მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა განაპირობებს საქართველოში თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების დაბალ პოპულარობას მწეველებში?

640ed0d732b8e
გიორგი მჟავანაძე
13.03.23 11:30
837
სტატია დაწერილია თამბაქოს ზიანის შემცირების სტიპენდიის პროგრამის (THRSP) ფარგლებში.

2022 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველოში 779,400 მწეველია (ზრდასრული მოსახლეობის 27.9%), აქედან ყოველდღიურად სიგარეტს ეწევა 738,500 ადამიანი (26.4%), ხოლო 40,900 ადამიანი (1.5%) სიგარეტს ეწევა უფრო იშვიათად. 2021 წელს იდენტური მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველოში სიგარეტის მწეველთა წილი ზრდასრულ მოსახლეობაში 24.2% იყო, ხოლო არაყოველდღიური მწეველების - 2.9%.

ასევე, იმის მიუხედავად რომ თამბაქოს ალტერნატიული პროდუქცია გაცილებით უფრო ნაკლებ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, მათი პოპულარობა საქართველოში ტრადიციულ სიგარეტზე ბევრად დაბალია. ელექტრონული სიგარეტის ყოველდღიური მომხმარებელთა რიცხვი 40,700-ია (ზრდასრული მოსახლეობის 1.5%), ხოლო გასახურებელი თამბაქოს - 28,900 (1%).

რა განაპირობებს საქართველოში თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების დაბალ პოპულარობას მწეველებში?

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ ქართული მომხმარებლისთვის ეს პროდუქცია შედარებით ახალია. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ელექტრონული სიგარეტი როგორც ტერმინი და როგორც პროდუქციის სახეობა 2017 წლის ივლისში, ხოლო გასახურებელი თამბაქო 2019 წლის ოქტომბერში გაჩნდა. ასევე, გასახურებელი თამბაქოს ოფიციალურად საქართველოს ბაზარზე 2020 წლის ივლისში შემოვიდა. ეს პროდუქცია ძირითადად დედაქალაქში და დიდ ქალაქებში იყიდება, რაც აისახება მათი მოხმარების გეოგრაფიულ კონცენტრაციაზეც. კვლევის მიხედვით, სასოფლო დასახლებებში ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 0.4% მოიხმარს ელექტრონულ სიგარეტს, გასახურებელი თამბაქოს კი საერთოდ არავინ მოიხმარს.

ამავდროულად, უნდა აღინიშნოს რომ სხვა ქვეყნებში თამბაქოს ალტერნატიულმა პროდუქტებმა ბაზარზე შესვლიდან 5-10 წელიწადში დიდი პოპულარობა მოიპოვეს მწეველებში, რაც ტრადიციული სიგარეტის მოწევის გავრცელების მკვეთრ შემცირებაში აისახა. ამის წარმატებული მაგალითებია იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

საქართველოში თამბაქოს ალტერნატიული პროდუქციის შედარებით დაბალი მოხმარების მიზეზი ვერ იქნება საკანონმდებლო ჩარჩო. 2018 წელს მიღებული თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი მეტწილად ერთნაირად არეგულირებს როგორც სტანდარტული თამბაქოს ასევე მისი ალტერნატივების მოხმარებას, რეალიზაციას და რეკლამას. კანონის მიმდინარე ვერსიაში 2 ძირითადი განსხვავება გვხვდება:

1. სამედიცინო გაფრთხილება. კანონი ნაკლებად მკაცრ მოთხოვნებს უწესებს გასახურებელი თამბაქოს პროდუქციას სტანდარტული თამბაქოს პროდუქციასთან შედარებით შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილების ზომებთან დაკავშირებით. ელექტრონული სიგარეტის შემთხვევაში კი სამედიცინო გაფრთხილება (შესაბამისი საინფორმაციო ფურცელი) უნდა იყოს მოთავსებული არა თავად პროდუქტზე ან მის შეფუთვაზე, არამედ პროდუქციის შეფუთვაში.
ასევე, 2025 წლის 1 იანვრამდე გასახურებელი თამბაქოს შეფუთვაზე არ არის აუცილებელი გრაფიკული სამედიცინო გაფრთხილების (პიქტოგრამის) განთავსება; ელექტრონული სიგარეტი კი ამ ვალდებულებისგან საერთოდ განთავისუფლებულია.

