მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოში ბიზნეს-ტურიზმი? – BTL Georgia-ს წარმომადგენლის მოსაზრება

64ad5fbb0c2f0
სალომე ხიდურელი
16.07.23 19:20
721
საქმიანი ან ბიზნეს ტურიზმი საერთაშორისო მოგზაურობის ისეთი ფორმაა, რომელსაც, დასვენების გარდა, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიზნებიც აქვს. ასეთი სახის ტურისტული ვიზიტის დროს დამსვენებლები ტრადიციული ტურიზმისგან განსხვავებულ განთავსების ადგილებსა და მარშრუტებს ირჩევენ. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმიანი ტიპის მოგზაურობა, ყველაზე ხშირად, არატურისტულ სეზონებზე იგეგმება, მაშინ, როცა მუშაობა ყველაზე აქტიურ ფაზაშია. გარდა ამისა, ბიზნეს-ტურიზმი ყველაზე განვითარებული სწორედ ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოებშია.

საკითხზე, თუ რამდენად მზარდია საქართველოში საქმიანი ტურიზმი და რა პოტენციალი აქვს ქვეყანას, ღირსეულად დახვდეს ბიზნეს-ვიზიტის ფარგლებში ჩამოსულ კომპანიებს, BMGTV-ს გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში BTL Georgia-ს წარმომადგენელი გურამ ავალიანი საუბრობს.

„საქართველოში საქმიანი ტურიზმი ორი გამოწვევის წინაშე დგას. პირველი, რა თქმა უნდა, არის პირდაპირი ფრენების ნაკლებობა. საქმიანი ტურიზმი დასავლური ეკონომიკური სისტემის ყველაზე აქტიური მახასიათებელია და პირდაპირი ფრენების ნაკლებობის პირობებში, ამ ქვეყნების შემოყვანა ძალიან რთულია.

მეორე გამოწვევა, რასაც ყველაზე ხშირად ვაწყდებით, ეს არის დასავლეთში გავრცელებული არასწორი ინფორმაცია. უკრაინა-რუსეთში მიმდინარე მოვლენები ავტომატურად ასოცირდება მათთვის საქართველოსთან და რეგიონის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“, - ამბობს გურამ ავალიანი.

მისი თქმით, გარდა ამ პრობლემებისა, ასევე გამოწვევაა უკვე ჩამოსული საქმიანი ტურისტებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შეთავაზებაც.

„ამის არაჩვეულებრივი მაგალითი ქუთაისია, სადაც ყველაზე მეტი პირდაპირი ფრენა ხორციელდება, მაგრამ, ამის მიუხედავად, არ აქვს საკონფერენციო სივრცეები და არც ერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სასტუმროთა ქსელი არ არის წარმოდგენილი, რაც დიდი ღონისძიებების გამართვის საშუალებას მოგვცემდა“, - ამბობს ავალიანი და დასძენს, რომ ამ მხრივ ნაკლებად პრობლემურია თბილისი და ბათუმი, სადაც საქმიანი ტურისტის მიღების პოტენციალი გაცილებით მაღალია.

რაც შეეხება ქვეყნის უპირატესობებს, მიიღოს დასავლეთიდან ჩამოსული ბიზნესსექტორი, ავალიანის თქმით, ასეთი საქართველოს მრავალფეროვნებაა: „ძალიან ბევრი მიმზიდველი მიმართულება გვაქვს - კულტურა, სამზარეულო, სტუმარმასპინძლობა... ლოკაციებიც, თავისი არსით, უნიკალურია და მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზების შანსებს იძლევა“.

როგორც გურამ ავალიანი აღნიშნავს, საქართველოზე, როგორც საქმიანი ტურიზმის მიმართულებაზე, დასავლეთის ქვეყნებიდან მოთხოვნის სიმცირეს ისიც განაპირობებს, რომ აქ მოგზაურობა ხშირად გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე კონკურენტ საბერძნეთში, თურქეთსა და, განსაკუთრებით, მონტენეგროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები