ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში პროგნოზირებადი, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა და ასეც გაგრძელდება.
უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზეა დამოკიდებული.
მედიასთან საუბრისას კი BMG-მ ლევან დავითაშვილს ჰკითხა - რა გავლენა აქვს საქართველოს მიმართ დაანონსებულ სანქციებს და როგორია ინვესტორების განწყობები, რის პასუხადაც მინისტრმა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება მიმოიხილა და კითხვაზე პირდაპირი პასუხი არ გაუცია. მან აღნიშნა, რომ სტაბილური საკანონმდებლო გარემოს უზრუნველსაყოფად ხელისუფლებას დიალოგი ექნება.
„პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენი ეკონომიკა დღეს სტაბილურად იზრდება. მიმდინარე წელს ჩვენ 7 თვის განმავლობაში გვაქვს 9,7%-იანი ეკონომიკური ზრდა. ADB-მა გადახედა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის მიმართულებით, სხვა ორგანიზაციებიც თანხმდებიან, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას ექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 5,5%. ჩვენი მოლოდინია, რომ შეიძლება უფრო მაღალი ზრდაც იყოს. მაღალი ეკონომიკური ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ რეალურად სახე იცვალოს უკეთესობისკენ და გაუმჯობესდეს ცხოვრების დონე საქართველოში.
ჩვენთვის ეკონომიკური, პოზიტიური პროცესების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ინვესტორების განწყობებს, ძალიან პოზიტიურია.
ჩვენ გვაქვს დღეს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, ამაზე საუბარი მუდმივად მიმდინარეობს ინვესტორებთან. გავაგრძელებთ მუშაობას. მნიშვნელოვანია სტაბილური გარემოს შენარჩუნება ქვეყანაში, რომ გარემო იყოს პროგნოზირებადი, როგორც ამ წლებში იყო და გაგრძელდეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მგონია, რომ გაგრძელდება, რადგან საქართველო მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყანაა.
რაც შეეხება სანქციებს, დიდი იმედი გვაქვს, რომ არანაირი სანქცია არ გვექნება, რადგან საერთაშორისო სანქციების შესრულების ნაწილში საერთაშორისო საზოგადოების ძალიან პასუხისმგებლიანი პარტნიორები, წევრები ვართ. ჩვენ გვექნება დიალოგი, რომ უზრუნველვყოთ სტაბილური საკანონმდებლო გარემო, რაც რაიმე ნეგატივს აგვარიდებს თავს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა