აზიის განვითარების ბანკის (ADB) წამყვანი რეგიონული ეკონომისტის, კიოში ტანიგუჩის შეფასებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პოზიტიური ეკონომიკური ეფექტის მილევის პარალელურად, საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკები ნორმალიზდება.
მიგრანტების ეფექტსა და რეგიონში არსებულ რისკებზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ, კიოში ტანიგუჩიმ აღნიშნა, რომ საქართველოზე, როგორც ღია ეკონომიკაზე გარე შოკები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. რეგიონზე პოტენციური გავლენის მქონე კონფლიქტებს შორის ეკონომისტმა ჰამას-ისრაელის ომიც გამოყო.
„არავინ ელოდა, თუმცა რეალურად 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ პოზიტიურად იმოქმედა ზოგიერთ ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ისეთებზე, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ რუსეთთან. ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო და სომხეთი, ორნიშნა ზრდა ჰქონდათ. ასევე სხვა ქვეყნებზეც იყო პოზიტიური გავლენა ფულადი გზავნილებიდან, ადამიანური კაპიტალის მიღებიდან. ეს დავინახეთ 2022 წელს, თუმცა ვიცოდით, რომ ასე არ გაგრძელდებოდა.
ახლა, რასაც ვხედავთ, არის რუსეთის უკრაინაში შეჭრის სწრაფი გავლენის შემობრუნება. გავლენა და მდგრადობა დამოკიდებულია ქვეყანაზე. ქვეყნებზე, როგორებიცაა საქართველო და სომხეთი, პოზიტიური გავლენა დიდია, თუმცა ასევე სწრაფია ამ პოზიტიური ეფექტის კლებაც. მაგალითად, უზბეკეთის შემთხვევაში, ქვეყანამ მიიღო ადამიანური კაპიტალი, ბევრი IT-სთან დაკავშირებული ბიზნესი დაფუძნდა რუსი მეწარმეების მხრიდან. ასეთ გავლენას თან ახლავს ცოდნის და ტექნოლოგიების გადადინება, რაც პოზიტიური გავლენის მეტ ხანგრძლივობას უზრუნველყოფს. ამიტომ, უზბეკეთში ამ ეფექტის სწრაფ მილევას ვერ ვხედავთ. რაც შეეხება მომავალს, ბევრი ეკონომიკა, სომხეთის და საქართველოს ჩათვლით, პანდემიამდელ, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე არსებულ ერას უბრუნდება. ამასთან, ბევრი რეგიონული კონფლიქტია, რომელსაც შეუძლია გავლენის მოხდენა. რუსეთის შეჭრის ეფექტი ილევა, თუმცა, შესაძლოა, სხვა გავლენები იყოს, ეს არ ვიცით. ეგზოგენური შოკები საქართველოს, სომხეთის მსგავს ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს“,- აცხადებს ADB-ის რეგიონული ეკონომისტი.
აზიის განვითარების ბანკმა დღეს პუბლიკაცია - "აზიის განვითარების პროგნოზი 2024" წარადგინა. ორგანიზაციამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად, 5%-ზე შეინარჩუნა. 2025 წლისთვის კი ADB საქართველოში 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს.