მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს განვითარების ფონდის" ღვინის ბიზნესი მეხუთე აუქციონზე, 98%-იანი ფასდაკლებით გაიყიდა

Lost Eden

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდ Eauction.ge-ს თანახმად, გაიყიდა ღვინის კომპანია "გლობალ ბრენდი". მყიდველმა კომპანია მხოლოდ ერთი ბიჯით, 150,000 ლარად შეისყიდა. ეს წარმოადგენდა ამ კომპანიის გაყიდვის რიგით მეხუთე აუქციონს, რადგან ყველა წინა აუქციონი უშედეგოდ დასრულდა. თავდაპირველად კომპანიის საწყისი ფასი ჯერ 7.5 მლნ ლარს, შემდეგ 3.7 მილიონს, შემდეგ 950,000 ლარს, შემდეგ კი 300,000 ლარს შეადგენდა. თუმცა კომპანიის გაყიდვა მხოლოდ 150,000 ლარად მოხერხდა, რაც პირველად ფასთან შედარებით 98%-ით ნაკლებია.

კომპანია "გლობალ ბრენდი" საქართველოს განვითარების ფონდმა 2017 წელს დააფუძნა, კომპანიის პირვანდელ მიზანს აშშ-ში ღვინის ექსპორტი წარმოადგენდა.

ღვინის კომპანია "გლობალ ბრენდი" "საქართველოს განვითარების ფონდის" სხვა პროექტებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ კომპანია 100%-ით თავად ფონდს ეკუთვნოდა, მაშინ როდესაც სხვა კომპანიებში ფონდი ძირითადად მინორიტარული სახით მონაწილეობდა. ეს კი ნიშნავს, რომ პროექტის განხორციელების ბიზნეს რისკი სრულად ფონდმა აიღო და მასში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ღვინო Lost Eden-ი, რომელსაც ამერიკული ბაზარი უნდა დაეპყრო, თუმცა საბოლოოდ პროექტი წარუმატებელი გამოდგა.

აღნიშნული პროექტი ბიზნესმენ ლევან გაჩეჩილაძის ბიზნესიდეას წარმოადგენდა, 2020 წელს გამოქვეყნებული ჟურნალისტურ გამოძიებასთან ლევან გაჩეჩილაძე აცხადებდა, რომ იმის მიუხედავად რომ სახელმწიფომ მის პროექტში კომერციული რისკი აიღო, პროექტის წარმატების შემთხვევაში ის ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანდა.

2020 წელს საკითხზე კომენტარი გააკეთა ფონდის მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ თუკი კომპანია უკუგების 11%-ის მაჩვენებელს ვერ დააფიქსირებდა, მისი გაყიდვა მოხდებოდა.

"ამ პროექტის გამოსყიდვის უფლება გააჩნია ლევან გაჩეჩილაძეს, იმიტომ, რომ ის იდეის ავტორი თავად იყო და მინდა გითხრათ, რომ ის პროექტში იყო ჩართული და მუშაობდა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ამ პროექტზე ჩვენ გვიდევს ასევე 11%-იანი IRR, თუ ის ამ ვალდებულებას წლის ბოლომდე ვერ შეასრულებს მაშინ ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ეს კომპანია გამოვიტანოთ აუქციონზე და გავყიდოთ," - 2020 წელს განაცხადა დავით საგანელიძემ.

კომპანია "გლობალ ბრენდი" საქართველოს განვითარების ფონდის წლიურ ფინანსურ ანგარიშებში სულ რამდენჯერმე არის ნახსენები, ყველაზე მეტი დეტალი კომპანიის შესახებ 2020 წლის ფინანსურ ანგარიშში არის მითითებული, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია არ იყო შემოსავლიანი და მასში ფონდის მიერ ჩადებული ინვესტიცია გაუფასურებული იყო.

რეესტრის თანახმად, კომპანია "გლობალ ბრენდს" უძრავი ქონება არ ეკუთვნის, უცნობია რა მოცულობის მოძრავი ქონება და მარაგები არის კომპანიაზე რეგისტრირებული.

თავად "გლობალ ბრენდის" ფინანსური ანგარიშგება საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა, შესაბამისად უცნობია თუ რა ღირებულების ღვინის რეალიზაცია მოახდინა კომპანიამ, საჯაროდ უცნობია მისი აქტივების და ვალდებულებების შესახებ ინფორმაციაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები