"მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის" თანადამფუძნებელი მირანდა ესაკია "საქმიან დილაში" სტუმრობისას აცხადებს, რომ პრობლემები, რომელსაც მთის კურორტები გასულ წელს აწყდებოდა, დღემდე არ მოგვარებულა.
"აქამდე, ყველა სამთავრობო უწყებას არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით წერილებს ვწერდით, პირადადაც ვხვდებოდით და ასე ვაცნობდით პრობლემებს, თუმცა, დღემდე არაფერი არ შეცვლილა.
ერთადერთი რაც შეიცვალა არის ის, რომ ერთი თვის წინ ვიცე-პრემიერმა მოაწყო შეხვედრა ბიზნესსა და სამთავრობო უწყებასთან და მოგვეცა საშუალება ყველას წინაშე იმ პრობლემებზე გვესაუბრა, რომელზედაც აქამდე ვსაუბრობდით, ვიცე-პრემიერმა მოგვცა დაპირება, რომ პრობლემების უმეტესობას წელსვე მოაგვარებს და ველოდებით.
შეიძლება ოფისში პრობლემის მოგვარების დაგეგმარება მიმდინარეობს, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით პრობლემებზე მუშაობა არ დაწყებულა", - განაცხადა მან.
მირანდა ესაკიამ მთის კურორტების რამდენიმე მთავარი პრობლემებიც დაასახელა.
"ყველაზე დიდი პრობლემა არის ჩვენი 500 მეტრიანი გზა, რომელიც გასაკეთებელია. თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში გუდაური სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს და ჩვენი გზა ჯერ კიდევ არ არის დაგებული. ამასთან, არ გვაქვს ამბულატორია, არ გვყავს პედიატრი და საჭირო სამედიცინო კადრი, აღსანიშნავია ისიც, რომ 112-ში ინგლისური არავინ არ იცის, მაშველები, რომლებიც ადგილზე მოდიან, არ ფლობენ ინგლისურ და სხვა უცხო ენას, შესაბამისად, ამ მხრივ, კადრების გადამზადების დიდი პრობლემაა", - დასძინა მან.
“მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის” თანადამფუძნებელი მიმდინარე წლის სეზონის მოლოდინებზეც საუბრობს, მისი თქმით, ისრაელ-ჰამასის ომის გამო, საახალწლო ჯავშნები გაუარესებულია, ვინაიდან მომხმარებლების 11% ისრაელი ტურისტები იყვნენ.
"ფასების კუთხით, სექტორში დიდი ცვლილება არ მომხდარა, რაც გასულ წელს იყო, იმავე საფასო პოლიტიკა გვაქვს, რაც შეეხება საახალწლო ჯავშნებს - ძალიან ცუდი სიტუაციაა. მომხმარებლის დაახლოებით 11% ისრაელიდან იყო და ახლა ეს ჯავშნები აღარ გვაქვს, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ თოვლის მოსვლის შემდეგ ამ დანაკარგს სხვა ქვეყნები შეავსებენ. ჩვენი მომხმარებლის 20% დუბაიდან და საუდის არაბეთის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან არიან", - თქვა მირანდა ესაკიამ.