მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გეგმით იწყებს მუშაობას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე?

5f51e386e1e8f
ეკა ციმაკურიძე
04.09.20 10:47
2036
პარლამენტის მორიგი საშემოდგომო სესია წინასაარჩევნო პერიოდის ოფიციალურად დაწყებას დაემთხვა. 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა, ხოლო მეცხრე მოწვევის პარლამენტს მიმდინარე საქმეების დასასრულებლად მხოლოდ 2 თვე რჩება.

წინასაარჩევნო პერიოდშიც პარლამენტი ვალდებულია გააგრძელოს მუშაობა, თუმცა, მთავარი და ყველაზე საინტერესო ისაა, თუ რა იქნება ის საკითხები, რომელთა შესრულებას დარჩენილ მცირე დროში წარმავალი პარლამენტი ჩათვლის პრიორიტეტულად: იქნება ეს დაწყებული მნიშვნელოვანი რეფორმების ბოლომდე მიყვანა თუ, დარჩენილი დროის გამოყენება წინასაარჩევნო კონტექსტში ამომრჩევლებისთვის სხვადასხვა სოციალური დახმარების პაკეტების შესათავაზებლად. თუმცა, ვინაიდან საშემოდგომო სესიის პრიორიტეტები წინასწარ ცნობილი არ არის, იმას, თუ რამდენად ეფექტურად გამოიყენებს პარლამენტი დარჩენილ 2 თვეს, ყოველდღიური დაკვირვების პროცესში დავინახავთ.

რადგანაც საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სამართლიან და პარტიებისთვის თანასწორ გარემოში, კანონის მოთხოვნაცაა და ქვეყნისთვის უმთავრესი ამოცანაც, წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ისეთი ინიციატივებისგან, რომელიც შეიძლება ამომრჩევლის მოსყიდვის, საბიუჯეტო თანხების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შთაბეჭდილებას ტოვებდეს და კონცენტრირდეს ისეთ ინიციატივებზე, რომლებიც დაწყებულ მნიშვნელოვან რეფორმებს მიიყვანს ბოლომდე ან სწრაფად გადაწყვეტას საჭიროებს.

პარლამენტის ბოლო პერიოდის მუშაობაზე დაკვირვებით რამდენიმე პრიორიტეტული საკითხის გამოყოფა შეიძლება, რასაც საშემოდგომო სესიამ შეიძლება უპასუხოს.

შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება ქვეყანაში შრომის უსაფრთხო პირობების შესაქმნელად აუცილებელი და სასწრაფო ამოცანაა. დაწყებულია და უნდა დასრულდეს მეწარმეთა შესახებ კანონის განახლება.

პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს შორის არის პარლამენტის და მისი აპარატის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის წესების შემოღება, რაც ასეთი საჭიროების შემთხვევაში პარლამენტს შეუქმნის საკანონმდებლო გარემოს დისტანციურად ეფექტიანი მუშაობისთვის. ასევე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ საგანგებო და საომარი მდგომარეობის შესახებ კანონში არსებული ხარვეზების გამოსწორების საჭიროება დაგვანახა, რაც მმართველი ხელისუფლების მხრიდანაც მაშინვე აღინიშნა. მიუხედავად დაპირებისა, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი ჯერ არ არის ინიცირებული.

ოპოზიციის ინიციატივები ხშირად არც კი განიხილება. რამდენიმე თვეა განსახილველია 10 ასეთი ინიციატივა, თუმცა ამ დრომდე მათი განხილვის ვადების გადადება ან გაჭიანურება ხდება, რაც დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს.

საზედამხედველო კუთხით ჯერ კიდევ საგაზაფხულო სესიის პერიოდში დაიწყო და არ დასრულებულა რამდენიმე თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობა. არაერთი საგანგაშო დასკვნის ფონზე, მნიშვნელოვანია გარემოს ტყვიით დაბინძურების შემსწავლელი თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობა კონკრეტული შედეგით დასრულდეს.

ამდენად, დარჩენილი შემჭიდროვებული ვადები და წინასაარჩევნო კონტექსტი განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობას, ამასთან, მოითხოვს ერთგვარი ბალანსის დაცვას იმისთვის, რომ ერთი მხრივ, არ დაზიანდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარების ამოცანა, ხოლო მეორე მხრივ, პარლამენტის საქმიანობა იყოს ეფექტიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები