საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში აცხადებს, რომ ირანის ომის გავლენა საქართველოზე მსგავსი იქნება ყველა იმ ქვეყნისა, რომლებზეც შესაძლოა ნავთობისა და გაზის ფასების ზრდამ იმოქმედოს.
ჯიჰად აზურმა ამის შესახებ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის შესახებ IMF-ის ახალი ანგარიშის პრეზენტაცია ვაშინგტონში, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებზე გაიმართა.
ჯიჰად აზური ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლოა, მიმდინარე მოვლენებმა საქართველოზე გარკვეული პოზიტიური გავლენაც იქონიოს, მათ შორის ტურიზმისა და ვაჭრობის მიმართულებით. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკაზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ასევე დადებითი გავლენა ჰქონდა ისეთ ფაქტორებს როგორიცაა უკრაინის ომის მომდინარე მიგრაციული ეფექტები.
ახლო აღმოსავლეთის ომის გავლენა საქართველოზე მსგავსი იქნება ყველა იმ ქვეყნისა, რომლებზეც შესაძლოა ნავთობისა და გაზის ფასების ზრდამ იმოქმედოს. გავლენის გადაცემა ხდება ფასების მეშვეობით. როგორ შეიძლება საქართველომ მიიღოს რაიმე სარგებელი? რა თქმა უნდა, საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იყენებდა გარკვეულ შედარებით უპირატესობებს, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა, ჰქონოდა ეკონომიკური ზრდის მაღალი დონე. 2022 წლიდან უკრაინის ომის შემდეგ, საქართველომ შეძლო ინვესტიციებისა და ტალანტების მოზიდვა, რაც დაეხმარა როგორც ეკონომიკური აქტივობის, ისე მოთხოვნის ზრდას. სამომავლოდ, რა შეიძლება იყოს პოტენციური პოზიტიური გავლენა? ტურიზმი, ვაჭრობა — განსაკუთრებით ის როლი, რომელიც საქართველომ შეიძლება შეასრულოს „შუა დერეფანში“. ასევე, საქართველომ შეიძლება ისარგებლოს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის უფრო მეტი ინტეგრაციით“, - განაცხადა ჯიჰად აზურმა.
ცნობისთვის, წელს სავალუტო ფონდი საქართველოში 5.3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის. რაც შეეხება რეგიონს, IMF-ის პროგნოზით, 2026 წელს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება.




























