მთის კურორტებზე მდებარე ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები მიმდინარე სეზონის განმავლობაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ. გუდაურის რეალობას კრიტიკულად აფასებენ „მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციაში“.
როგორც ორგანიზაციის და კაფე “მთვრალი ალუბლის” თანადამფუძნებელი, მირანდა ესაკია bm.ge-სთან ამბობს, სათხილამურო სეზონის გახსნას კურორტი დაგვიანებულად შეხვდა, ხოლო სასრიალო ტრასებზე არსებული პრობლემები, ჯერაც მოუგვარებელია. მთავარ გამოწვევად მირანდა ესაკია კურორტებზე არსებული საპატრულო დანაყოფების, ე.წ. “სკი პატრულის” არარსებობას ასახელებს, რაც მისი თქმით, უსაფრთხოების პრობლემებს წარმოშობს და დამსვენებელს საფრთხის წინაშე აყენებს.
„კურორტი აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა სათხილამურო სეზონის დაწყებას. ჯერ დააგვიანეს გახსნა, რასაც მცირე ნალექს აბრალებდნენ. არ მუშაობდა გათოვლიანების სისტემა, რომელიც ახლაც არ მუშაობს. არ მუშავდება არც ერთი სათხილამურო ტრასა. ტრასებზე ქვები ყრია, რომელიც ზაფხულში უნდა ალაგდეს.
ამის გამო, ბიზნესს პრობლემები ექმნება. ტურისტები იმ ადამიანებს სთხოვენ თანხის დაბრუნებას, რომლებიც სათხილამურო ინვენტარს აქირავებენ.
უფრო დიდი გამოწვევა, რის წინაშეც კურორტი დგას, სათხილამურო ტრასებზე Ski პატრულის არ არსებობაა. რაც სეზონი გაიხსნა, იმ დღიდან კურორტზე SKI პატრული არ ჩამოსულა. ტრასებზე უკონტროლოდ გადაადგილდება თოვლმავალი ტრანსპორტი, ისინი საფრთხეს უქმნიან ადამიანებს. ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც დამსვენებელს შეჯახებიან და სხვადასხვა მოტეხილობით კლინიკაში გადაგვიყვანია.
ჩვენ მივმართავთ გუდაურის მენეჯმენტს, მაგრამ ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყვება. მათი ერთადერთი პასუხია, რომ ელოდებიან SKI პატრულის ჩამოსვლას", - განაცხადა მირანდა ესაკიამ.
მისივე თქმით, შექმნილი ვითარება სამომავლო ჯავშნებზეც უარყოფითად აისახება, ვინაიდან ტურისტი ნახულობს წინასწარ ინფორმაციას და გუდაურში ჩასვლისგან თავს შეიკავებს.
Bm.ge შსს-ში არკვევს Ski პატრულის საკითხს და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.