მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევებია ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სექტორში? - გიორგი გულიაშვილის განმარტება

ვეისთლესი

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მესამე თავი საქართველოში ნარჩენების მართვის ეფექტური სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. აღნიშნული ვალდებულების შესაბამისად კი, 2015 წლიდან, ქვეყანაში ნარჩენების მართვის კოდექსი ამოქმედდა, რომელმაც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპი შემოიღო.

საკითხზე, რატომ არის მნიშვნელოვანი ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სისტემების ქონა და რა შედეგები გვაქვს ამ მიმართულებით, BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში, რუბრიკა #საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე-ს ფარგლებში, ასოციაცია “ვეისთლესის” თავმჯდომარე, გიორგი გულიაშვილი საუბრობს.

“ასოცირების ხელშეკრულებით, ჩვენი ნაკისრი ვალდებულებაა, რომ ჩვენი კანონმდებლობა ევროპულთან ჰარმონიზაციაში მოვიყვანოთ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროკავშირში მწვანე შეთანხმებას მოაწერეს ხელი, გარემოსდაცვით საკითხებს უფრო მეტი ყურადღება ეთმობათ, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ კი, ჩვენგან უფრო მეტს ელიან. გასაკეთებელი ჯერ ისევ ბევრი გვაქვს, თუმცა რაც გაკეთდა, შთამბეჭდავი და აღსანიშნავია.

ნარჩენების შეგროვება გასულ წელს პირველად დავიწყეთ და საკმაოდ დიდ რაოდენობებზე ავედით. მაგალითისთვის, შევაგროვეთ 5 000 ტონა საბურავი, 3 000 ტონამდე ზეთი და ა.შ. წელს კიდევ უფრო მეტს ველოდებით, რადგან I კვარტალში შედეგები გაცილებით უკეთესი გვაქვს, შესაბამისად, პროგნოზიც ოპტიმისტურია”, - ამბობს გიორგი გულიაშვილი.

მისივე თქმით, ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სექტორში, მთავარი გამოწვევა დაბალი ცნობიერებაა, რაც წლიდან წლამდე კერძო სექტორში უმჯობესდება.

“ძირითადი გამოწვევა ცნობიერების დაბალი დონე და კანონის აღსრულებაა. როდესაც გარემოსდაცვით სტანდარტებზე, უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, არაფორმალურ სექტორს ეს სტანდარტები, ძირითადად, არ გააჩნიათ. თუ კანონის აღსრულება სათანადო დონეზე მოხდება, ჩვენც საქმიანობა უფრო გაგვიადვილდება. უკვე ვცდილობთ, არაფორმალური სექტორის წარმომადგენლები ჩავრთოთ სისტემაში და ჩვენს საქმიანობაში, რაც მეტ-ნაკლებად გამოგვდის.

ვფიქრობ, ბიზნესი ახალი რეგლამენტების მისაღებად მზად არის, თუმცა კანონის აღსრულებამ აჩვენა, რომ იმ ნედლეულის გადასამუშავებლად, რომელიც შევაგროვეთ, აქ არსებული საწარმოთა სიმძლავრე საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ სიმძლავრეებს გავზრდით”, - ამბობს გულიაშვილი.

“ვეისთლესის” ხელმძღვანელი ასევე განმარტავს, რომ გამოწვევა სხვადასხვა ტიპის ნარჩენის გადამუშავებისთვის საჭირო სისტემების არარსებობაა. მისი თქმით, ბატარეების და ელექტრომოწყობილობების სხვა ძირითადი კომპონენტების, ასევე მეორეული ზეთის გადამუშავება არა საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ, ევროპის მასშტაბით ხდება.

გიორგი გულიაშვილის თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოში კვლავ ორი რეგლამენტია დასანერგი, საიდანაც ერთ-ერთი მიმდინარე წელს ამოქმედდება, მეორეს, ანუ ეკომეგობრული შეფუთვის შესახებ რეგლამენტის შესახებ კი მხარეები ვერ თანხმდებიან.

“პროცესი გრძელდება. ორი ტექნიკური რეგლამენტი გვაქვს მისაღები. ერთი პროდუქტის შეფუთვას ეხება, მეორე კი მწყობრიდან გამოსულ ავტომობილებს. როგორც ვიცით, მეორე რეგლამენტი ძალაში წელს შევა, ყველა უწყებასთან ის უკვე შეთანხმებულია.

შეფუთვების რეგლამენტი განხილვის პროცესშია და აქ შეთანხმება ვერ მოხდა. მართალია, თავად კომპანიები მზად არიან ამისთვის და უკვე დიდი ხანია ემზადებიან, რადგან თავადაც ხვდებიან, რომ შეფუთვის თუ პლასტმასის გადამუშავებას ღირებულება მათთვისაც აქვს”, - აცხადებს გიორგი გულიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები