მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევებია თხილის სექტორში? - ISET-ის მიმოხილვა

6401c66fc176c
ვიქტორია მღებრიშვილი
03.03.23 14:33
981
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი საქართველოს თხილის სექტორის მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც დარგის წარსული ტენდენციები და მომავლის პერსპექტივებია განხილული.

მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სექტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ადგილობრივი მწარმოებლები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არსებობს როგორც წარმოების ზრდის, ისე ხარისხის გაუმჯობესების პოტენციალი, რამაც შესაძლოა საქართველოს ამ სექტორში მოწინავე პოზიცია დაუმკვიდროს.

ISET-ის კვლევით ინსტიტუტში იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს გამოყოფენ, რომელიც ქვეყანაში მეთხილეობის დარგში არსებობს. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს საქართველო თხილის TOP-ექსპორტიორ ქვეყნებს შორის თურქეთის, იტალიის, ჩილეს და აშშ-ის შემდეგ მეხუთე ადგილს იკავებდა, რაც თხილის სექტორის მყარ პოზიციაზე მიუთითებს. თუმცა სფეროში არასტაბილური წარმოება მეთხილეობის მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის დასახელებული.

„თხილის სექტორში ყველაზე კრიტიკულ გამოწვევებს შორისაა სამუშაო ძალის დეფიციტი, საშრობი და შესანახი საშუალებების ნაკლებობა, მელიორაციასთან (უმეტესად დრენაჟთან) დაკავშირებული სირთულეები, მექანიზაციის სერვისების დაბალი ხელმისაწვდომობა, ფინანსებზე დაბალი ხელმისაწვდომობა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ცოდნის ნაკლებობა, ნდობის ნაკლებობა ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეებს შორის, საკონტრაქტო ურთიერთობისა (Contract Farming) და კოოპერაციის ნაკლებობა (ISET Policy Institute, 2018).

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული გამოწვევა მნიშვნელოვანია, დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით აღსანიშნავია სამუშაო ძალის დეფიციტი, საშრობი და შესანახი საშუალებების არარსებობა და ნაკლებად განვითარებული სადრენაჟო სისტემები“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ავტორებს თითოეული გამოწვევაა განხილული და იქვე გადაჭრის გზებია წარმოდგენილი:

სამუშაო ძალის დეფიციტი: მოსავლის აღების პერიოდში თხილის მკრეფავთა ნაკლებობაა. დღიური ანაზღაურების გაზრდის მიუხედავად, სამუშაო ძალის დეფიციტი მაინც აღინიშნება – თხილის ზოგიერთ მწარმოებელს სამუშაო ძალის ჩამოყვანა საქართველოს სხვა რეგიონებიდან უწევს, რაც წარმოების ხარჯებს ზრდის. მუშების ნაწილს მუშაობა თურქეთში ურჩევნია, სადაც თხილის წარმოებისა და სამუშაოს უფრო დიდი მოცულობის გამო მათ მეტის გამომუშავება შეუძლიათ. ამ საკითხის პოტენციური გადაწყვეტა მოიცავს: მუშებისათვის უფრო მაღალი ანაზღაურების შეთავაზებას ან სამუშაო ძალის ტექნიკით ჩანაცვლებას. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ალტერნატივა მწარმოებლებისაგან დამატებით ხარჯებს მოითხოვს, კოოპერაციამ, შესაძლოა, თითოეულ ფერმერს ხარჯები შეუმციროს. მაგალითად, ფერმერებმა შესაძლოა ერთობლივად შეიძინონ საჭირო ტექნიკა.

საშრობი დანადგარებისა და შემნახველი ობიექტების ნაკლებობა: საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA) მონაცემებით, ამჟამად თხილის საშრობი შვიდი ობიექტი არსებობს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნას. შენახვის არასათანადო პირობები გადაჭარბებულ ტენიანობას იწვევს, რაც თავის მხრივ, თხილის ლპობას , დაავადებას და ჭიებს (ISET Policy Institute, 2018) იწვევს. ამიტომ საჭიროა ახალი, თანამედროვე საშრობი და შემნახველი ობიექტების გახსნა. ამ გამოწვევის გადაჭრის ერთ-ერთი გზაა, რომ GHGA-მ უხელმძღვანელოს საინვესტიციო სტრატეგიისა და დონორებთან და პოტენციურ კერძო ინვესტორებთან კომუნიკაციის გეგმის შემუშავებას საშრობ და შემნახველ ობიექტებში ინვესტიციების მოსაზიდად.

ნაკლებად განვითარებული სადრენაჟო სისტემები: მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ირიგაციის საჭიროება დგას, დასავლეთში ხშირად ხელოვნური დრენაჟია საჭირო. საქართველოს 2017-2025 წლების ირიგაციის სტრატეგიის მიხედვით, საქართველოს მთავრობა 2025 წლისთვის 100,000 ჰა-ის დრენაჟს გეგმავს (Georgian Amelioration, 2017). თუმცა აღნიშნული შედეგის მიღწევა ნაკლებსავარაუდოა რადგან, უპირველესად, არ იქნა მიღებული შესაბამისი კანონი წყლის რესურსების მართვის შესახებ და საქართველოს მელიორაციას (GA), რომელიც პასუხისმგებელია ირიგაციასა და დრენაჟზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, არ შეუძლია ფერმერებს დააკისროს შესაბამისი საფასურის გადახდა სადრენაჟო მომსახურებისათვის. საფასურის დაკისრება ვერ ხდება იმიტომ, რომ არ არსებობს სანიაღვრე გადასახადების გადახდის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი – მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მელიორაცია ფლობს სადრენაჟო ქსელებს და პასუხისმგებელია სატუმბ ხარჯებზე. მეორე მხრივ, თავად სტრატეგია, ძირითადად, ირიგაციაზეა ფოკუსირებული და დრენაჟის საკითხს მხოლოდ შეზღუდულად ფარავს. ამ გამოწვევების გათვალისწინებით, 2021 წელს საქართველოს მთავრობამ შეამცირა მიზნობრივი მაჩვენებლები და გამოაცხადა, რომ 75,000 ჰა მიწის დრენაჟი 2030 წლისთვის განხორციელდება. დრენირებული ფართობის გაზრდის მიზნით რეკომენდებულია წყლის რესურსების მართვის ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზის შექმნა.

საქართველოს თხილის სექტორის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2022 წელი დარგისთვის უამინდობის გამო რთული აღმოჩნდა, რამაც წარმოება შეამცირა. საქართველოს მთავრობამ კი თხილის წარმოების მხარდასაჭერად ახალი პროგრამა დაიწყო, რისთვისაც 20 მლნ ლარი გამოყო. პროგრამა სუბსიდირების გზით თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას და თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საშუალებების ბაღების მესაკუთრეებისა და მეწარმეთა წახალისებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები