საქართველოს განვითარების ფონდი (ყოფილი საპარტნიორო ფონდი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ფონდია, რომელიც წარსულში ცნობილი იყო როგორც რამდენიმე მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის მფლობელი ჰოლდინგური კომპანია, რეფორმირების შედეგად, ფონდმა სახელმწიფოს მფლობელობაში გადასცა კომპანიები: "გაზის და ნავთობის კორპორაცია", "საქართველოს რკინიგზა", "სახელმწიფო ელექტროსისტემა" და "ესკო". რეფორმირების პროცესის გავლის და სახელის ცვლილების შემდეგ, ფონდი ფოკუსირებულია ახალი პროექტების დაფინანსებაზე და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციებით დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვაზე.
წარსულში საპარტნიორო ფონდს ახალი პროექტების დაფინანსება სავალუტო ფონდის პროგრამით ჰქონდა შეზღუდული, რადგანაც IMF-ი ფონდის საქმიანობაში ფისკალურ რისკებს ხედავდა; თუმცა ფონდის შესახებ ახალი კანონის მიღების, რეფორმირების პროცესის გავლის, მსხვილი კორპორაციების ფონდიდან გასვლის, დამოუკიდებელი წევრებით დაკომპლექტებული სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირების და სახელის ცვლილების შემდეგ ფონდში მიიჩნევენ, რომ წარსულში IMF-ის პროგრამით გათვალისწინებული შეზღუდვა მათზე უკვე აღარ ვრცელდება, შესაბამისად, 2024 წელს ფონდმა საინვესტიციო საქმიანობა განაახლა და სამი ახალი პროექტი დააფინანსა. ამ პროექტებში ფონდის თანამონაწილეობა 10 მილიონი დოლარია.
BMG ამ პროექტების და საინვესტიციო გეგმების შესახებ "საქართველოს განვითარების ფონდის" აღმასრულებელ დირექტორს - ბესიკ ბუგიანიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, რეფორმირებული ფონდი თითოეული პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილების მიღებისას საკმაოდ დიდი სიფრთხილით გადის შეფასების პროცესს და დაფინანსებას მხოლოდ მაშინ გასცემს, თუკი პროექტი სრულიად შეესაბამება ფონდის შესახებ კანონით გათვალისწინებულ მიზნებს. ბესიკ ბუგიანიშვილის განმარტებით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ისეთ პროექტებზე, რომლებიც რეგიონული განვითარების, ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური წარმოების, ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიის დანერგვის მიზნებს პასუხობენ. ფონდის დაფინანსების მექანიზმები რამდენიმე კატეგორიად იყოფა, კაპიტალში მონაწილეობა, უპირატესი სესხით დაფინანსება, სუბორდინირებული კრედიტები, მეზანინ დაფინანსება, სინდიცირებული სესხი და გარანტია.
სასტუმრო "აღობილი ჰილტონი" აბასთუმანში - ფონდის თანამონაწილეობა $3 მლნ, სრული ღირებულება $44 მლნ
"2024 წელს პირველი პროექტი იყო აბასთუმანში სასტუმრო "ჰილტონის" პროექტი, რაც ზედმიწევნით კარგად ჯდება ჩვენს პრიორიტეტებში, რადგანაც რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა. თუკი ტურიზმის სექტორზე ვსაუბრობთ, ჩვენთვის საინტერესოა რეგიონები და არა დიდი ქალაქები. დიდ ქალაქებში სასტუმრო კომპლექსები ბანკების დახმარებით ბრწყინვალედ ვითარდება, მაგრამ რაც შეეხება რეგიონებს, სადაც მანამდე არ იყო ეს სივრცე ათვისებული, რაც მისცემდა საკმაოდ დიდ ბიძგს რეგიონის განვითარებას, მე ვფიქრობ, რომ აბასთუმანი სწორედ ამ მიზნის წარმომადგენელია. ჩვენ ვმონაწილეობთ ამ პროექტში და დაფინანსებაში ასევე არის საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკი. პროექტი მიმდინარეობს და ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი", - აღნიშნავს ბესიკ ბუგიანიშვილი.
ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა - პროექტის სრული ღირებულება $600 მლნ; პირველი ფაზის ღირებულება 130 მლნ და ფონდის თანამონაწილეობა - $5 მლნ
"ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტს საკმაოდ უნიკალური შესაძლებლობა აქვს. ეს საკმაოდ რთული პროექტი იყო და საფინანსო წრეებშიც არ იყო გამოცდილება ასეთი პროექტის შეფასების, რადგან მსგავსი პროექტი ქვეყანაში არ განხორციელებულა. დიდი დროის რესურსი დაგვჭირდა გადაწყვეტილების მიღებაზე. ვიმუშავეთ კომერციულ ბანკებთან და პირველად მოვახდინეთ მათთან ერთად სინდიცირებული მეთოდით დაფინანსება, რაც მჭიდრო თანამშრომლობის გარდა, პროექტში ფონდის პოზიციის განმტკიცების საშუალებას გვაძლევს. ფონდისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი მასშტაბური და საინტერესო პროექტების ხელშეწყობა.
ქარხნის სრულად ამოქმედება ნავთობპროდუქტების წარმოების მიმართულებით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც მეტი ბერკეტები უჩნდება სახელმწიფოს, ასევე გააუმჯობესებს კონკურენციას, რადგან თუ იმპორტიორებს მოუნდებათ კონკურენცია გაუწიონ ადგილობრივი წარმოების საწვავს, მათ მოუწევთ უფრო იაფი საწვავის გარე წყაროების მოძიება. ამასთან, ამ პროდუქტს საექსპორტო პოტენციალი ყოველთვის აქვს, ვინაიდან საქართველო შავი ზღვის სანაპიროზე ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელსაც აქამდე არ გააჩნდა ნავთობგადამუშავების მასშტაბური შესაძლებლობა.
ამ პროექტის პირველი ფაზა ზაფხულის ბოლოს უნდა დასრულდეს და შემოდგომაზე ველით პირველ პროდუქციას, რომელიც პირველ ჯერზე ექსპორტისთვის იქნება განკუთვნილი. რაც შეეხება ევრო ხარისხის დიზელისა და ბენზინის წარმოებას, ეს გათვალისწინებულია პროექტის განვითარების შემდგომ ეტაპებზე, ისევე როგორც წარმოების მასშტაბის ზრდა. ბუნებრივია, ქარხნის კომპლექსურობიდან გამომდინარე ეს შესაძლებლობები ეტაპობრივად გაჩნდება და ცხადია მეტწილად დამოკიდებული იქნება მშენებლობის ტემპებზე", - აღნიშნავს ბუგიანიშვილი.
რადიოფარმაცევტული საწარმო თბილისში, "ნოვატექ ინტერნეიშენალი" - პროექტის ღირებულება 9.2 მილიონი ევრო, ფონდის მონაწილეობა - 1.8 მილიონი ევრო
"რადიოაქტიური ფარმაცევტული პროდუქტების წარმოება საქართველოში დღემდე არ ყოფილა და სრულად იმპორტდამოკიდებული ვიყავით ან პაციენტები უცხოეთში მიდიოდნენ სადიაგნოსტიკოდ. ახალი საწარმო გამოუშვებს PET-CT-ის რადიო სადიაგნოსტიკო პრეპარატებს. ეს პროექტი ჩვენთან შემოვიდა გასულ წელს, მასზე საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავეთ, მას ერთ-ერთ კომერციულ ბანკთან ერთად ვაფინანსებთ. კარგად გავიცანით გუნდი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს და აქვს საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება და როდესაც სიღრმისეულად განვიხილავდით დეტალებს, გარდა ძალიან პოზიტიური და საინტერესო კომერციული ნაწილისა, აგრეთვე დავინახეთ ამ პროექტს უმნიშვნელოვანესი სოციალური გავლენაც, რომელიც ხელს შეუწყობს დიაგნოსტიკის ხარისხისა და ეფექტურობის გაზრდას. 2026 წელს იგეგმება გახსნა, მას საკმაოდ რთული ტექნიკური ნაწილი აქვს, მოიაზრებს ე.წ. ციკლოტრონული მეთოდით სპეციფიკური ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებას. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში სულ სამი კომპანია აწარმოებს ასეთი მაღალი დონის ციკლოტრონის დანადგარებს (იაპონია, აშშ და ბელგია) და ამ საქმეში ჩვენი პარტნიორები თანამშრომლობენ ბელგიურ კომპანიასთან. მშენებლობა გრძელდება, პროცესში აქტიურად გავდიოდით კონსულტაციებს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ველოდებით მის გახსნას დაგეგმილ ვადებში", - აცხადებს ბესიკ ბუგიანიშვილი.
