დღეს პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი დანიშნა. BMG დაინტერესდა, ვინ არის და რა გამოცდილება აქვს საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს.
დარჩიაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი.
კერძოდ, 2003-2004 წლებში დარჩიაშვილი "ბანკი რესპუბლიკას" ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ოფიცერი იყო. 2004-2006 წლებში ამავე ბანკის ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსი, ხოლო 2006-2012 ბანკის ფილიალის მმართველი.
2012-2014 წლებში დარჩიაშვილი მუშაობდა საქართველოს საელჩოში პოლონეთში. 2014-2015 საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე იყო, შემდეგ კი დირექტორი გახდა.
2015-2016 წლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა, ასევე იყო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
2017-2021 წლებში იყო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში, ხოლო 2021 წლიდან დღემდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
ცნობისთვის, უკვე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა.




























