„ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებები შედის. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვისა და მისი ეფექტიანი აღსრულების მიზნით, საჯარიმო სანქციები შემოდის. "ნარჩენების მართვის კოდექსში" ცვლილებების პროექტის მიღების შედეგად მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევებისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დადგინდება.
მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვის საკითხზე, ნარჩენების მართვის ბიზნესის ასოციაციის დირექტორმა გიორგი გულიაშვილმა BMG-ს გადაცემა „ბიზნეს კვირეულში“ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ქვეყანაში სეპარირებული შეგროვების სისტემა არ არსებობს, შესაბამისად ჯაჭვის არ არსებობის გამო ნედლეულზე წვდომა არასაკმარისია და სრულად დატვირთვა ვერ ხდება.
გიორგი გულიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ნარჩენების გადამუშავების კუთხით, დონორებისა და USAID-ის პროგრამის მეშვეობით სექტორი ვითარდება, ფართოვდება და უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს. თუმცა, გადამმუშავებელ საწარმოებს ნედლეულის მოპოვება კერძო ბიზნესთან გარიგებებით ან საპილოტე პროექტების საშუალებით უწევთ.
„ნედლეული მუდმივად არ არის, რადგან სისტემა და მიწოდების ჯაჭვი არ არსებობს. შესაბამისად, ნარჩენების მართვა ქვეყანაში ეპიზოდურია. თუმცა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შემოტანის შედეგად, დავინახავთ, რომ ნედლეული გაჩნდება, მაგრამ ამ ნედლეულის გადამმუშავებელი სიმძლავრეები საკმარისი არ იქნება. მიუხედავად ამისა, ნედლეულის არსებობა კომპანიებს სტიმულს მისცემს, რომ საწარმოს განვითარების კუთხით მეტი ინვესტიცია განახორციელონ.
ამჟამად, ქვეყანას დაახლოებით 25 000 ტონა ნედლეულის გადამუშავების პოტენციალი აქვს, მაგრამ ნედლეული არ არის. ამიტომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება შეფუთვის ნარჩენებზე მიბმაა საჭირო, რაც მთელ მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მოდელია.
აღნიშნული მოდელის დანერგვა ქვეყნისთვის უფრო მასშტაბური იქნება, რადგან სერიოზული სისტემის მოწყობას გულისხმობს, რომელიც სექტორულად ყველა მიმართულებით ჩართულობას საჭიროებს. მუნიციპალურ ნარჩენს მუნიციპალიტეტი მართავს, შესაბამისად, აუცილებელია მათ სეპარირებული შეგროვების სისტემა დანერგონ, სადაც მუნიციპალიტეტისა და ბიზნესის თანამშრომლობის ჯაჭვია ასაწყობი“, - აცხადებს გულიაშვილი.
მისივე ცნობით, ევროკავშირში ნარჩენების გადამუშავება ყველაზე დიდი რაოდენობით ხდება. კონკრეტულად ბელგიაში, ნარჩენების 92%-ის მუშავდება. ბალტიისპირა ქვეყნები კი ამ მიმართულებით წინ არიან წასული და ვითარდებიან.
ნარჩენების მართვის ბიზნესის ასოციაციის დირექტორის შეფასებით, ბიზნესი უკვე გრძნობს პასუხისმგებლობას, რადგან ნარჩენების მართვა ყველასათვის გამოწვევაა. განსაკუთრებით, დიდი რაოდენობით გროვდება პლასტმასა, რომლის გადაუმუშავებლობის შემთხვევაში საფრთხე ექმნება როგორც გარემოს, ამასთან ნიავდება ნედლეული, რომლისგანაც უამრავი ახალი ნივთის წარმოებაა შესაძლებელი.
ცნობისთვის, ბოლო ინფორმაციით, შესაფუთი ნარჩენების მართვის რეგლამენტი 2024 წლის პირველ კვარტალში უნდა ამოქმედდეს.