28 ივნისს პარლამენტის წინაშე 1-წლიანი ანგარიშის წარდგენისას, რაც 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს, ირაკლი კობახიძე ტურიზმის განვითარებაზეც ისაუბრებს და იმ სტატისტიკას წარმოადგენს, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. ანგარიშში ასევე ჩამოთვლილია ის აქტივობები, რომელიც გასული წლის ივნისიდან მაისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა. თუმცა ბიუჯეტისა და მიღებული შედეგების შესახებ საუბარი არ არის.
ანგარიშის მიხედვით, მარკეტინგული აქტივობების ხარისხიანი და მრავალფეროვანი შეთავაზებების ფორმირების მიზნით, საანგარიშო პერიოდში შემდეგი ღონისძიებები გატარდა:
- საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის, პოპულარიზაციის მიზნით, განხორციელდა ინტეგრირებული კამპანია საერთაშორისო პლატფორმაზე − Bloomberg;
- განხორციელდა ინტეგრირებული პიარ და მარკეტინგული კამპანია − KPNR გერმანიაში. კამპანიის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები ისეთ ტუროპერატორებსა და გამოცემებთან, როგორებიც არის: TUI, DVR, Berliner Zeitung, Der Tagesspiegel, Frankfurter Allgemeine Zeitung, Falstaff, Globetrotter და სხვა;
- ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ითანამშრომლა მსოფლიოში ერთ-ერთ მსხვილ სამოგზაურო პლატფორმასთან − Skyscanner-თან;
- ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო პლატფორმაზე − Expedia 2023 წლის ზამთრის ტურისტული სეზონის მარკეტინგული კამპანია განახორციელა;
- მარკეტინგული კამპანიის − The Hollywood Reporter-ის ფარგლებში ამერიკულ ჟურნალში ფილმის − „მოქალაქე წმინდანის“ შესახებ რეკლამა განთავსდა და ხელი შეეწყო მის პოპულარიზაციას;
- ხორციელდება მარკეტინგული კამპანია − Treasures of Georgia, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ეწვივნენ ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი − Bettany Hughes და მისი გადამღები ჯგუფი. აღნიშნულის ფარგლებში მომზადდა ერთსაათიანი დოკუმენტური მასალა საქართველოს შესახებ − „Treasures of Georgia“, რომელიც გაშუქდა ბრიტანულ ტელევიზიაში − „Channel 4“ და სოციალურ არხებზე;
- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო საერთაშორისო გამოფენებს: Top Resa − საფრანგეთი, TT Warsaw − პოლონეთი, WTM London − დიდი ბრიტანეთი, MATKA − ფინეთი, FITUR − ესპანეთი, New York Travel and Adventure Show − აშშ, BaltTour − ლატვია, Health Tourism Expo − გერმანია, EMITT − თურქეთი, Satte India Expo Market − ინდოეთი, ITB Berlin 2024 − გერმანია, KITF 2024 − ყაზახეთი, ATM Dubai − არაბთა გაერთიანებული საამიროები, Riyadh Travel Fair − საუდის არაბეთი;
- ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024, სადაც საქართველო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი;
- განხორციელდა 63 პრესტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა მიზნობრივი ქვეყნიდან მოწვეულმა 304-ამდე მედიის წარმომადგენელმა და შედგა 9 გაცნობითი ტური 102 ტუროპერატორისთვის. ასევე განხორციელდა ციფრული ღონისძიება − „Traverse Winter Edition 2024“, სადაც მონაწილეობა მიიღო 150-ამდე ინფლუენსერმა;
- საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, განხორციელდა ქვეყნის გაცნობითი ღონისძიება და B2B შეხვედრები სკანდინავიის ქვეყნებში, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქ. დუბაიში. ამასთან, საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ მონაწილეობა მიიღო შემდეგ ღონისძიებებში: m&i Summer Limassol; Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) Congress; M&I Lake Como; Kingdom Business Luxury Travel Congress; IBTM Barcelona 2023; ICCA-ს რიგით 62-ე საერთაშორისო კონფერენცია; ასევე ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ მონაწილეობა მიიღო შემდეგ გამოფენებსა და საერთაშორისო ღონისძიებებში: MCE Central & Eastern Europe; Luxury Travel Mart; Meetings Arabia Luxury Travel Mart; Pure Meetings and Events; Amour Forum Sardinia; Destination Wedding Planners Congress Zimbabwe; IMEX Frankfurt. ასევე, ქვეყნის გაცნობითი პრეზენტაცია და B2B შეხვედრა ჩატარდა თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. სტამბოლში. 2023 წელს საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობებისა და პოტენციური დამკვეთების მოზიდვის მიზნით, გაიმართა ღონისძიება − „Discover Georgia powered by m&i“. ფორუმის ფარგლებში საქართველოს ეწვია 55 ღონისძიების დამკვეთი ე.წ. „ბაიერი“;
- ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების დონის გაუმჯობესების მიზნით, გადამზადდა 2500-ამდე ადამიანი 10 სხვადასხვა თემატიკაში;
- განხორციელდა 11 პრესტური, 1 ფოტოტური, 3 გასტრონომიული ტური და ასევე ჩატარდა შედმეგი ფესტივალები: „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“, „ჯაზ&ვაინი“ − კახეთი, „წინანდლის ღვინის ფესტივალი“ − კახეთი, „ჭაჭის ფესტივალი“ − კახეთი, „ზამთრის სეზონის გახსნა“ − გუდაური, „გემო ფესტი“ − სვანეთი, ქუთაისი, „გიზგიზი“ − გუდაური, სვანეთი, ბაკურიანი;
- ღვინის გზის პროექტში ჩაერთო 28 ახალი ობიექტი. ასევე მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია 23 ახალი საოჯახო მარნისა და საწარმოსთვის, რომელთათვისაც საგზაო მანიშნებლები დამონტაჟდება 2024 წლის ბოლომდე;
- ქვეყნის სამთო-საფეხმავლო ბილიკების ქსელს დაემატა 10 ახალი ბილიკი სამეგრელო - ზემო სვანეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში, ჯამური სიგრძით − 185 კმ;
- ტურიზმის ინდუსტრიის მდგრადი განვითარების, მომსახურების დონის გაზრდისა და ევროპარლამენტის დირექტივასთან ჰარმონიზაციისთვის, მიმდინარეობდა მუშაობა ტურიზმის საკანონმდებლო ბაზის ფორმირებაზე, რომლის შედეგად საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „ტურიზმის შესახებ“;
- 2023 წლის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის გადაწყვეტილებით, 2024 წელს საქართველო უმასპინძლებს ისეთ გამორჩეულ ღონისძიებას ტურიზმის გლობალური სექტორისთვის, როგორიცაა მსოფლიო ტურიზმის დღე, რომლის მთავარ თემატიკას წარმოადგენს „ტურიზმი და მშვიდობა“. ღონისძიების ფარგლებში, ქვეყანა უმასპინძლებს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის წამყვან ლიდერებს და კიდევ ერთხელ მოექცევა საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის ეპიცენტრში;
- 2023 წლის განმავლობაში, გაფორმდა ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება და მემორანდუმები ისრაელის სახელმწიფოსთან, დომინიკის რესპუბლიკასთან, გვატემალასა და შრი-ლანკასთან. თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატი წარმოადგენს პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარების, მათთან დარგის ფარგლებში ურთიერთობების გაღრმავებისა და ვიზიტორთა ნაკადების შემდგომი ზრდის შესანიშნავ საფუძველს.