აზიის განვითარების ბანკმა სექტემბრის ბოლოს საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 7%-მდე გაზარდა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში გადახედვის მიზეზად ქვეყნის ეკონომიკის დარგების ზრდას ასახელებენ.
ADB-ის აზიის რეგიონალურმა ეკონომისტმა ლილია ალექსანიანმა „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში დეტალურად განმარტა მიზეზები, რის გამოც ბანკმა 2024 წლის ზრდის პროგნოზს გადახედა. ის ამბობს, რომ საქართველოში ეკონომიკური აქტივობა წლის პირველ ნახევარში საკმაოდ ძლიერი იყო და საფინანსო ინსტიტუტის მოლოდინებს აჭარბებს. საუბრისას რეგიონალურმა ეკონომისტმა ისიც აღნიშნა, რომ იმის პროგნოზირება, რამდენ ხანს შენარჩუნდება საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა, რთულია და ასევე ამბობს, რომ მომავალ წელს ზრდის ტემპი შენელდება.
- ლილია, ADB–მ 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა – რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან?
- დიახ, როგორც უკვე აღნიშნეთ წინა კვირას გავავრცელეთ ჩვენი ანგარიში და გავზარდეთ საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ამ ეტაპზე ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 7%–ს მიაღწევს – 5.5%–ის ნაცვლად. ეს იყო ჩვენი მოლოდინი წლის დასაწყისში. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ საქართველოში ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ ძლიერია წლის პირველ ნახევარში. ის აჭარბებს ჩვენს მოლოდინებს და ეს არა მხოლოდ ADB-ის, არამედ საქართველოს სხვა პარტნიორებსაც ეხება – არც ისინი ელოდნენ ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას.
ჩვენ დავინახეთ, რომ წლის პირველ ნახევარში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9%–ს მიაღწია, წინა წლის იმავე პერიოდში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 8.2% იყო. ეს საკმაოდ კარგი სიგნალია ამ წლის ზრდისთვის, თუმცა ნახავდით, რომ მომავალ წელს ჩვენ ზრდის ტემპის შენელებას ველოდებით, წლის პირველი ნახევრის ზრდასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი იქნება – თუმცა, საერთო ჯამში, საქართველო მტკიცე ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს. ამის მთავარი მამოძრავებელი მოთხოვნაა, დაბალინფლაციური გარემო, გაზრდილი დაკრედიტება მზარდი ხელფასების და მსყიდველუნარიანობის პირობებში. ამდენად, წლის პირველ ნახევარში მოხმარება იყო ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი. ეს ტენდენციაა ასახული სერვისების ზრდაშიც – 11.2%–იანი ზრდა 2024 წლის პირველ ნახევარში. ჩვენი პროგნოზის მთავარი ლოგიკა ეფუძნება ადგილობრივი მოხმარების მაღალ მაჩვენებლებს და სწორედ ამის საფუძველზე გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2024 წლისთვის.
- რა სურათი იკვეთება, ლილია, ფულადი გადმორიცხვების თვალსაზრისით საქართველოში – რა წვლილი აქვს ამ გადმორიცხვებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში და ეკონომიკური ზრდის სტაბილურობის შეფასებისას, რამდენად ითვალისწინებთ ამ ფაქტორსაც?
- ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, შარშან ეკონომიკური ზრდა, უფრო კონკრეტულად კი კერძო მოხმარება დაჩქარებული იყო სწორედ უცხო ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდი მოცულობით. ეს ძირითადად მიგრანტების ფულადი სახსრები იყო. ახლა რასაც ვაკვირდებით, ეს ტალღა ნორმალურ ჩარჩოში ექცევა, აღარ არის გამორჩეული პიკები, რომლებიც თანხვედრილი იყო მიგრანტების საქართველოში დიდი რაოდენობით შემოდინებასთან. თუმცა ეროვნული ბანკის მონაცემები იმასაც გვაჩვენებს, რომ ფულადი გზავნილების წყაროები ახლა უფრო მეტად დივერსიფიცირებულია და რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნებიდან უფრო მეტი ფულადი გზავნილის შემოდინებას ვაკვირდებით. ეს დასაკვირვებლად ძალიან საინტერესო მომენტია, რადგან ფულადი გზავნილების ლანდშაფტი იცვლება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი მიგრანტი საქართველოში ფუძნდება, რაც ართულებს ამ ტიპის ფულადი ნაკადის ფულადი გზავნილის კატეგორიაში მოქცევას, როცა ინდივიდი ქვეყნის შიგნითაა. ყველა ეს ცვლილება საკმაოდ ართულებს სიტუაციის მონიტორინგს – თუმცა, ერთი რაც ნამდვილად თვალშისაცემია, ეს ის ტენდენციაა, რომ ფულადი გზავნილების ნაკადები ნორმალურ დონეს უბრუნდება.