ახალმა ქარხანამ სიმსივნის სადიაგნოსტიკო მედიკამენტი PET-CT უნდა დაამაზადოს, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისთვის გამოიყენება.
რას გეგმავს ფონდი კაპიტალის მოსაზიდად?
თავად საქართველოს განვითარების ფონდი ამჟამად ახალი კაპიტალის მოზიდვას ცდილობს. ბესიკ ბუგიანიშვილის განცხადებით, ეს ნაკლებად იქნება საბანკო კრედიტის მსგავსი, რომლითაც წარსულში ფონდი სარგებლობდა, რადგანაც 2015 წელს ფონდმა Credit Suisse-ისგან 150 მილიონი დოლარის სასესხო ვალდებულება აიღო, რომელიც შემდგომში დაფარა. მსგავსი კომერციული სესხებით სარგებლობას ფონდი აღარ გეგმავს. ბესიკ ბუგიანიშვილის განცხადებით, ფონდი ესაუბრება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაგანაც რესურსის მოზიდვა შესაძლოა მოხდეს კონკრეტული პროექტების დაფინანსების თუ თანადაფინანსებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება იყოს ტექნიკური სირთულე, ამ ორგანიზაციების დაფინანსების მინიმალური ზღვრიდან გამომდინარე, ბესიკ ბუგიანიშვილის თქმით, ფონდი განიხილავს რამდენიმე ერთგვაროვანი პროექტის ერთ პაკეტად გაერთიანების შესაძლებლობებს, რათა დამფინანსებლებს მონაწილეობის მეტი შესაძლებლობები მიეცეთ. საორიენტაციო მოცულობა, რომლის მოზიდვაც ფონდს სურს დაახლოებით 50 მილიონი დოლარია.
"აქტიური მუშაობა მიდის, რომ განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან დაფინანსება მოვიზიდოთ. საუბარი მხოლოდ იმაზე არაა, რომ ჩვენ სესხი წამოვიღოთ და ის შემდეგ ბიზნესებზე გავცეთ, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენი სპეციფიკისა და ღირებულებების მქონე უცხოელ პარტნიორებთან ერთად შევძლოთ ამ პროექტებში მონაწილეობა.
ხშირ შემთხვევებში, საქართველოს მასშტაბისთვის, დაფინანსების მინიმალური ზღვარი აქვთ საკმაოდ დიდი. ჩვენ გვინდა რესურსები კონკრეტული პროექტებისთვის და ვცდილობთ გავაერთიანოთ კონკრეტული პროექტები, ამით შევძლოთ მასშტაბის გაზრდა, რაც მეტ შესაძლებლობებს გააჩენს ამ პროექტებისთვის თანხების მოზიდვაში.
ბუნებრივია, ჩვენი სპეციფიკური როლის გათვალისწინებით არ ვუწევთ კონკურენციას კომერციულ ბანკებს. პირიქით, ჩვენ ვეხმარებით კერძო სექტორს დავაწყებინოთ და შევაქმნევინოთ ის პროექტები, რომლებიც კომერციული ბანკებისთვის ჩვენი მონაწილეობის გარეშე გარკვეულწილად მაღალ რისკებს შეიცავს და ამიტომ არ არის მათთვის საინტერესო. რაც შეეხება განვითარების ინსტიტუტებს, ცხადია მათთანაც ვერ გვექნება კონკურენცია, ვინაიდან ერთ მიზნებს და ამოცანებს ვემსახურებით და გვსურს მათთან პარტნიორობა, რათა შევძლოთ და საერთო წვლილი შევიტანოთ პროექტების განვითარებაში და გავიზიაროთ წარმატება.
50 მილიონი დოლარი არის ის საორიენტაციო რიცხვი, რაც სასურველია რომ იყოს. თუმცა ეს დამოკიდებულია კერძო სექტორის მიერ ინიცირებულ პროექტებზე. ამ ეტაპზე აქტიურად ვამუშავებთ სხვადასხვა წინადადებას, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სექტორებში შეიძლება განხორციელდეს, რასაც ექნება სათანადო ეკონომიკური და სოციალური ეფექტი. ამასთან, ვცდილობთ ვიყოთ დივერსიფიცირებული, როგორც ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებაში, აგრეთვე დაფინანსების მოცულობაშიც. ჩვენი რესურსების გათვალისწინებით ვამჯობინებთ მონაწილეობა მივიღოთ არა ერთ, არამედ რამდენიმე პროექტში, სადაც ჩვენს გარდა წარმოდგენილი იქნებიან როგორც კომერციული ბანკები, აგრეთვე განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტები. ამგვარი კონფიგურაციით სტრუქტურირებული პროექტები იდეალურ სურათს მოგვცემს", - აცხადებს ბესიკ ბუგიანიშვილი.
რას გეგმავს ფონდი თავისი საინვესტიციო ქონების ათვისებისთვის?
საქართველოს განვითარების ფონდი დაინტერესებულ ინვესტორებს პროექტებში ფინანსური თანამონაწილეობის გარდა სთავაზობს უძრავი ქონებით მონაწილეობასაც. ფონდს ქვეყნის მასშტაბით არაერთი მიწის ნაკვეთი ეკუთვნის, მათ შორის თბილისში, ქობულეთში, იმერეთში, შიდა ქართლში, სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში. ფონდი მზადაა თუკი მას შესთავაზებენ ისეთ ბიზნესპროექტს, რაც ფონდის მიზნებთან არის თანხვედრაში, შევიდეს პროექტში საკუთარი უძრავი ქონებით და ამ სახით მიიღოს მონაწილეობა.
"მიწების გაყიდვა არც წარსულში მომხდარა და არც მომავალში იგეგმება. ჩვენ ამჟამად გვაქვს კონკრეტულ ლოკაციებზე ძალიან საინტერესო მოლაპარაკებები, რაზეც ვმუშაობთ. თუკი, წარმოდგენილია ისეთი პროექტი, რომელიც არ პასუხობს ჩვენს პრიორიტეტებს, ამაზე პირდაპირ ვეუბნებით ინვესტორს, არც ჩვენ დროს ვხარჯავთ და არც ინვესტორის. თუკი კერძო სექტორს სურს ჩვენს საინვესტიციო ქონებაზე პროექტის განხორციელება და ეს პასუხობს ჩვენს პრიორიტეტებს, ჩვენ შეგვიძლია ზუსტად საინვესტიციო ქონებით შევიდეთ ამ პროექტში. ის რომ შეგვიძლია კაპიტალში მივიღოთ მონაწილეობა, ეს ჩვენს საინვესტიციო ინსტრუმენტებს საკმაოდ კარგ მიმზიდველობას სძენს.
რაც შეეხება საფინანსო ინსტრუმენტებს, გვაქვს უპირატესი სესხის დაფინანსება, სუბორდინირებული სესხის ინსტრუმენტი, კაპიტალში მონაწილეობა, ასევე ვთავაზობთ სინდიცირებულ სესხს და მეზანინურ დაფინანსებას. აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყნის სადაზღვევო სააგენტოებთან, რომლებიც ახდენენ ქვეყნების ექსპორტის დაზღვევას, რაც საკმაოდ საინტერესოა.
ჩვენი მიზანია, რომ თავიდანვე განვსაზღვროთ პროექტიდან გამოსვლის სტრატეგია. კანონის ჩარჩოთიც განისაზღვრება ეს პირობები და ვადები, კერძოდ, 5-დან 7 წლამდე. ეს დრო სავსებით საკმარისია, იმისათვის, რომ ჩვენ დავინახოთ, ბიზნესი ვითარება, ფეხზე დგება და აქვს პოტენციალი. ჩვენს პარტნიორს უფლება აქვს, ფონდიდან დაფინანსების მიღების შემდეგ, წინასწარ განსაზღვრული ვადის განმავლობაში, ნებისმიერ დროს გამოისყიდოს ფონდის წილი. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, ფონდს აქვს უფლება მოითხოვოს პარტნიორისგან ფონდის წილის გამოსყიდვა.
რაც შეეხება პროექტებიდან გენერირებულ ფინანსურ რესურსებს, ჩვენ ამ რესურსებს მივმართავთ ახალი პროექტების დაფინანსებაზე", - აღნიშნავს ბესიკ ბუგიანიშვილი.