Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი, ვალერი ჩეხერია იზიარებს სექტორის წარმომადგენლების შეფასებას, რომ სასტუმროს ნომრების ჭარბი მიწოდებაა. ამის შესახებ მან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. დარგის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ნომრების მიწოდების სიჭარბეზე არსებული ფასები მეტყველებს, რომლებიც პანდემიამდელ დონეს კვლავ ვერ დაუბრუნდა.
ვალერი ჩეხერიას თქმით, სიტუაციის გამოსასწორებლად ერთ-ერთი მიმართულება საკონფერენციო ნაწილის გააქტიურებაა.
„მოთხოვნასთან შედარებით ნამდვილად ჭარბი მიწოდებაა. იმ ნიშნულზეც კი ვერ დავბრუნდით, რაც პანდემიამდე გვქონდა წლიური საშუალო ფასი. შესაბამისი მოთხოვნა რომ იყოს, ფასი გაიზრდებოდა. ჩემი გადმოსახედიდან, ყველაზე მნიშვნელოვანია ახალ მიმართულებებზე ვიმუშაოთ, ესენია ბიზნესის, ტურიზმის მიმართულებები, რომ საკონფერენციო ნაწილი აქტიურად დაიტვირთოს. თბილისში 50%-ზე მეტი მაინც ბიზნეს მოგზაური ჩამოდის და ეს აუცილებლად უნდა დაეტყოს ფასებს“, - ამბობს ჩეხერია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გეგმის მიხედვით, 2027 წლამდე ქვეყანაში 320 ახალი განთავსების ობიექტი უნდა აშენდეს, რაშიც 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. როგორც ჰოტელიერმა, მაია მურაჩაშვილმა BMG-სთან განაცხადა ქვეყანაში სასტუმროების საწოლფონდი ძალიან გაიზარდა, თუმცა მოთხოვნა შესაბამისად არ იმატებს, რამაც სასტუმროების შემოსავალი შეამცირა. მისი თქმით, სასტუმროების რაოდენობა, განსაკუთრებით, თბილისში, ბათუმში, ბაკურიანსა და გუდაურშია გაზრდილი.