2. შეფუთვის სტანდარტიზაცია. თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის ან/და განლაგების ვალდებულება სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს შემთხვევაში ძალაში შედის 2024 წლის 1 ივლისს, ხოლო ელექტრონული სიგარეტი ამ ვალდებულებისგან განთავისუფლებულია.

შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არსებული საკანონმდებლო ჩარჩო ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით უფრო ლიბერალურად (თუმცა უმნიშვნელოდ) არეგულირებს თამბაქოს ახალ ალტერნატივებს.

რაც შეეხება საგადასახადო პოლიტიკას,საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გასახურებელი თამბაქოს შემთხვევაში აქციზის განაკვეთი უტოლდება ტრადიციულ სიგარეტზე არსებულ აქციზს, რომელიც ერთ კოლოფზე (20 ღერი) არის 1.7 ლარისა და საცალო სარეალიზაციო ფასის 30%-ის ჯამი. ელექტრონული სიგარეტის შემთხვევაში აქციზით იბეგრება ამ პროდუქტისთვის განკუთვნილი სითხეები და განაკვეთი შეადგენს 0.2 ლარს სითხის 1 მილილიტრზე. ამავდროულად, ელექტრონული სიგარეტის 1 მილილიტრი სითხე არის დაახლოებით 2-10 ტრადიციული სიგარეტის ღერის ექვივალენტი (ეს თანაფარდობა დამოკიდებულია სითხეში ნიკოტინის შემცველობაზე). ამის გათვალისწინებით, აქციზის განაკვეთი ელექტრონული სიგარეტისთვის განკუთვნილ სითხეებზე ტრადიციული სიგარეტის 20 ღერიან შეფუთვაზე გადაანგარიშებით მერყეობს 0.4-2 ლარის ფარგლებში.

ერთი შეხედვით, საგადასახადო პოლიტიკა მნიშვნელოვნად არ განასხვავებს ტრადიციულ სიგარეტს და მის ალტერნატივებს. თუმცა, შედარებითი რისკის გათვალისწინებით (იხ. სტატია), გასახურებელი თამბაქო და ელექტრონული სიგარეტის პროდუქცია გაცილებით მკაცრად იბეგრება, ვიდრე ტრადიციული სიგარეტი. ამას ემატება გასახურებელი თამბაქოს ან ელექტრონული სიგარეტის მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის შეძენის მაღალი ხარჯი. ასეთი ფიქსირებული ხარჯი, ტრადიციული სიგარეტის შემთხვევაში მომხმარებელს უბრალოდ არ არსებობს. შესაბამისად, მწეველებს არ გააჩნია ტრადიციული სიგარეტის ნაკლებად საზიანო ალტერნატივებით ჩანაცვლების ფინანსური სტიმული ან/და შესაძლებლობა. ამაზე მიუთითებს ის სტიატისტიკაც, რომ ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო საქართველოს სასოფლო დასახლებებში, სადაც შემოსავლების დონე შედარებით დაბალია, გაცილებით ნაკლებად პოპულარულია ვიდრე თბილისში და სხვა ქალაქებში.

2022 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ტრადიციული სიგარეტის მწეველთა 39.6%-ისთვის (მაღალი) ფასი ნეგატიურად მოქმედებს მათ გადაწყვეტილებაზე გადაერთონ ელექტრონული სიგარეტის მოხმარებაზე, აქედან 13.2% ამბობს რომ ელექტრონული სიგარეტის ფასი ასეთი არჩევანის გაკეთების მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორია. თუმცა, ამავდროულად, მწეველთა 60.2%-ისთვის ელექტრონული სიგარეტის ფასი არ განსაზღვრავს მათ გადაწყვეტილებას მოიხმარონ ტრადიციული თუ ელექტრონული სიგარეტი.

