მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ტურიზმზე დამოკიდებულ ქვეყნებზე?

5f22d00790acb
ეგნატე შამუგია
30.07.20 22:00
4143
ტურიზმის ის მიმართულებაა, რომელიც მოთხოვნას ეკონომიკის ყველა სექტორში ქმნის. შესაბამისად, მისი კონტრიბუცია ყველა მიმართულებითაა, მაგრამ განსაკუთრებით თვალსაჩინო სარესტორნო, სასტუმრო, ტრანსპორტის, გართობის და სხვა სფეროებშია. დღეს კი იშვიათია ისეთი ქვეყანა, რომლის ეკონომიკაში ტურიზმს გარკვეული წვლილი არ გააჩნდეს. ზოგ ეკონომიკებში ნაკლები, ზოგ შემთხვევაში კი წამყვან პოზიციასაც იკავებს. საერთო ჯამში კი ამ სექტორის წილი გლობალურ ეკონომიკაში დაახლოებით 10%-ია.

პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა კი უპირველეს ყოვლისა სწორედ ტურიზმზე იმოქმედა, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაწილში ეკონომიკური აქტივობა თითქმის შეჩერებულია. ეს კი იმ ქვეყნების მდგომარეობაზე განსაკუთრებით მძიმედ აისახა, რომელთა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი ტურიზმს უკავშირდება. მათგან ერთ-ერთი საქართველოა. თუმცა, ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიდან არსებობენ სხვებიც, სადაც ამ უკანასკნელის გავლენა საკმაოდ დიდია. ეს ქვეყნები კი ბალკანეთის, კერძოდ, ადრიატიკის ზღვისპირა სახელმწიფოები - ალბანეთი, მონტენეგრო და ხორვატიაა, რადგან მათი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ტურიზმის სექტორს უჭირავს.



მიმდინარე წლისთვის მთლიანი რეგიონის ეკონომიკის კლების პროგნოზი 4.7%-ია, რაც პესიმისტური სცენარით მოვლენების განვითარებისას 7.8%-ს აღწევს. შერჩეული ქვეყნებიდან კი ყველაზე მძიმე მდგომარეობა ხორვატისა და მონტენეგროშია მოსალოდნელი, რადგან არსებული პროგნოზით მათი ეკონომიკები 9.3% და 5.6% -ებამდე შემცირდება. თუმცა, მიმდინარე წლისთვის ამ ქვეყნების ფისკალური პოლიტიკა შედარებით განსხვავებული იქნება. მონტენეგროს უფრო მეტად ექსპანსიური (მთავრობის დეფიციტური ხარჯვა) პოლიტიკა აქვს არჩეული, რადგან ხორვატიასთან შედარებით ბიუჯეტის დეფიციტი 4.3 პ.პ. -ით მეტი, 10.8%-ითაა დაგეგმილი. ხორვატიაში კი ფისკალური დეფიციტი 6.5%-იან ნიშნულზეა მოსალოდნელი. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ამ ქვეყნების ეკონომიკაზე ტურიზმის პირდაპირი და არაპირდაპირი კონტრიბუცია 32.1% და 25.0% -ია. მესამე ბალკანური ქვეყანა, სადაც საერთაშორისო ვიზიტორების როლი ეკონომიკაში თვალსაჩინოა, ეს ალბანეთია. ალბანეთის ეკონომიკის 21.1%-ზე ტურიზმის გავლენაა, ხოლო მიმდინარე წლისთვის კი 4.07%-იანი რეცესიაა მოსალოდნელი მაშინ, როცა პანდემიამდე არსებული მდგომარეობით 4.0%-იან ზრდას ვარაუდობდნენ. ხორვატიასა და მონტენეგროში კი - 2.7% და 2.5%-ს. თუმცა, ალბანეთს ადრიატიკის ზღვის სანაპიროს მქონე ქვეყნებისგან განსხვავებით, ფისკალური დეფიციტი შედარებით დაბალი, 5.4%-ს ფარგლებში აქვს დაგეგმილი, მაგრამ ინფლაციის შედარებით მაღალი ნიშნულია მოსალოდნელი.



საქართველოში გასული წლის მონაცემების მიხედვით ტურიზმის სექტორის პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენაა დაახლოებით მშპ-ს 26.4%-ია, რასაც ბოლო პერიოდში მზარდი ტენდენცია ახასიათებდა. ამდენად, ამ სექტორის როლი ეკონომიკურ განვითარებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. 2020 წლისთვის ეკონომიკური ზრდა პანდემიამდე 4.8%-ით იყო ნავარაუდევი, რაც ამ დროისთვის 9.6 პ.პ. -ითაა გაუარესებული და 4.8%-იანი კლებაა პროგნოზირებული. ხოლო, ბიუჯეტის დეფიციტი კი 8.5%-იან ნიშნულზეა დაგეგმილი. რაც შეეხება ინფლაციას, 2020-ს დასასრულს წლიური ინფლაცია 4.6%-ითაა ნავარაუდევი. ეს კი საკმაოდ მაღალი ნიშნულია. ფასების დონის ზრდის მაღალი ტემპი არამხოლოდ მიმდინარე პერიოდის, არამედ ბოლო წლების ერთ-ერთი ნეგატიური მოვლენაა.

2020 წლის I კვარტალში შერჩეული ქვეყნების ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაკლებად, მაგრამ გაიზარდა. გამონაკლისი მხოლოდ ალბანეთი იყო, სადაც I კვარტლის კლებამ 2.5% შეადგინა. ინფლაციის კუთხით კი, ბალკანეთის შერჩეულ ქვეყნებში სტაბილური მდგომარეობაა. ივნისის თვის მდგომარეობით, მონტენეგროში და ხორვატიაში ფასები ფაქტობრივად არ გაზრდილა, ხოლო ალბანეთში კი აღნიშნულმა 1.8% შეადგინა. უშუალოდ, საქართველოს მეზობელ სომხეთში კი წლიური ინფლაცია 0.5%-ს შეადგენს, მაგრამ მეორე მეზობელ თურქეთში ფასების დონე 12.6%-ითაა გაზრდილი. აღნიშნულ ქვეყანაში ინფლაცია, მსგავსად საქართველოსა, ბოლო წლების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა.



მიუხედავად იმისა, რომ წლის I კვარტალში ეკონომიკის ზრდა დაფიქსირდა, ამ ქვეყნებში ეპიდემიური მდგომარეობა და შესაბამისად, მკაცრი შეზღუდვების დაწესება II კვარტალიდან იწყება, რამაც ყველა მათგანის მდგომარეობაზე მძიმედ გავლენა უკვე იქონია და არც ახლო მომავალშია მდგომარეობის გაუმჯობესება მოსალოდნელი, რადგან ქვეყნებს შორის შეზღუდვები და შესაბამისად, ტურიზმი დღემდე შეჩერებულია. გარდა ტურიზმისა, ამ ქვეყნების ეკონომიკა დიდწილად უცხოურ ინვესტიციებზეა დამოკიდებული, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ამ კუთხითაც მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რადგან გლობალურად არსებული განუსაზღვრელობის დონე არ შემცირებულა. ეს კი პოტენციური ინვესტორების მიერ ინვესტირებაზე უარის თქმას და უფრო მეტიც, არსებული კაპიტალის გადენას ნიშნავს. შესაბამისად, წლის ბოლოსთვის, არსებულ პროგნოზებთან შედარებით, 2020 წლის მაჩვენებლების გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის და პირიქით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკები გაცილებით მეტად შემცირდეს, რადგან ზემოთ აღნიშნული პროგნოზების დაშვება წლის მეორე ნახევრიდან შეზღუდვების მოხსნას ეფუძნება, მაგრამ შეზღუდვების ამ დრომდე რჩება. მეორე მხრივ, კი ტურისტული სეზონის დასრულებამდე სულ მცირე დროა დარჩენილი. განსაკუთრებით ადრიატიკის ზღვის ქვეყნებისთვის, რომელთა ძირითადი ტურისტული სეზონი ივნის-აგვისტოს პერიოდს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები