მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია საქართველოს და რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი - IMF-ის ახალი ანგარიში

სომხეთი აზერბაიჯანი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკა 2026 წელს 4.8%-ით გაიზრდება, ხოლო 2027 წელს - 4.5%-ით.

IMF-ის აპრილის გლობალური ეკონომიკური ზრდის განახლებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება.

რაც შეეხება კონკრეტული ქვეყნების მიხედვით ზრდის პროგნოზს, სავალუტო ფონდი ელის, რომ საქართველოში მიმდინარე წელს 5.3%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი წინა პროგნოზთან მიმართებაში უცვლელადაა შენარჩუნებული, რის შესახებაც ცნობილი საქართველოში აპრილში გამართული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტისას გახდა.

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, საქართველოზე მაღალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აქვს ტაჯიკეთს, სადაც სავალუტო ფონდის მოლოდინით, 2026 წელს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება. ასევე უზბეკეთს, სადაც წელს 6.5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. საქართველოზე მაღალი ზრდაა ნავარაუდევი ყირგიზეთშიც, სადაც 6.1%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

2026 წელს სავალუტო ფონდის პროგნოზები რეგიონის ქვეყნებისთვის ასე ნაწილდება:

  • საქართველო - 5.3%
  • სომხეთი - 5.3%
  • აზერბაიჯანი - 2.2%
  • ტაჯიკეთი - 6%
  • ყირგიზეთი - 6.1%
  • ყაზახეთი - 4.6%
  • თურქმენეთი - 2.6%
  • უზბეკეთი - 6.5%

კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის შესახებ უფრო დეტალურ შეფასებას და პროგნოზებს სავალუტო ფონდი 16 აპრილს ვაშინგტონში მიმდინარე საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გამოაქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები