მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ეკონომიკაზე? - ირაკლი ჟვანიას მოსაზრება

ირაკლი ჟვანია

საქართველოს ეკონომიკა ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს. 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 9%-ით გაიზარდა. საქსტატის წინასწარი შეფასებით. მხოლოდ ივნისში ზრდა 7.5% იყო. გასულ თვეში საქართველოს მსხვილ საწარმოთა ბრუნვამ 13.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.7%-ით მეტია.

Kudos Georgia-ს მმართველი პარტნიორ ირაკლი ჟვანიას შეფასებით, დღეს არსებული ეკონომიკური ზრდა ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით ლოგიკურია, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ეკონომიკაზე ჯერ არ ასახულა, თუმცა ჟვანიას თქმით, წინ არჩევნებია და თუ პოლიტიკურმა რყევებმა მასშტაბი შეიძინა, ბუნებრივია ეს ასახვას პოვებს ქვეყნის ეკონომიკაზე.

„სასიამოვნოა, როცა მოლოდინზე მეტად იზრდება ეკონომიკა, რაც არ უნდა ნიშნული იყოს. ფაქტორები უნდა ვეძებოთ იმაში, რომ არის ტურისტული სეზონი, ის, რომ პოლიტიკური ფაქტორები არ გადაზრდილა ეკონომიკურ ფაქტორებში და რყევებს, რამდენიმე თვის წინ არ ჰქონდა ეკონომიკური გავლენა. ჯერჯერობით მივდივართ ამ სცენარით, როცა მაღალი ტურისტული სეზონი, ფულადი გზავნილები, დაკრედიტების მოცულობა, ზრდის ეკონომიკას და ინარჩუნებს. ბოლო პერიოდი ეკონომიკა იზრდებოდა სტაბილურად, რაც თავისთავად განაპირობებს იმას, რომ დღევანდელი მდგომარეობა ასე თუ ისე არის ლოგიკური.

ტურისტული სეზონი რომ გადაივლის, არის არჩევნები, არჩევნები არის ყოველთვის შემაფერხებელი ფაქტორი, როცა ინვესტორები, ადამიანები ელოდებიან რა შედეგები იქნება, როგორი მდგომარეობა იქნება. თუ პოლიტიკური რყევა გადაიზარდა უფრო მასშტაბურად, რაც დღეს არ არის, მაშინ ეს შეაფერხებს ეკონომიკას“,- აცხადებს ირაკლი ჟვანია.

მისი თქმით, ინვესტორები ყურადღებას აქცევენ არამხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ პარამეტრებს, არამედ მათთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია სტაბილურობა.

„დასავლელი ინვესტორებისთვის პირველ რიგში საინტერესოა, რა ვითარება იქნება ქვეყანაში. სანქციების თუ სხვადასხვა ქვეყნის მიმართ პოლიტიკის შეცვლის რისკის ქვეშ ვდგავართ, რაც დიდწილად შეცვლის მათ დამოკიდებულებას. ერთია ციფრები, ასევე საგადასახადო გარემო მისაღებია ბევრისთვის, თუმცა ამ ორი ფაქტორით დღეს ინვესტორს ვერ მოიძიებ. თუ სტაბილურობა არ იქნა ქვეყანაში და არ იქნა დასავლური კურსი შენარჩუნებული, ეს შეაფერხებს დასავლელი, მსხვილი ინვესტორების მოძიებას. მსხვილი ინვესტორების გარეშე ჩვენ ვერასდროს გავაკეთებთ ისეთ ბუსტს ეკონომიკაში, რომ არსებითად შეიცვალოს ჩვენი ეკონომიკური პარამეტრები“,-განაცხადა ჟვანიამ.

მისი თქმით, რუსული კანონის მიღებით შექმნილ პოლიტიკურ პროცესებს ჯერ გავლენა არ მოუხდენია ეკონომიკაზე, თუმცა ეს გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად პოვებს მასზე ასახვას.

„როცა მსგავსი ტიპის მოვლენებზე ვსაუბრობთ, ამას გრძელვადიანი ეფექტი ექნება, ვიდრე მოკლევადიანი. ის განცხადებები, რომელიც გვესმის, ის, რომ პროექტების დაფინანსება ჩერდება ან მცირდება, ზოგიერთმა არასამთავრობომ შეიძლება შეწყვიტოს საქმიანობა, ეს გრძელვადიან პერიოდში შეასუსტებს ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას, კაპიტალის შემოსვლას და რაც მოახდენს გავლენას ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

ის, რომ დღეს ეს არსებითად არ ახდენს გავლენას, ამან არ უნდა მოგვცეს იმის თქმის საშუალება, რომ ამ მოვლენებმა ჩაიარა, ეფექტი არ მოუხდენია ეკონომიკისთვის. ეკონომიკისთვის სამწუხაროდ მოახდენს ეფექტს, უბრალოდ ამ პროცესებს გადალაგება სჭირდება. როგორც გარედან ჩანს არის მოლოდინი, რომ სურათი შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკურ ჭრილში, ამიტომ ინვესტორები, მათ შორის საერთაშორისო დონორები ალბათ არჩევენ რაღაც პერიოდით მოახდინონ დაკვირვება. წლობით ნაშენები კაპიტალის არხების შემცირება, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე ცუდ გავლენა მოახდენს“,-განაცხადა Kudos Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ჟვანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები