მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს 1 წლით სიცოცხლის გახანგრძლივება? - ნობელიანტი ეკონომისტის მთავარი საზომი

64535025604f7
ელენე კვანჭილაშვილი
04.05.23 23:00
1296
BMG აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას ადგილზე - სამხრეთ კორეაში აშუქებს. ერთი სესია ნობელის პრემიის მფლობელთან, ეკონომისტ მაიკლ კრემერთან საუბარს დაეთმო. მაიკლმა 2019 წელს ნობელის პრემია მიიღო მიგნებისთვის, რომელიც ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტისთვის RCT – Randomely Controlled Test - მოდელის გამოყენებას გულისხმობს.

„ერთი საზომი, რომელსაც ეკონომისტები განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს ისაა, თუ რა შეიძლება დაჯდეს მოქალაქის სიცოცხლის 1 წლით გახანგრძლივება - უთხრა მაიკლ კრემერმა ‘ანალიტიკა’ ავტორსა და წამყვანს ელენე კვანჭილაშვილს მოკლე ინტერვიუს დროს - და ამ საზომით შესაძლოა მცირე ინვესტიციებით მეტი ეფექტიანობა მივიღოთ“.

მაიკლ კრემერს კონკრეტული მაგალითების მოყვანაც ვთხოვეთ. მან რამდენიმე მაგალითი გაგვიზიარა.

წყლის პრობლემა: „ერთ-ერთ საერთაშორისო NGO-სთან ერთად წყლის პრობლემაზე ვმუშაობდით. ექსპერიმენტული მიდგომის არსი ის იყო, რომ რამდენიმე გადაწყვეტა მოვსინჯეთ, რასაც შედეგი უნდა მოეტანა. ზოგმა გაამართლა, ზოგმა - ნაკლებად. საბოლოო ჯამში, მივაგენით გამოსავალს - წყლის სისუფთავე. შემდეგ დავსვით კითხვა - რა თანხა დასჭირდება სუფთა წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფას? აქ გამოვიყენეთ სიცოცხლის გახანგრძლივების საზომი. გამოვიდა, რომ ყოველი ერთი წლით სიცოცხლის გახანგრძლივებას 40 დოლარი დასჭირდებოდა - ეს იმდენივე იყო, რაც ყოველწიულად ბავშვების იმუნიზაციას სჭირდებოდა“

განათლება: „კენიაში მასწავლებლად ვმუშაობდი. ამ გამოცდილების შემდეგ, გამიჩნდა წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლებოდა სისტემის გაუმჯობესება. RCT მოდელის უპირატესობა ის არის, რომ წინასწარ შეგიძლია განჭვრიტო, რამ შეიძლება არ გაამართლოს, მაგრამ ამასთანავე, რამ შეიძლება მოიტანოს ეფექტი. კენიაში, მაგალითად, ბევრი ბავშვია დაავადებული ჭიით. ამდენად - ჭიებზე მკურნალობა, რაც 57 ცენტი ჯდებოდა მთელი წლის განმავლობაში - ზრდიდა ბავშვების პროდუქტიულობას და ამ სეგმენტში შემოსავლებს, დაახლოებით, 30%-ით. ამდენად, ეს მოდელი იმის შესაძლებლობასაც იძლევა, რომ პირდაპირი კავშირის არმქონე სფეროების ისე გაანალიზებდეს, დადებითი ეფექტი მნიშვნელოვნად გაიზარდოს“.

ეკონომიკა: „დღეს სეულში განიხილება საკითხი იმასთან დაკავშირებით, უნდა დაწესდეს თუ არა საბაზისო ხელფასი. სხვადასხვა მოსაზრება შეიძლება არსებობდეს - იქნებ, საერთოდ არ არის ეს სწორი გადაწყვეტილება, რადგან მოქალაქეებს შესაძლოა მეტი პროდუქტიულობის სურვილი გაუქროს? თეორიაზე შეგვიძლია ვიდებატოთ და გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრებები. სეულმა სწორი გზა აირჩია - ის ცდილობს გავლენა წინასწარ შეისწავლოს და RCT მოდელის გამოყენებით, შერჩევითად დატესტოს ვარიანტები. იმის მიხედვით, რას აჩვენებს ექსპერიმენტი არა მხოლოდ სეულმა შეიძლება მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, არამედ, შემდეგ სხვა ქალაქებსაც და ქვეყნებსაც კი გაუზიაროს”.

მაიკლ კრემერს მიაჩნია, რომ ნობელის პრემიის მფლობელი მოდელი შეიძლება გამოიყენონ როგორც სამოქალაქო სექტორმა, ისე მთავრობებმა და დონორებმა. ნობელიანტ ეკონომისტს უკვე აქვს შემუშავებული ორი პროგრამა - ერთი USAID-თან ერთად და მეორე - ჩიკაგოს უნივერსიტეტთან ერთად. განვითარების ინოვაციური ლაბორატორია ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც მუშაობს პარტნიორებთან - ტიპიურად მთავრობებთან, თუმცა - კერძო და სამოქალაქო სექტორებთანაც - იმისთვის, რომ პასუხი გასცეს იმ გამოწვევებს, რაც მათ წინაშეა - როგორც ადგილობრივი მიდგომების შემუშავების, ისე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით. ამ ეტაპზე ჩიკაგოს უნივერსიტეტის განვითარების ინოვაციური ლაბორატორია ინდოეთის მთავრობასთან რამდენიმე რეფორმაზე მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები