მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება საბანკო სექტორზე ჯარიმების ზედა ზღვრის 10-ჯერ გაზრდას? - ფინანსისტის შეფასება

National bank of Georgia

ფინანსისტების ნაწილი ეროვნული ბანკის მხრიდან საჯარიმო სანქციების ლიმიტის ზრდასთან დაკავშირებით შესაძლო ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე წინასწარ არ საუბრობს, თუმცა მათი ნაწილი ამბობს, რომ მას გავლენა საბანკო სექტორზე 2 ძირითადი მიმართულებით ექნება.

საქმე ის არის, რომ ეროვნული ბანკი გეგმავს, ბანკებს ჯარიმების ზედა ზღვარი გაუათმაგოს - ამას ითვალისწინებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანების პროექტი, რომელიც ეროვნული ბანკის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ცენტრალური ბანკი საკითხზე სექტორთან კომუნიკაციების დაწყებას გეგმავს. ეროვნული ბანკის განმარტებით, ეს ცვლილება საზედამხედველო ეფექტიანობის ზრდისკენ არის მიმართული.

შესაძლო ცვლილებების პროექტით, ბანკებისთვის საჯარიმო სანქციის ზედა ზღვარი საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ის ნაცვლად 0.5% ან 1% იქნება.

"საქმის კურსთან" საკითხზე საუბრისას ფინანსისტი ვასილ რევიშვილი თავის პოზიციას აფიქსირებს და ამბობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჯარიმების მოცულობის ზრდა საბანკო სექტორს სასესხო პორტფელების შემცირებამდე მიიყვანს, თუმცა ამასთან, მნიშვნელოვანი იქნება ჯარიმების მოცულობის დათვლის კრიტერიუმების სიცხადე, მით უმეტეს მაშინ, როცა ორი უმსხვილესი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება და ამ ნაწილში ინვესტორების ინტერესი მაღალია.

“ჯერ ძალიან ადრეა დასკვნების გაკეთება, თუმცა რაც დაზუსტებით შეიძლება ითქვას, პოტენციური ჯარიმების ასეთი მნიშვნელოვან გაზრდას ორმაგი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. თუ დავუშვებთ, რომ კაპიტალის 1%-მდე შეიძლება გაიზარდოს ჯარიმა და პირდაპირ რიცხვებში თუ გადავიტანთ, ვთქვათ, ავიღოთ "თიბისი ბანკი", კაპიტალი აღემატება 5 მილიარდს, რომლის 1% შეიძლება იყოს 55 მილიონი ლარი, რაც ბანკისთვის ავტომატურად ზარალია.

თუმცა განგრძობად და ჯარიმის ხშირ გამოყენების შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს, 55 მილიონი ლარი ნიშნავს დაახლოებით 350 მილიონი ლარით ნაკლებ სესხებს. თუ ბანკმა აქტივებთან მიმართებით კაპიტალის მოცულობის შენარჩუნება გადაწყვიტა, ჯარიმამდე არსებული სასესხო პორტფელი 7-ჯერ უნდა შეამციროს. ქართული რეალობიდან გამომდინარე, დაახლოებით ასეთი თანაფარდობაა. არ მინდა სპეკულირება, თუმცა თუ ჯარიმებს ხშირად გამოიყენებენ, ეს ის დაახლოებითი მასშტაბია, რითაც სასესხო პორტფელი შემცირდება.

მეორე ეფექტი: თუ დალისტულ ბანკებს ავიღებთ, ბუნებრივია ინვესტორები ჩემზე სწრაფად დაითვლიან ამ ყველაფერს, შესაბამისად, გაზრდილი ფასის და ფასის ვოლატილობის რისკები დგება. ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს, ჯარიმების გამოყენების არაპროგნოზირებადობაა. საბოლოო დოკუმენტში თუ არ დაზუსტდა წინასწარ რა შემთხვევაში გამოიყენებს ეროვნული ბანკი ამ ჯარიმებს, მაშინ ეფექტი გაცილებით მასშტაბური იქნება, იმიტომ რომ არაპროგნოზირებადობა უარესია, ვიდრე იმის ცოდნა, რამდენი იქნება ზარალი”, - განმარტავს ფინანსისტი ვასილ რევიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები