დღეს „საქმიანი დილის“ ეთერში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, თბილისის ახალ ზოოპარკში ჟირაფებს ჩამოიყვანენ. როგორც ვიცით, საუბარია ხუთ ჟირაფზე, თუმცა მათ ღირებულებასა და სამშობლოზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, პასუხი გაგვეცა ერთ საინტერესო შეკითხვაზე – რა ღირს ჟირაფი? დავიწყოთ იმით, რომ საერთაშორისო ბაზარზე ჟირაფის პირდაპირ შესყიდვა უბრალოდ შეუძლებელია. იმისათვის, რომ ზოოპარკმა ჟირაფი მიიღოს, მან ამისათვის წინასწარ მოსამზადებელი პერიოდი უნდა გაიაროს, ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს და ჟირაფის გამცემი სახელმწიფოს მხრიდან ნებართვა მოიპოვოს.
ჟირაფები აფრიკაში, საჰარის სამხრეთით, სავანეებში ბინადრობენ. გამრავლებასთან დაკავშირებული სირთულეებისა და ბრაკონიერობის გამო, ჟირაფების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით კრიტიკულადაა შემცირებული, ამიტომ ამ ცხოველის მოპოვება ნებისმიერი ზოოპარკისთვის საკმაოდ რთულია.
რაც შეეხება ხარჯებს, ზოოპარკებისა და ორგანიზაციების მიერ გაყიდული ჟირაფების ღირებულება 40,000 დოლარიდან 100,000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ცხადია, სქესის, ასაკის, ზომისა და მახასიათებლების მიხედვით ჟირაფების ფასები განსხვავებულია. ამ თეორიულ ფასთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იქნეს ტრანსპორტირების ხარჯები, რადგან ერთი კონტინენტიდან მეორეზე ჟირაფის გადაყვანა ნამდვილად არ არის მარტივი. ზოგიერთ შემთხვევაში, ტრანსპორტირების ხარჯი თავად ჟირაფის ღირებულებას აჭარბებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის შედარებით მოზრდილია და სპეციალურ სადგომს საჭიროებს.
რამდენის გადახდა იქნება საჭირო საქართველოში ჟირაფების ჩამოსაყვანად, ეს უცნობია, რადგან სახელმწიფოებს შორის დადებული კონტრაქტები შედარებით განსხვავებულია და საქართველოს შემთხვევაში ამ ზემოხსენებული ფასების პირდაპირ მისადაგება აზრს მოკლებული იქნება.
სადაც ეგზოტიკურ ცხოველებს ვახსენებთ, იქვე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ პინგვინებზეც. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პინგვინის შეძენა ლეგალური გზებით შეუძლებელია, მისი ყიდვის გზა შავ ბაზარზე გადის და სერვისის ღირებულება 20,000 დოლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ეს არ მოიცავს ანტარქტიდიდან მისი ტრანსპორტირების ხარჯებს, რომელიც, დამერწმუნეთ, იაფი არ იქნება. ასევე, არავითარი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ კრიმინალური საქმიანობით დაკავებული ბრაკონიერი თქვენს დაკვეთას შეასრულებს და იმ 20,000 დოლართან ერთად არ აორთქლდება.
ახლა კი პინგვინის ფლობის ლეგალურ გზებს რომ დავუბრუნდეთ, ამ უფლების მოსაპოვებლად ზოოპარკმა მომზადების პროცესი უნდა გაიაროს და საერთაშორისო ასოციაციის მხრიდან დასტური მიიღოს, რათა მას შემდგომ პინგვინი გადაეცეს. ჟირაფთან შედარებით მომცრო ზომამ არ უნდა მოგატყუოთ, რადგან პინგვინების მოვლა უაღრესად რთულ საქმედ ითვლება, რადგან ექსტრემალურ სიცივის მიჩვეული ფრინველები სპეციალურ გარემო-პირობებს მოითხოვენ, რომლის უზრუნველყოფა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ახლა კი დროა ყველაზე საინტერესო ცხოველზე, პანდაზე გადავინაცვლოთ, რომლის ფასი საჯაროდ ცნობილია და მისი წლიური ქირა მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. პანდებს აქირავებენ და თან საკმაოდ დიდ ფასადაც, თუმცა საქმე ისაა, რომ შავ-თეთრი დათვის ყოლის უფლების მოსაპოვებლად წელიწადში მხოლოდ მილიონი დოლარის გადახდა არ არის საკმარისი.
საქმე ისაა, რომ პანდა ჩინეთის ენდემური ცხოველი და ქვეყნის ეროვნული სიმბოლოა, რომელიც არა მარტო წითელ წიგნში, არამედ ჩინეთის მთავრობის დიპლომატიურ სახელმძღვანელოშია შეყვანილი. პლანეტაზე არსებულ ყველა პანდას, დაბადების ადგილის მიუხედავად, ჩინეთის მთავრობა ფლობს. თავად პეკინის მხრიდან უცხო სახელმწიფოსთვის პანდის გადაცემა არის უდიდესი პატივი და იმის ნიშანი, რომ ჩინეთს დასაჩუქრებულ ქვეყანასთან ურთიერთობის გაღრმავება სურს, სწორედ ამიტომაც ამ ჟესტს პანდას დიპლომატიას უწოდებენ. პანდას უკან გამოთხოვა საპირისპირო ჟესტია, ეს ნებისმიერი სახის დიპლომატიურ დემარშზე უფრო მწვავე ნაბიჯად მიიჩნევა, რომელსაც ჩინეთის მთავრობა შედარებით იშვიათად მიმართავს, ბოლოს ასეთი ნაბიჯი მან ამერიკის წინააღმდეგ გადადგა, როდესაც სამი პანდა უკან გამოიწვია.
მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანამ რომ პანდის ყოლის უფლება მოიპოვოს, ის ჩინეთის მთავრობის მხრიდან ამ ჯილდოს უნდა იმსახურებდეს, ამიტომაც პანდის რეალური ფასი მილიონ დოლარზე გაცილებით მეტია, რაც მას პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვან და ძვირად ღირებულ ეგზოტიკურ ცხოველად აქცევს.