ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ნავთობი გლობალური გეოპოლიტიკის ცენტრალურ ელემენტად აქცია. ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ, რომელზეც მსოფლიო ნავთობის 20% გადის, ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. გარდა ამისა, პოტენციური დეფიციტის გამო შეშფოთებამ მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკები აიძულა, კოორდინირებულად ემოქმედათ და სტრატეგიული რეზერვების ნაწილი გამოეთავისუფლებინათ.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (IEA) თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ კოორდინირებულ ინტერვენციას იწყებს. მისი 32 წევრი ქვეყნის მიერ ბაზარს 400 მილიონამდე ბარელი მიეწოდება. შეთანხმების მიუხედავად, ინვესტორებში ამ ნაბიჯის ტემპის, ხანგრძლივობისა და ეფექტურობის შესახებ ეჭვები კვლავ რჩება.
ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გამოცემა El País არსებულ ფაქტებზე დაყრდნობით IEA-ს მიერ ნავთობის რეზერვების გამოთავისუფლების შესაძლო გავლენაზე წერს და პასუხს სცემს კითხვას: შეაჩერებს თუ არა ეს საწვავის გაძვირებას და ბაზრის დასტაბილურებას?
რამდენი ნედლი ნავთობი გამოთავისუფლდება?
IEA შეთანხმდა, რომ ბაზარზე 400 მილიონ ბარელს გამოიტანს, რაც მის ისტორიაში ყველაზე დიდი კოორდინირებული ინტერვენციაა. თითოეული ქვეყანა თავისი ზომის, შესაძლებლობებისა და არსებული რეზერვების მიხედვით წყვეტს, რამდენს და როგორ შეიტანს საერთო საქმეში.
თითოეული ქვეყნის წვლილის დეტალური ციფრები ჯერ არ გამოქვეყნებულა, რაც ბაზარზე გაურკვევლობას ზრდის, თუმცა ექსპერტების ვარაუდით, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა 172 მილიონი ბარელი გამოათავისუფლოს. იაპონიამ განაცხადა, რომ 80 მილიონი ბარელის მიწოდება შეუძლია, სამხრეთ კორეას - 22.5 მილიონის. გერმანიამ აღნიშნა, რომ 19.5 მილიონ ბარელს გამოყოფს; გაერთიანებული სამეფო - 13.5 მილიონს; საფრანგეთი - 14.5 მილიონს; ხოლო ესპანეთი - 11.5 მილიონს. მხოლოდ ეს შვიდი ქვეყანა უკვე 333.5 მილიონ ბარელ ნავთობს შეაგროვებს, რაც საერთო მიზნის 83%-ია. ინდოეთიც კი, რომელიც არ არის IEA-ს 32 წევრს შორის, მიესალმა ამ ნაბიჯს და მასთან შეერთების სურვილი გამოთქვა.
რა ტემპით გამოთავისუფლდება ეს ბარელები?
ეს არის კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც IEA-მ ჯერ კიდევ უნდა იმსჯელოს და პასუხი გადამწყვეტია. ანალიტიკოსების აზრით, გამოთავისუფლების ტემპი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბაზარზე გამოთავისუფლებული ბარელების საერთო მოცულობა, რადგან სანამ ჰორმუზის სრუტის ბლოკირება გრძელდება, ფასებზე რეალური გავლენის მოხდენა მხოლოდ ყოველდღიურ ნაკადს შეუძლია.
"400 მილიონი ბარელი გლობალური ყოველდღიური მოთხოვნის მხოლოდ დაახლოებით ოთხი დღის მოცულობას წარმოადგენს", - აფრთხილებენ MUFG-ის ექსპერტები. კონტექსტისთვის, კონფლიქტამდე ჰორმუზის სრუტეზე ყოველდღიურად დაახლოებით 20 მილიონი ბარელი ნავთობი და გადამუშავებული პროდუქტი გადიოდა. თუ ქვეყნები ერთი თვის განმავლობაში 100 მილიონ ბარელს გამოათავისუფლებენ, დღიური ნაკადი მხოლოდ 3.3 მილიონი ბარელი იქნება. ეს არასაკმარისია მთლიანი დეფიციტის დასაფარად, თუმცა მან შეიძლება, დროებით შეამსუბუქოს ფასები და დრო მოგვცეს ბაზრის ლოგისტიკის ხელახლა ორგანიზებისთვის.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქვეყნების მიერ დამარაგებული ნავთობი გამიზნულია დროებითი კრიზისების შესამსუბუქებლად და არა მუდმივი ნაკადის ჩასანაცვლებლად. რეზერვების გამოთავისუფლება ქმნის უსაფრთხოების ბალიშს იმ პერიოდში, სანამ ჰორმუზის სრუტეზე მიმოსვლის აღდგენის მცდელობები მიმდინარეობს. ეს ამყარებს მოსაზრებას, რომ ფასებზე მყისიერი ეფექტი უფრო მეტად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად მიაღწევს ნავთობი ბაზარზე და როგორი იქნება ტრანსპორტირების ლოგისტიკა, ვიდრე უშუალოდ დაანონსებულ მოცულობაზე.
აქვს თუ არა მნიშვნელობა, სად მოხდება მათი გამოთავისუფლება?
დიახ. გამოთავისუფლების ეფექტურობა დამოკიდებულია როგორც წარმოშობის ადგილზე, ისე ტრანსპორტირების ლოგისტიკაზე. ნავთობის ბარელებს შესაძლოა დღეები ან კვირები დასჭირდეს ყველაზე მეტად დაზარალებულ ბაზრებამდე მისაღწევად. ამიტომ, 400 მილიონი ბარელიც რომ გამოთავისუფლდეს, ფასებზე ეფექტი დამოკიდებულია კრიტიკულ მარშრუტებზე მათი მიწოდების შესაძლებლობაზე.
ჰორმუზის სრუტის შეფერხება ბლოკავს ვაჭრობის უდიდეს ნაწილს აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. ევროპიდან ან ამერიკიდან ნედლი ნავთობის აზიის გადამმუშავებელ ქარხნებამდე (რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ბლოკადით) მისვლას დღეები დასჭირდება, რაც ზღუდავს მყისიერ გავლენას ფასებზე ამ რეგიონში. გარდა ამისა, მთავარი პრობლემა არა იმდენად თავად ნედლი ნავთობია, არამედ გადამუშავებული ნავთობპროდუქტები, როგორიცაა დიზელი, ბენზინი და ნავთი, რომლებიც რეალურად გამოიყენება მრეწველობაში. ნედლი ნავთობის ხელმისაწვდომობისთვის საჭირო დროის გარდა, გასათვალისწინებელია მისი გადამუშავებისა და ამ საწვავის წარმოების სიმძლავრეებიც.
შეძლებს თუ არა 400 მლნ ბარელი ნავთობი ბაზრის სტაბილიზაციას?
დიახ, მაგრამ მხოლოდ დროებით. სტრატეგიული რეზერვები გამიზნულია დროებითი კრიზისების შესამსუბუქებლად და არა გახანგრძლივებული შეფერხებების მოსაგვარებლად. "მოკლევადიან პერსპექტივაში ნავთობის ფასებში შეიძლება იყოს დროებითი შემსუბუქება, მაგრამ სანამ ჰორმუზის სრუტე დე ფაქტოდ დახურული რჩება, ფასების ზრდის რისკი კვლავ მაღალია", - განმარტავენ UBS-ის ანალიტიკოსები.
Citi-ს სტრატეგებიც იზიარებენ ამ მოსაზრებას: "სანამ სამხედრო კონფლიქტი გრძელდება, ჩვენ ველოდებით ფასების ზრდას გახანგრძლივებული დეფიციტის გამო, რაც ამყარებს ჩვენს ახალ საბაზისო საფასო დიაპაზონს ($80-დან $100-მდე ბარელზე) მომდევნო ორი კვირის განმავლობაში."
თუ ბლოკადა გაგრძელდა, ზოგიერთი ბანკის გაფრთხილებით, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი შეიძლება 150 დოლარამდე ავიდეს და ამან გავლენა იქონიოს ინფლაციაზე, ეკონომიკურ ზრდასა და გლობალურ ფინანსურ სტაბილურობაზე. ყველაზე სავარაუდო სცენარით, წარმოების შეფერხება პიკს მიმდინარე კვირაში მიაღწევს, ხოლო ნაკადები თვის ბოლოსკენ ნორმალიზდება, რაც ნაწილობრივ შეამსუბუქებს წნეხს ფასებზე.
რა მოხდება, როდესაც 400 მილიონი ბარელი ამოიწურება?
რეზერვები დროებითი ღონისძიებაა და არა მიწოდების მუდმივი წყარო. თუ კრიზისი გაგრძელდა, მთავრობებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება: ამოწურონ მეტი რეზერვი (IEA-ს წევრი ქვეყნები ეროვნულ და სამრეწველო რეზერვებში 1.8 მილიარდზე მეტ ბარელ ნავთობს ფლობენ), თუ მოძებნონ ნავთობის ალტერნატიული წყაროები.
ორგანიზაციის ზოგიერთი წევრი, როგორიცაა შეერთებული შტატები, ნორვეგია, მექსიკა და კანადა, ნავთობის მწარმოებლები არიან. აქ მთავარი კითხვა კვლავ მოპოვებისა და მარაგების ამოღების ტემპს ეხება.
"[რისკი] არასდროს ყოფილა ისეთი დიდი, როგორც ახლაა. გარე ანალიტიკოსების შეფასებით, ქაღალდზე იაპონიას რეზერვებიდან დღეში 4.9 მილიონი ბარელის, ხოლო სამხრეთ კორეას 4.8 მილიონის ამოღება შეუძლია. თუმცა, აშშ-ის ამოღების სიმძლავრე უკვე დაბალ დონეზეა და სარემონტო თუ ტექნიკური მომსახურების სამუშაოებმა შესაძლოა მაქსიმალური ტემპი ამ ეტაპზე დღეში 1 მილიონ ბარელთან ახლოს შეინარჩუნოს", - აღნიშნავენ Citi-ს ანალიტიკოსები.
ამ ეტაპზე რეზერვების გამოთავისუფლება არის პოლიტიკური ინდიკატორი და ბაზრებისთვის დამამშვიდებელი ფაქტორი, სანამ ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლა აღდგება. სრუტის ბლოკირების ხანგრძლივობა დიდი უცნობია. ნავთობმზიდებზე ბოლოდროინდელი თავდასხმების შემდეგ გეოპოლიტიკური გაურკვევლობა ნარჩუნდება. სრუტე კრიტიკული არტერიაა გლობალური საზღვაო ნავთობით ვაჭრობის 25%-ისთვის და სანამ ის დაბლოკილი რჩება, ფასებში მაღალი რისკის პრემია აისახება. ING-ის ანალიტიკოსები ნაკადების ეტაპობრივ აღდგენას ელიან, მაგრამ აფრთხილებენ, რომ ნებისმიერმა სამხედრო ესკალაციამ შეიძლება კრიზისი გაახანგრძლივოს.




























