ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა დღეს ქვეყნის პრეზიდენტს აირჩევს. ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის არჩევანის მნიშვნელობა გამოიხატება არამხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ და სამხედრო სიძლიერეში, არამედ იმ გავლენაში, რომელსაც არჩევნები კაპიტალის ბაზარზე ახდენს.
საინტერესოა, თუ რა გავლენას ახდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები საფონდო ბირჟაზე.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძირითადი საფონდო ინდექსები იზრდება, მაგრამ უშუალოდ არჩევნების დასრულების შემდეგ გარკვეული მოკლევადიანი რყევები არის მოსალოდნელი, რისთვისაც ინვესტორები მზად უნდა იყვნენ. საფონდო ბირჟაზე საპრეზიდენტო არჩევნების გავლენის ისტორიული ასპექტები ამერიკულმა გამოცემა CNBC-მ შეისწავლა.
თუკი სამი ფლაგმანურ ამერიკული საფონდო ინდექსის, მათ შორის S&P 500-ის, Dow Jones-ისა და NASDAQ-ის მონაცემებს დავაკვირდებით, გამოჩნდება, რომ არჩევნების მეორე დღეს ინდექსები საშუალოდ 0.3%-დან 04%-მდე შუალედში იკლებს, არჩევნების მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში კი ინდექსები საშუალოდ 0.4%-დან 1%-მდე შუალედში მცირდება. თუკი მონაცემებს არჩევნების შემდეგ ერთი წლის ჭრილში შევხედავთ, გამოჩნდება, რომ თორმეტი თვის შემდეგ, სამი ძირითადი ინდექსის მაჩვენებელი, საშუალოდ 1%-დან 2.3%-მდე შუალედში იმატებს.
არჩევნების შემდგომ პერიოდში ყველაზე დიდი საშუალო ზრდა NASDAQ-ის კომპოზიტურმა ინდექსმა დააფიქსირა, რომელიც NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე დალისტული უდიდესი კომპანიების ყველაზე პოპულარულ აქციებს აერთიანებს. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, NASDAQ-ი 3.85%-ით იმატა, ერთი თვის შემდეგ 10.9%-იანი ზრდა დააფიქსირა, ერთი წლის შემდეგ კი, ინდექსი 15.5%-ით იყო მომატებული. ნაკლებად შთამბეჭდავი, მაგრამ ანალოგიურად მნიშვნელოვანი, თითქმის 12%-იანი ზრდა დააფიქსირეს ამავე წელს S&P 500-მა და Dow Jones-მა, ანუ ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებას ბაზარი დადებითად შეხვდა.
საპირისპირო მდგომარეობა დაფიქსირდა საფონდო ბირჟებზე 2008 და 2012 წლებში, ანუ მაშინ, როცა ამერიკელებმა პრეზიდენტად ბარაკ ობამა აირჩიეს. ობამას პრეზიდენტად პირველად არჩევის მეორე დღეს, S&P 500-მა 5.3%-ით, Dow Jones-მა 5%-ით, ხოლო NASDAQ-მა 5.5%-ით იკლო. მნიშვნელოვანი კლება გაგრძელდა არჩევნებიდან მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ საგულისხმოა, რომ ბარაკ ობამას პირველ საპრეზიდენტო ვადას გლობალური ფინანსური კრიზისი დაემთხვა, როცა მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში რეცესია იყო.
პროგნოზირება იმისა, თუ კონკრეტულად რა გავლენას მოახდენს საფონდო ბირჟებზე აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რთულია. ისტორია აჩვენებს, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევნის შემდეგ, მოკლევადიან პერიოდში, რყევები ფიქსირდება, მაგრამ გრძელვადიანად, საფონდო ინდექსები, მაინც იზრდება.