მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ირანის კრიზისს საქართველოს ეკონომიკაზე? - ლაშა ქავთარაძე

ლაშა ქავთარაძე

ირანში მიმდინარე მოვლენებს საქართველოზე პირდაპირი ეკონომიკური გავლენა დიდი არ აქვს, თუმცა კონფლიქტის გლობალური ეფექტები ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახება. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ ისაუბრა.

საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart ახლო აღმსავლეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა კვირის დასაწყისშივე შეაფასა. ორგანიზაციის შეფასებით, ირანში მიმდინარე პროცესებს საქართველოს ეკონომიკაზე მინიმალური გავლენა ექნება.

მისი თქმით, მიმდინარე პროცესების შეფასებისას მხოლოდ ირანზე ფოკუსირება საკმარისი არ არის, რადგან მოვლენები გავლენას ახდენს როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე, ისე გლობალურ ეკონომიკაზე.

„ირანში განვითარებული სიტუაცია და მოვლენები რაც ხდება მიმდინარე პერიოდში, მისი ეფექტები რომ გავზომოთ საქართველოზე, მხოლოდ ირანს არ უნდა ვუყუროთ, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, ირანის სამეზობლოში უკვე სხვა სიტუაციაა. გავლენა აქვს უკვე ამ ქვეყნებზე, ანუ თვითონ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ეს გავლენა იგრძნობა და ასევე იგრძნობა გლობალურადაც, იმიტომ რომ პირველი რაც ასახვას პოვებს, ეს არის ნავთობის ფასები. ნედლი ნავთობის ფასმა პარაკევს, სავაჭრო სესიის ბოლო დღეს 90 დოლარს მიაღწია ბარელზე და ფაქტობრივად ეს ნიშნავს იმას, რომ გლობალურად ინფლაციური პროცესები დაჩქარდება. ეს, რა თქმა უნდა, შეეხება როგორც უშუალოდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, ასევე საქართველოსაც და ფაქტობრივად ეს არის გლობალური პრობლემა და გლობალურ კონტექსტში უნდა შევხედოთ ყველაფერს,“ - განაცხადა ქავთარაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოსა და ირანს შორის ეკონომიკური კავშირები შედარებით მცირეა და ძირითადად ორ მიმართულებას მოიცავს, ტურიზმსა და ექსპორტს.

„უშუალოდ ირანთან ეკონომიკური კავშირები არც ისე დიდია. მაგალითად, ორი ძირითადი არხია, რომლითაც სავალუტო შემოდინება გვაქვს ირანიდან, ეს არის ტურისტული ნაკადები და მათ მიერ საქართველოში დახარჯული თანხები, ხოლო მეორე არის ექსპორტი, რომელიც ძალიან მცირეა. ჯამურად ეს ორი 2025 წელს დაახლოებით 163 მილიონ დოლარს შეადგენდა, საიდანაც ტურისტული შემოსავლები 124 მილიონი იყო. ანუ ფაქტობრივად, საერთოდ რომ არ შემოვიდეს წელს ირანიდან ეს ნაკადები, პირდაპირი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე მაინც მინიმალური იქნება,“ - აღნიშნა მან.

ქავთარაძის თქმით, უფრო მნიშვნელოვანი არის ის სცენარები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ხანგრძლივობას უკავშირდება.

„თუ ვიტყვით, რომ კონფლიქტი ერთ თვეში დასრულდება, ეს არის ყველაზე ოპტიმისტური სცენარი. მაშინ გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მინიმალური იქნება. ჩვენი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ტემპი დაახლოებით 0.2 პროცენტული პუნქტით შენელდება. წლის დასაწყისში ჩვენი პროგნოზი იყო, რომ ეკონომიკა დაახლოებით 6%-ით გაიზრდებოდა და ამ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით იმ 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდება,“ - განაცხადა მან.

ეკონომისტის თქმით, ამ სცენარის შემთხვევაში ლარის კურსზეც მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა შეიძლება იყოს.

„გაცვლითი კურსი მცირედით გაუფასურებულია, თუმცა თუ კონფლიქტი ერთ თვეში დასრულდა, ლარი ისევ დაუბრუნდება იმ გამყარების ტრაექტორიას, რომელიც მაგალითად იანვარ-თებერვალში გვქონდა. ფუნდამენტური ფაქტორები ჩვენთან იგივე დონეზეა, რაც წინა თვეებში იყო,“ - აღნიშნა ქავთარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები