მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას ფრენის ტურბულენტობაზე - კვლევა

64899d0d95636
სალომე ხიდურელი
15.06.23 10:00
1313
ახალი კვლევის თანახმად, პლანეტის დათბობასთან ერთად ფრენის დროს ტურბულენტობა იზრდება. ბრიტანელმა მეცნიერებმა სუფთა ჰაერის ტურბულენტობა შეისწავლეს (Clear-air turbulence, CAT), რომელიც პილოტებისთვის უფრო რთული ასარიდებელია.

აღმოჩნდა, რომ 1979 წლიდან 2020 წლამდე ძლიერი ტურბულენტობა ტიპურ ჩრდილოეთ ამერიკულ მარშრუტზე 55%-ით გაიზარდა. კვლევის თანახმად, ამ მაჩვენებლის ზრდა დამოკიდებულია სიმაღლეში ქარის სიჩქარის ცვლილებაზე, რასაც ნახშირბადის ემისიების მიერ გამოწვეული ცხელი ჰაერი იწვევს.

როგორც აღმოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ ტურბულენტობა ყველაზე მეტად აშშ-სა და ჩრდილო-ატლანტიკის რეგიონში გაიზარდა, შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და სამხრეთ ატლანტიკის რეგიონებშიც.

ამინდის გამო შექმნილი ტურბულენტობა თვითმფრინავის რადარებზე ჩანს, თუმცა სუფთა ჰაერის ტურბულენტობა თითქმის შეუმჩნეველია.
ტურბულენტური ფრენები არა მხოლოდ არაკომფორტულია, არამედ ზოგჯერ მგზავრების დაზიანებასაც იწვევს. მწვავე ტურბულენცია იშვიათია, თუმცა, რადგან სუფთა ჰაერის ტურბულენტობა რადარზე არ ჩანს, მგზავრები ხშირად ხვდებიან მას ღვედების გარეშე.

ტურბულენტობის ზრდას ფინანსური ზარალიც მოსდევს. საავიაციო ინდუსტრია ტურბულენციის გამო ყოველწლიურად $150-დან $500 მილიონამდე კარგავს, რაშიც თვითმფრინავის შეკეთების ხარჯებიც შედის. ამასთან ერთად, პლანეტას კლიმატური ზარალიც ადგება, რადგან პილოტები ტურბულენტური ზონის არიდებისთვის უფრო მეტ საწვავს ხარჯავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები