"2025 წლის შემოდგომაზე, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში, საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რაც რეგიონში ყველაზე მასშტაბური ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიზიდულობის ცენტრი იქნება", - ამის შესახებ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძემ "ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ჰაბი რამდენიმე ძირითად მიმართულებას გააერთიანებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის კვლევითი კომპეტენციის ცენტრი, ასევე ინტერაქციული სამეცნიერო ტექნოლოგიური მუზეუმი, ტუმოს კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი და სხვა.
„საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი სწორედ ქუთაისში განთავსდება. ასევე, აქ იქნება საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ოფისები, რაც კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს ადგილობრივების საერთაშორისო კომპანიებში დასაქმებას. ასევე, სხვა უწყებებთანაც ძალიან კარგი პარტნიორობა გვაქვს. კერძოდ, შენობაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრი განთავსდება და ასევე, მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციასთან ერთად, საქპატენტი საერთშორისო სწავლებისა და გადამზადების ცენტრს აკეთებს, რაც ინოვაციური ეკოსისტემის და ზოგადად, სამეწარმეო ეკოსისტემის ყველა რგოლს გააერთიანებს იმისათვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ მნიშვნელოვანი ინოვაციური პროექტები განახორციელონ.
პარტნიორობა გვაქვს მსოფლიოს წამყვან მუზეუმებთან სან-ფრანცისკოდან დაწყებული კოპერნიკის მუზეუმი, ჩინური და იპონიური მუზეუმები, რომლიდანაც საქართველოსთვის საუკეთესო ექსპონატები შევარჩიეთ. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა ქართველი ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ მოსწავლეები ექსკურსიით ერთხელ მაინც მივიდნენ, ნახოს და შეიგრძნონ ტექნოლოგიური პროცესები“, - ამბობს GITA-ს თავმჯდომარე.
გარდა ამისა, კასრაძის ცნობით, ქუთაისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი უნდა განხორციელდეს. ეს არის ტუმოს კრეატიული ცენტრი, რომელიც ექსკლუზიურად სკოლის მოსწავლეებზე გათვლილი სივრცეა. ის მოსწავლეებს 10-მდე სხვადასხვა მიმართულების გაცნობასა და მომავლის პროფესიების შესწავლას შესთავაზებს. GITA-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ ქუთაისის შემდეგ, მისი გახსნა თბილისსა და ბათუმშიც არის დაგეგმილი.
საკომიტეტო მოსმენაზე ავთანდილ კასრაძემ GITA - ს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. 2025 წლიდან GITA „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის“ განხორციელებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც გამოცდილი საერთაშორისო თუ ადგილობრივი მენტორები კონკურსის შედეგად შერჩეულ სტარტაპებს 1-წლიან ინტენსიურ ტრენინგებსა და ქოუჩინგის სესიებს ჩაუტარებენ.