ორი წლის წინ დაარსებული საწარმო „შპს ნადათი +“ ფართოვდება. პროექტის ჯამური ღირებულება 900 000 ლარს შეადგენს, აქედან 600 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია კი „საქართველოს ბანკის“ მონაწილეობით დაფინანსდა.
Bm.ge კომპანიის დირექტორს, ალექსი ივანიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომპანია შიდა ბაზარზე ოპერირებს და ჯერჯერობით დამზადებული პროდუქციის ექსპორტზე გატანას არ გეგმავს.
„ამ ეტაპზე ვაწარმოებთ ავეჯს, საძინებლებს, კარადებს, შესასვლელის ავეჯს და ა.შ. თითქმის ყველაფერს, რბილი ავეჯის გარდა. ახლა კიდევ სადღაც სამ თვეში ვაპირებთ "ემდეეფის" შიდა კარების დამზადებას. ასევე ვყიდულობთ მინის დანადგარებს, დავამუშავებთ სარკესაც და სამომავლოდ, შესაძლოა აბაზანაში სარკეების წარმოებაც დავიწყოთ“, - განაცხადა ალექსი ივანიძემ.
მისი თქმით, საწარმო უკვე ორი წელია არსებობს და მოთხოვნა საკმაოდ არის გაზრდილი.
„გასულ წელს მაგალითად მილიონი ლარის პროდუქცია გავყიდეთ. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 20%-ით მეტია. რაც შეეხება დასაქმებულებს, პანდემიის მიუხედავად, თანამშრომლების გაშვება არ დაგვჭირვებია, პირიქით, გაფართოების გამო ალბათ კადრებს დავიმატებთ. ამჟამად 15 პირს ვასაქმებთ“, - აცხადებს ალექსი ივანიძე.
„თუ პანდემიამ ხელი არ შეგვიშალა და ჩაკეტილები არ ვიქნებით, რეალიზაცია მეტი გვექნება“, - დასძენს კომპანია „ნადათი +“-ის დირექტორი.




