საერთაშორისო ლიტერატურის მიხედვით ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს მწეველის გადაწყვეტილებაზე გააგრძელოს ტრადიციული სიგარეტის მოწევა თუ ჩაანაცვლოს ის თამბაქოს ალტერნატიული პროდუქციის მოხმარებით, არის თუ როგორ აღიქვამს ის თანამდევ შედარებით რისკებს. საქართველოში, 2022 წლის კვლევის მიხედვით, მწეველთა 32.8%-ს გააჩნია მცდარი შეხედულება რომ ელექტრონული სიგარეტის მოხმარება უფრო საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ვიდრე ტრადიციული სიგარეტის მოწევა. მწეველთა მხოლოდ 13.5% ფიქრობს საპირისპიროდ, ხოლო დანარჩენ 53.7%-ს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული აზრი არ გააჩნია.

საქართველოში არსებული მცდარი შეხედულებები თამბაქოს ალტერნატიული პროდუქციის შედარებით რისკებზე შეიძლება იყოს გამოწვეული ინფორმაციის ნაკლებობით ან/და პოლიტიკის გამტარებლების მიერ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებით. ასე, მაგალითად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი პერიოდულად ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ისეთივე მავნებელია როგორც ტრადიციული სიგარეტის მოწევა და ელექტრონული სიგარეტი არ ეხმარება მწეველებს თამბაქოზე თავის დანებებაში. მსგავსი ინფორმაცია, ეფუძნება მოძველებულ კვლევებს, რომლებშიც არასაკმარისი მონაცემების ან/და დაკვირვების ხანგრძლივობის გამო მიზეზშედეგობრივი კავშირები არ არის ბოლომდე შესწავლილი.

ამავდროულად, როგორც ჩვენს წინა სტატიაში არის მიმოხილული, ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად:

• ელექტრონული სიგარეტის და თამბაქოს სხვა ახალი ალტერნატივების მოხმარება გაცილებით ნაკლებ რისკიანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ტრადიციული სიგარეტის მოწევა;
• ელექტრონული სიგარეტის გამოყენება მოწევისთვის თავის დანებებისთვის დაახლოებით 2-ჯერ ზრდის დანებების ალბათობას;
• ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ძირითადად შეინიშნება იმ ახალგაზრდებში, რომლებსაც აქვთ ტრადიციული სიგარეტის მომხმარებლების მსგავსი მახასიათებლები. შესაბამისად, ელექტრონული სიგარეტი არის მათთვის ტრადიციული სიგარეტის ჩამნაცვლებელი და არა მოწევის დაწყების მასტიმულირებელი.

2021 და 2022 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები (სიგარეტის მწეველეთა წილის ზრდა) მიუთითებს იმაზე რომ 2017-2019 წლებში თმბაქოს კონტროლის მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო და საგადასახადო ცვლილებების ეფექტი მოწევის შემცირებაზე ამოიწურა.

2019 წლიდან თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შესულა, ხოლო საგადასახადო პოლიტიკა საერთოდ არ შეცვლილა. მოწევის გავრცელების შემდგომი შემცირებისთვის აუცილებელია ახალი ნაბიჯების გადადგმა. აქედან, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებელია იყოს ტრადიციული თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის გადასახადის ზრდა, რაც მწეველებისთვის შექმნის ფინანსურ სტიმულებს გადაერთონ ნაკლებად საზიანო ალტერნატივებზე.

ასევე, არანაკლებად მნიშვნელოვანია, საქართველოში თამბაქოს ალტერნატიული პროდუექტების და მათ მოხმარებასთან დაკავშირებული შედარებითი რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მეცნიერებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება მწეველებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები