Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ჩეხერიას თქმით, სპორტული შეჯიბრებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმზე. როგორც ჩეხერიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, საქართველო-საბერძნეთის ისტორიული მატჩის დროს თბილისში მდებარე სასტუმროების და რესტორნების დატვირთულობა მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი.
BMG-თან საუბრისას მან ქვეყნის ცნობადობის გაზრდაზეც და ამ პროცესში ფეხბურთის როლზეც ისაუბრა.
„ფეხბურთი ზრდის არა მარტო საერთაშორისო ტურიზმს, არამედ შიდა ტურიზმსაც იმიტომ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელიც თამაშს სტადიონზე ესწრებოდა, რეგიონებიდან, ქალაქებიდან იყვნენ ჩამოსული, რაც რეალურად ეტყობა როგორც რესტორნებს, ისე სასტუმროებს.
როდესაც ბათუმში ლეგენდების მატჩი იყო, 100%-ით დაიტვირთა სასტუმრო, არადა, სამწუხაროდ, არასეზონზე ბევრი არაფერი ხდება ხოლმე. ასე რომ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმს ეს ძალიან უწყობს ხელს. ამისთვის იბრძვიან ქვეყნები, რომ ჩემპიონატები, ოლიმპიადები ჩატარდეს თავიანთ ქვეყანაში, რადგან ეს დიდ ეფექტს იძლევა.
როდესაც ევროპელი მოგზაური იგებს საქართველოს შესახებ, ჩამოდის აქ და ეს ზრდის ხარისხსაც. აჩენს მოთხოვნას ინფრასტრუქტურაზე და აღარ იქნება მერე საუბარი იმაზე, ჭარბია თუ არა ოთახების რაოდენობა. ასეთი მოგებები არის ის, რასაც ყოველთვის მოაქვს ტურისტული წარმატება. ამას უკვე კომენტარებშიც კი ვგრძნობთ ცნობადობის თვალსაზრისით.“ - განაცხადა ჩეხერიამ.