ადამიანების უმეტესობა შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარი სოციალური წრის აზრს ენდობა. თუმცა, როგორც Statista Consumer Insights-ის მონაცემები აჩვენებს, ბევრი ასევე ენდობა იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას სოციალურ ქსელებში აზიარებენ - ინფლუენსერებს.
კვლევის მიხედვით, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ინტერნეტ-მომხმარებელთა შერჩევით კვლევას ეფუძნება, ამჟამად ინფლუენსერებს ყველაზე დიდი გავლენა ადამიანების შესყიდვებზე ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკაში, ჩინეთსა და ინდოეთში აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიასა და ინდოეთში ინფლუენსერების გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა, ჩინეთში ამ მაჩვენებელმა ბოლო პერიოდში მცირედით იკლო, თუმცა კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
ინფლუენსერების გავლენა ქვეყნების მიხედვით (იმ რესპონდენტთა წილი, რომლებმაც პროდუქტი ცნობილი ადამიანის ან ინფლუენსერის რეკომენდაციით შეიძინეს):
ბრაზილია - 48%
სამხრეთ აფრიკა - 45%
ინდოეთი - 42%
ჩინეთი - 38%
გაერთიანებული სამეფო - 29%
ავსტრალია - 28%
აშშ - 24%
გერმანია - 23%
ავსტრია - 21%
საფრანგეთი - 17%
საფრანგეთი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, შვედეთი და იაპონია იმ ქვეყნებს შორის აღმოჩნდნენ, სადაც ინფლუენსერებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებშიც მათი გამომწერების რაოდენობა მზარდია. ევროპელებს შორის ყველაზე მეტად "გავლენის ქვეშ" ბრიტანელები აღმოჩნდნენ - მათი 29% აცხადებს, რომ მათ შეიძინეს პროდუქტი იმის გამო, რომ ის ცნობილმა ადამიანმა ან ინფლუენსერმა გაარეკლამა.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინფლუენსერები
კონტენტის შემქმნელი MrBeast, იგივე ჯიმი დონალდსონი, ამ სფეროში ყველაზე მეტს გამოიმუშავებს. ამის შესახებ Forbes-ის წამყვანი კონტენტის შემქმნელების (კრეატორების) უახლეს რეიტინგშია ნათქვამი.
28 წლის იუთუბერმა, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინაში გაიზარდა, 2025 წლის მარტიდან 2026 წლის მარტამდე პერიოდში 300 მილიონი დოლარის მთლიანი შემოსავალი მიიღო, რითაც მნიშვნელოვნად გაუსწრო სხვა ინფლუენსერებს.
დონალდსონმა უზარმაზარ წარმატებას თავისი YouTube არხით მიაღწია, რომელიც მასშტაბურ გამოწვევებსა და გრანდიოზულ ჟესტებზეა ფოკუსირებული. მისი შემოსავლის წყარო ასევე არის კვების ბიზნესი, სათამაშოებისა და ტანსაცმლის ლიცენზირება.
ინტერნეტ-კონტენტის ყველაზე მაღალშემოსავლიანი შემქმნელები (2025 წლის მარტი - 2026 წლის მარტი):
1. ჯიმი დონალდსონი (MrBeast) - YouTube: $300 მლნ
2. დარ მანი (Dhar Mann Studios) - YouTube: $65 მლნ
3. სტივენ ბარტლეტი (The Diary of a CEO) - YouTube / პოდკასტები: $52 მლნ
4. მარკ ედვარდ ფიშბახი (Markiplier) - YouTube: $38 მლნ
5. რეტ მაკლაფლინი და ლინკ ნილი (Rhett & Link) - YouTube: $37 მლნ
6. კოდი სანჩესი (Codie Sanchez) - სხვადასხვა პლატფორმა: $31 მლნ
7. დარენ ჯეისონ უოტკინს უმცროსი (IShowSpeed) - YouTube / Twitch: $30 მლნ
8. მარკ რობერი (Mark Rober) - YouTube: $30 მლნ
9. რეიჩელ ენ აკურსო (Ms. Rachel) - YouTube: $26 მლნ
10. ჯესი რიდელი (Jesser) - YouTube: $25 მლნ
Forbes-ის ყველაზე წარმატებული ინფლუენსერების ბოლო რეიტინგი აჩვენებს, რომ იუთუბერები, როგორც წესი, ლიდერობენ ყველაზე მაღალანაზღაურებად კონტენტის შემქმნელებს შორის. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ სპონსორული პოსტები და რეკლამები ვიდეოფორმატში ბევრად უფრო მომგებიანია.
Forbes-ის თანახმად, დონალდსონი მაქსიმალურად იყენებს ამ უპირატესობას. თუმაცა, ბევრმა შემქმნელმა, რომლებმაც მილიონები გამოიმუშავეს სოციალურ ქსელებში, ამას გარე ბიზნესგარიგებებით მიაღწია.




