- ეს ნაწილი რომ შევაჯამოთ, რამდენად სტაბილურია საქართველოს ეკონომიკური ზრდა? გახსოვთ ალბათ, რუსეთ–უკრაინის ომის დასაწყისში, მოლოდინი იყო, რომ საქართველოს ეკონომიკა მკვეთრად შემცირდებოდა, თუმცა ეს მოლოდინები არ გამართლდა. ეს არ ეხება მხოლოდ ADB–ს, საქართველოს ყველა განვითარების პარტნიორი შეცდა. ეს კიდევ ერთხელ განმეორდა მოლოდინების შეფასებისას, თუ რამდენ ხანს გასტანდა ეს გარდამავალი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე, ფაქტორების განლევა გაცილებით მოკლე დროში იყო პროგნოზირებული, თუმცა საქართველო ისევ მაღალ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს – რატომ?
- თუ შევხედავთ საქართველოს ბოლო სამი წლის საშუალო ეკონომიკურ ზრდას – ეს მაჩვენებელი 9.7% იყო. ეს ერთ–ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდაა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. წელსაც, ჩვენი მოლოდინია, რომ საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება საქართველოს. საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება თუ რამდენ ხანს შეიძლება მაღალი მაჩვენებლები შენარჩუნდეს. მომავალი წლისთვის 5.5%–იან ეკონომიკურ ზრდას ვვარაუდობთ, რაც ეკონომიკური ზრდის ოდნავი შენელებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ რისკები საკმაოდ მაღალია. აქ იგულისხმება, როგორც ადგილობრივი ისე საგარეო რისკებიც, გეოპოლიტიკური რისკებიც – ეს ისეთი რისკებია, რომლებიც შესაძლოა ნებისმიერ დროს დამძიმდეს და გავლენა იქონიოს გაცვლით კურსზე, შექმნას ინფლაციური წნეხი, დაარტყას მიწოდების ჯაჭვებს, გააძვიროს ტრანსპორტირება – რაც საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი, მაღალი ინფლაციის წყარო შეიძლება გახდეს. ეს კი გაართულებს საქართველოს ეროვნული ბანკის ამოცანას, რომ კიდევ უფრო მეტად შეარბილოს მონეტარული პოლიტიკა. რატომ არის ამ რისკების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანი – მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ნებისმიერ მომენტში ეს რისკები შეიძლება მატერიალიზდეს და უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე. ამას ხედავთ სწორედ საქართველოს ეროვნული ბანკის კომუნიკაციის ნაწილშიც – ცენტრალური ბანკი საკმაოდ ფრთხილად მოქმედებს, რადგან ამ რისკებმა შეიძლება ინფლაციური წნეხი შექმნას და მონეტარული პოლიტიკის შემდგომი შერბილება გაართულოს. ამდენად, დიახ, მოცემულ მომენტში რთულია პროგნოზირება და იმის თქმაც, რომ ის, რაც საქართველოში ეკონომიკას ბოლო პერიოდში ამოძრავებდა მდგრადი და სტაბილურია, რადგან ეს მამოძრავებლები საკმაოდ გამონაკლის ფაქტორებთან იყო დაკავშირებული, თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ ამ გადმოსახედიდან საქართველოს პოტენციური ზრდის მაჩვენებელი ახლოსაა 5%–თან – თუ სტრუქტურული რეფორმები შედეგს მოიტანს და ეფექტიანი იქნება, აუცილებლად დავინახავთ პოტენციური ზრდის ამ მაჩვენებლის ზრდასაც და დასტაბილურებასაც.