მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გეგმები აქვს მიმდინარე წელს “პარიკების ოთახს"?

პარიკები

“პარიკების ოთახის“ თანადამფუძნებელი, გვანცა ინასარიძე BM.GE-თან ახალი მიმართულების, კერძოდ მამაკაცის ხაზის გააქტიურების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მამაკაცის ხაზი წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მამაკაცის ხაზის საწარმოებელი დანადგარი გზაშია და დაახლოებით 2 თვეში საქართველოში იქნება. ამის შემდეგ, კომპანია მუშაობას სატესტო რეჟიმში დაიწყებს.

„ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქალის პარიკების წარმოება დავიწყეთ, მამაკაცები სოციალურ ქსელებში გვწერენ და ადგილობრივ იმპლანტს გვთხოვენ. თუმცა, ისეთი იმპლანტის წარმოება, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ, საქართველოში არ იწარმოება.

ამჟამად, დანადგარები გზაშია და შეთანხმების მიხედვით, დაახლოებით 2 თვეში საქართველოში იქნება. ამის შემდეგ სატესტო რეჟიმში მამაკაცის ხაზის წარმოებას დავიწყებთ, ხოლო ახალი მიმართულებით გააქტიურება წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. რაც შეეხება ინვესტიციას, მის ასამოქმედებლად ჯამში დაახლოებით 20000 ლარის ინვესტიციაა განხორციელდა.

ამასთან, ვემზადებით ექსპორტისთვის და ამისათვის ნიადაგს ვამზადებთ. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში მონაწილეობას ვიღებ და „ექსპორტის მენეჯერების“ გადამზადების პროგრამას გავდივარ, სადაც ექსპორტისთვის საჭირო საკვანძო დეტალებს მასწავლიან“,- აცხადებს ინასარიძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, რომელიმე კონკრეტულ ქვეყანასთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა კომპანია სხვადასხვა ქვეყნების დაკვირვების პროცესშია.

გარდა ამისა, კომპანია წელს, ბათუმში ახალი ფილიალის დამატებას გეგმავს. კერძოდ, ამ ეტაპზე რამდენიმე სალონთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომლებთან თანამშრომლობის საფუძველზე, ობიექტებში „პარიკების ოთახის“ სტენდის განთავსება და პროდუქციის ამ სახით რეალიზაცია უნდა მოხდეს.

რაც შეეხება ბაზარზე არსებულ ტენდენციას, ქართული წარმოების პარიკები ამ დრომდე, 250 ლარიდან 5 000 ლარამდე მერყეობდა, თუმცა ინასარიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ გაზრდილი ნედლეულიდან გამომდინარე, კომპანიას პროდუქციაზე 10%-მდე ფასების ზრდა მოუწიათ.

კომპანიის წარმომადგენელი გაზრდილ მოთხოვნაზეც საუბრობს, რის გამოც კომპანიაში როგორც საწარმოში, ასევე სალონში კადრებზე ვაკანსია მუდმივადაა გამოცხადებული.

ინფორმაციისთვის, „პარიკების ოთახი“ ბაზარზე მეორე წელია რაც ოპერირებს და მათ პროდუქციაზე მოთხოვნაზე მზარდი ტენდენცია შეინიშნება. სოციალური საწარმო თბილისთან ახლოს, სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს. კომპანია წარმოებულ პარიკებს ბუნებრივი თმისგან ამზადებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები