მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა განსაზღვრავს გლობალური სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების მომდევნო დეკადას? - 500 Global

500 Global

სტარტაპ-ეკოსისტემა ყოველწლიურად ვითარდება, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში და
ამის დასტურად გამოდგება არამხოლოდ სტარტაპების რაოდენობა, არამედ ის ფინანსური რესურსი, რომლის მოძიებასაც ეს კომპანიები ახერხებენ. ამ მხრივ, შეგვიძლია გამოვარჩიოთ, როგორც ინდივიდუალური ინვესტორები, მსხვილი საერთაშორისო ფონდები და კორპორაციები, ასევე სახელმწიფო სააგენტოები და ვენჩურული ფონდები, რომლებიც, სტარტაპების დამფუძნებლებს არამხოლოდ ფინანსური რესურსითა და კონტაქტებით ეხმარებიან, არამედ მათ ინკუბაციისა და აქსელერაციის გავლაში, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მასშტაბირებასა და ზრდაში ეხმარებიან.

ერთ-ერთი გლობალური ვენჩურული ფონდი, რომელიც სტარტაპებს მრავალმხრივად ეხმარება - სილიკონ-ველიზე დაფუძნებული 500 Global-ია, რომლის სააქსელერაციო პროგრამა, სხვათა შორის, საქართველოშიც იმართება საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, იგივე GITA-სთან თანამშრომლობით იმართება.

თუმცა, დღევანდელი საქმიანი საღამოს ეს სეგმენტი ეხება არა უშუალოდ 500 Global-ის ქართულ დანაყოფს, არამედ მის სათავო ოფისს, რომელმაც, ეს-ესაა გლობალური სტარტაპ-ეკოსისტემის კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც მნიშვნელოვანი აქცენტი განვითარებად ქვეყნებზე გაკეთდა. თუმცა სანამ ამ ქვეყნების და მათი სტარტაპ ეკოსისტემების შესახებ საინტერესო დეტალებს მოგიყვებით, რამდენიმე მნიშვნელოვან სტატისტიკურ მონაცემს გაგიზიარებთ.

500Global-ის უახლესი კვლევის თანახმად, ინტერნეტს მსოფლიოში 14 მილიარდ 400 მილიონი მოწყობილობა იყენებს, რაც, ცხადია, პიკური მაჩვენებელია, რადგან ინტერნეტის პენეტრაცია, წლებთან ერთად მხოლოდ იზრდება. საერთო ჯამში, 2015 წლის შემდეგ, ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 22%-ით იზრდება, რაც შესაშური მაჩვენებელია ნებისმიერი ინდუსტრიისთვის.

მართალია, მომდევნო წლებში 500 Global-ი ამ სექტორის ზრდის ტემპის შენელებას ვარაუდობს, მაგრამ საშუალოდ 15%-ით მაინც უნდა გაიზარდოს. ამგვარად, 2025 წლის პროგნოზით, ინტერნეტთან კავშირი 22 მილიარდ 200 მილიონი მოწყობილობას იქნება.

ინტერნეტის შესახებ ტყუილად არ მომიყოლია, რადგან სწორედ ის იყო ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სილიკონ ველის განვითარების კატალიზატორი. ამასთან, სწორედ ინტერნეტს უნდა ვუმადლოდეთ, როგორც სტარტაპ-ეკოსისტემის და აქსელერატორების განვითარებას, ასევე ტექნოლოგიური გიგანტების შექმნასა და განვითარებას.

ამ მხრივ, 500 Global-ი სამი კატეგორიის კომპანიებს ასახელებს და ამბობს, რომ მომდევნო წლების ტექნოლოგიური ზრდა, სწორედ მათ მიერ ინტერნეტის არსებული და ახალი მომხმარებლებისთვის შეთავაზებული პროდუქტებსა და სერვისებზე იქნება დამოკიდებული. ეს სამი კატეგორია პროგრამულ უზრუნველყოფას, კავშირგაბმულობას და აპარატულ უზრუნველყოფას, ე.წ. Hardware-ს მოიაზრებს, რომელთაგან უდიდესი და ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი, სწორედ პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც წლიურად, საშუალოდ 13%-ით იზრდება. 2023 წლის 1-ელი ნახევრის მონაცემებით, ამ სექტორის საბაზრო კაპიტალიზაცია 15.5 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

თუმცა კიდევ ერთი დეტალი, რომელსაც 500 Global-ში სტარტაპ-ეკოსისტემის გლობალურ ზრდას მიაწერენ, განვითარებულ და განვითარებად სახელმწიფოებს უკავშირდება. ამ მხრივ, ორგანიზაციამ 30 სახელმწიფო გამოყო, რომლებიც მისი აზრით, ზრდაში უდიდეს წვლილს შეიტანს. თუ მაღალშემოსავლიან ქვეყნებს შორის, მაგალითად, ნორვეგიას, ირლანდიას, სინგაპურს, ავსტრალიასა და ისრაელს ვხვდებით, განვითარებადი სახელმწიფოების ჩამონათვალში მალაიზია, თურქეთი, მექსიკა, ყაზახეთი და ტაილანდი მოხვდნენ.

გლობალური სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებისთვის შემდეგი ათწლეულისთვის კონკრეტულად ამ ოცდაათი სახელმწიფოს დასახელებას რამდენიმე მიზეზი აქვს. საქმე ისაა, რომ 2027 წლისთვის, ეს სახელმწიფოები ამერიკასა და ჩინეთს, ანუ მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას გადაუსწრებენ არამხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ჯამური მაჩვენებლით, არამედ მოსახლეობით, ეკონომიკური ზრდის ტემპით, ახალგაზრდების რაოდენობით, სოციალურობითა და ურთიერთკავშირით.

ამასთან, 500 Global-ი ამ 30 ქვეყნის ნაკლოვანებებსაც ასახელებს, მაგრამ, როგორც ვიცით, ბიზნესისთვის, ნაკლი - შესაძლებლობაა. ასე რომ ის ფაქტი, რომ ზემოხსენებულ 30 ქვეყანაში ელექტრონული კომერცია, ფინტექი და ვენჩურული კაპიტალის ბაზარი ნაკლებადაა განვითარებული, სწორედ ზრდის შესაძლებლობის მანიშნებელია.

შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა, მოხვდა თუ არა ამ ოცდაათ სახელმწიფოს შორის საქართველო? ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითია, ხოლო მიზეზებს, ალბათ, ჩვენი ეკონომიკის ზომაში უნდა ვეძებოთ. ამგვარად, ჩვენმა ქვეყანამ, სადაც 3 მილიონ 700 ათასი მოქალაქე ცხოვრობს და რომელსაც ჯერჯერობით არ ჰყავს არც ერთი იუნიქორნი, სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების კუთხით, სწორედ რეგიონულად უნდა იფიქროს. რეალურად, ეს ასეც ხდება, ასე რომ პირველი ქართული იუნიქორნის გამოჩენა, ალბათ, რამდენიმე წლის ამბავია.