მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევების წინაშე დგას ადგილობრივი ჩირის წარმოება? – „ბებოს ჩირის“ მოსაზრება

6411cd6923843
სალომე ხიდურელი
15.03.23 17:39
929
ჩირების, ცუკატებისა და კონსერვების ადგილობრივი საწარმო, რომელიც დუშეთის მაღალმთიან სოფელში მდებარეობს, სამი წელია ბაზარზე გამოჩნდა. როგორც „ბებოს ჩირის“ დამფუძნებელი ქეთევან ჯინიაშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, ჩირის წარმოება რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას.

მისი თქმით, კოვიდპანდემიის პერიოდში ჩირეულსა და საკონსერვო პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნა დღესდღეობით განელებულია.

„კოვიდის პერიოდში ჩირის პოპულარობა ძალიან გაიზარდა, გაჩნდა მაღალი მოთხოვნა, რადგან მაშინ აგიტაციაც გაზრდილი იყო და დაარსების პირველ წელს ბევრად უფრო მაღალი აქტივობა გვქონდა, ვიდრე წელს. ვფიქრობ, მთელი დარგი, მცირე და დიდი მეწარმეები, დროს ვკარგავთ, მომხმარებელს ინფორმაციას აღარ ვაწვდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ჩირი, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. იმის გამო, რომ ქართული წარმოების სათანადო პიარი არ ხდება, ვკარგავთ იმ პოტენციალს, რომელიც პანდემიამ მოგვცა“, - ამბობს ქეთევან ჯინიაშვილი.

გარდა ამისა, როგორც „ბებოს ჩირის“ დამფუძნებელი გვიყვება, საქართველოს გარკვეულ რეგიონებში ჩირის წარმოებისათვის საჭირო ინვესტიციების მოძიება პრობლემური საკითხია.

„სამი წლის წინ „ბებოს ჩირი“ საკუთარი 15 000 ლარიანი ინვესტიციით დავიწყე, შემდეგ წარმადობა ორჯერ გავზარდეთ, ასევე საკუთარი ხარჯებით. კიდევ მინდა, საწარმო კუთხით განვითარება და დახვეწა. უცნაურია, მაგრამ თურმე საწარმო ცუდ რეგიონში გვაქვს. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როცა რომელიმე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება მინდოდა და რეალური შანსიც მქონდა, დაფინანსება მომეპოვებინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ დუშეთის რაიონი და კონკრეტულად ჩვენი სოფელი პროგრამაში საერთოდ ვერ ხვდება. ასეთი 3-4 შემთხვევა გვქონდა, ინვესტიცია კი - არსაიდან. არადა, ამ საქმიანობაში დაფინანსებაზე უარს ვერ იტყვი, რადგან საკუთარი სახსრებით განვითარება ძალიან რთულია, სფეროს კი წინსვლა სჭირდება“, - ამბობს ქეთევან ჯინიაშვილი.

ცნობისთვის, „ბებოს ჩირი“ 100-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს, რომელთა ფასებიც 15-დან 120-ლარამდე მერყეობს. ჩირეულის, ცუკატების, წვენებისა და კონსერვების შეძენა მათი სოციალური ქსელების საშუალებით ან არჩილ ცაგარელის 34/36 ნომერში, ბრენდულ მაღაზიაში, შეგიძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები