აზიის განვითარების ბანკი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი რისკი შიდა პოლიტიკური არასტაბილურობაა. ამის შესახებ BMG-ის კითხვის საპასუხოდ ADB-ის ეკონომისტმა, ჯულს ჰიუგომ განაცხადა.
როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, პოლიტიკური გაურკვევლობა იყო სავარაუდოდ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შარშან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 30%-ით შემცირდა.
როგორც ჯულს ჰიუგო აღნიშნავს, სწორედ პოლიტიკურ არასტაბილურობასთან დაკავშირებულმა კითხვებმა გამოიწვია საკრედიტო სააგენტოების მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუარესება.
„რა თქმა უნდა, პოლიტიკური არასტაბილურობა არასდროს არის კარგი ბიზნესისთვის, რადგან ეს აფერხებს როგორც შიდა, ასევე უცხოურ ინვესტორებს. გასულ წელს კი ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ფაქტობრივად 30%-ით შემცირდა, თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება ამის განმაპირობებელი სხვა ფაქტორებიც ყოფილიყო. ამრიგად, ამ ტიპის შეშფოთებამ გამოიწვია საქართველოს სუვერენული რეიტინგების პერსპექტივის კორექტირება.
საერთაშორისო საკრედიტო სააგენტომ Fitch-მა დეკემბერში საქართველოს პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურამდე შეცვალა. სააგენტო Moody's-მა იგივე გააკეთა ორი კვირის წინ. მაგრამ საინტერესოა, რომ ორივე სააგენტომ რეიტინგი უცვლელად შეინარჩუნა, რაც ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის ძლიერ ფუნდამენტურ დივერსიფიკაციას. შარშან მაგალითად, საქართველოს ტურიზმის სექტორში ძალიან კარგი, 7,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 7,8%-ით გაიზარდა ექსპორტიც. ასე რომ, მთლიანობაში, საქართველოს ეკონომიკა მდგრადია, განსაკუთრებით მისი დივერსიფიცირებული საგარეო კავშირების გამო. მაგრამ რა თქმა უნდა, მუდმივი გაურკვევლობა და შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა პროგნოზებისთვის ერთ-ერთი რისკია“, - განაცხადა ჯულს ჰიუგომ.
ცნობისთვის, ADB-ის განახლებული ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2025 წელს 6%-ით გაიზრდება. 2026 წელს ეკონომიკური ზრდა 5.0%-მდე შენელდება, რაც მომსახურებისა და ფულადი გზავნილების შემცირებას უკავშირდება.