აზიის განვითარების ბანკი (ADB) ელის, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დადებითი ეკონომიკური ეფექტის ამოწურვას საქართველოზე ზომიერი გავლენა ექნება.
როგორც საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის უფროსმა ეკონომისტმა, გიორგი ლუარსაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საგარეო შემოდინებების კლება უკვე სახეზეა.
„თავდაპირველად, მოლოდინი იყო, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა საწყის ეტაპზე მძიმე შედეგებს გამოიწვევდა, განსაკუთრებით, რუსეთის მნიშვნელოვანი პარტნიორებისთვის, მაგრამ ასე არ განვითარდა და პირიქით, დადებითი როლი შეასრულა. თუმცა ესეც მილევადია და ჩვენი მოლოდინია, რომ გავლენა ზომიერი იქნება და ეკონომიკაზე მყისიერი უარყოფითი გავლენა არ ექნება.
რაც შეეხება საგარეო შემოდინებებს, კლების ტენდენცია უკვე გამოიკვეთა და სახეზეა. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ფულადი გადმორიცხვები უკვე 35%-ითაა შემცირებული, მათ შორის, რუსეთიდან დაახლოებით 70%-ითაა კლება და მოლოდინი გვაქვს, რომ გარკვეულწილად ეს ტენდენცია გაგრძელდება. თუმცა ეს არ იქნება მყისიერი შემცირება და აქედან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ გავლენა ეკონომიკაზე შედარებით უფრო რბილი იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა განუზღვრელობა გაცილებით მაღალია მომავალ წელზე. რაც შეეხება სხვა შემოდინებებს, ტურიზმის მხრიდან საკმაოდ კარგი წელი იყო, მაღალი შემოსავლები დაფიქსირდა. მთლიანობაში, საქართველოში მიმდინარე მოვლენები უკავშირდება არსებითად გეოპოლიტიკურ ცვლილებებს რეგიონში, ასევე მოგეხსენებათ, შემოდინებებზე გავლენას ახდენს მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების საპროცენტო განაკვეთები“,- ამბობს გიორგი ლუარსაბიშვილი.
აზიის განვითარების ბანკმა დღეს პუბლიკაცია - აზიის განვითარების პროგნოზი 2024 წარადგინა. ორგანიზაციამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად, 5%-ზე შეინარჩუნა. 2025 წლისთვის კი ორგანიზაცია საქართველოში 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს.