თბილისის თიზ-ის მფლობელი კომპანია „ზოტი ჰოლდინგის“ მმართველი პარტნიორი, სოსო ნიბლაძე ამბობს, რომ საგადასახადო კანონმდებლობის ნაწილში კვლავ არის გამოწვევები, რომლებიც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში მოქნილობას და განვითარების ტემპს აფერხებს.
როგორც სოსო ნიბლაძემ BMG-სთან აღნიშნა, ერთ-ერთი ასეთი საკითხი თიზ-ში საქართველოდან სამშენებლო მასალების და სხვა პროდუქტების შეტანის 4%-ით დაბეგვრაა. მისი განმარტებით, ეს ზედმეტი ხარჯია, რომელიც სტიმულს უჩენს თიზ-ის კომპანიებს, მასალები უცხოეთიდან შემოიტანონ.
„მიმდინარე გამოწვევები გვაქვს, რომლებიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არაა დარეგულირებული საგადასახადო კანონმდებლობით. არის გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც ხელს არ უწყობს პროცესების უფრო სწრაფ რეჟიმში განვითარებას. თუნდაც იმ კუთხით, რომ სამშენებლო მასალების და ნედლეულის საქართველოდან შეტანა 4%-ით იბეგრება, ეს აბსოლუტურად ზედმეტი ხარჯია და გამართლებული არაა არანაირი ლოგიკით. თუ თიზ-ებში ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა გვინდა, ეს დამატებითი 4%-იანი ზეწოლა არანაირ კომფორტს არ აძლევთ კომპანიებს და პირიქით, იმის სტიმულს უჩენს, რომ საქართველოში ყიდვის ნაცვლად, უცხოეთიდან შემოიტანონ სამშენებლო მასალა. კარგი იქნებოდა, სამშენებლო მასალის თიზ-ში შეტანა არ იბეგრებოდეს. ვთვლი, რომ ამას სახელმწიფომ სწორი შეფასება და შესაბამისი რეაგირება უნდა მისცეს“,- ამბობს სოსო ნიბლაძე.
მისივე შეფასებით, კიდევ ერთი გამოწვევა დღგ-ს ჩათვლას უკავშირდება, ვინაიდან, როდესაც თიზ-ის კომპანია სერვისს ქართული კომპანიისგან იღებს დღგ-ის ჩათვლა არ ხდება.
„ასევე არის დღგ-ის საკითხი, ქართული კომპანიები თუ სერვისს იღებენ და დღგ-ს კომპონენტი ჩათვლადია, ჩვენს შემთხვევაში, დღგ-ის ჩათვლა არ ხდება, რაც დამატებითი ხარჯია. ვერ ვიტყოდი, რომ ამ ყველაფერს გარდამტეხი, მძიმე ეფექტი აქვს და ბიზნესის წინსვლას ბლოკავს, თუმცა ეს შეზღუდვები რომ არ იყოს და უშუალოდ ამ კუთხით უფრო პარიტეტულ მდგომარეობაში ვიყოთ, ბევრად მეტი მოქნილობა და სისწრაფე იქნებოდა“,- ამბობს სოსო ნიბლაძე.
აღნიშნული საკითხების გადაჭრაში სახელმწიფოს ჩართულობასთან დაკავშირებით, „ზოტი ჰოლდინგის“ მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული არაა.
„აქტიური კოორდინაცია გვაქვს ეკონომიკის სამინისტროსთან, ხდება კომუნიკაცია ფინანსთა სამინისტროსთანაც, რაღაც დონეზე არის მზაობა, რომ წინ წავწიოთ ეს საკითხები, თუმცა კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, ცვლილების ინიცირების კუთხით, ჯერჯერობით არ ყოფილა“,- განმარტავს ნიბლაძე.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) არის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის სახეობა, სადაც დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ თიზ-ში საქართველოდან საქონლის შეტანა განიხილება, როგორც ექსპორტი. საქართველოდან თიზ-სთვის პროდუქციის მიწოდება 4%-ით იბეგრება, მაშინ, როდესაც საზღვარგარეთიდან თიზ-ში იმპორტი გადასახადისგან გათავისუფლებულია. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა იღებს. ამ დროისთვის, საქართველოში 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფუნქციონირებს.