მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ღირს? რამდენს ვკერავთ დღეში? ვისთვისაა უფასო? - მიხეილ ხიდურელი ქართულ პირბადეებზე

5e90c4507c9a6
თამთა ჯიჯავაძე
10.04.20 23:02
2162
პროექტის "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი საქართველოში პირბადეების წარმოების დაწყების შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს. 

როგორც ხიდურელი წერს, დღეის მდგომარეობით პირბადეებს კერავს 9 სამკერვალო საწარმო ქვეყნის მასშტაბით. დღეში იკერება 150,000–მდე პირბადე.

"მსოფლიო დეფიციტის ფონზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით პირბადის დასამზადებლად შეირჩა უსაფრთხო და აპრობირებული მასალა - დოლბანდი.
 
რამდენიმე დღეში ეკონომიკის სამინისტროს და ჩვენი სააგენტოს ორგანიზებით მოხდა წარმოების პროგრამის აწყობა, სამკერვალოების პირბადეებზე გადაწყობა და ქვეყანაში არსებული დოლბანდის სრული მარაგის მობილიზება. თითოეული საწარმოს მიერ შეკერილი პირბადის პროტოტიპი შემოწმდა და დადასტურდა ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ.

საწყის ეტაპზე გარკვეული რაოდენობის პირბადის შეკერვა უკლებლივ ყველა საწარმოს მხრიდან მოხდა სრულიად უსასყიდლოდ, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ.
 
პარალელურად სახელმწიფოს მხრიდან დაიწყო მუშაობა, დოლბანდის მასალის შემოტანაზე, რადგან ქვეყნის მარაგი იყო შეზღუდული. ურთულესი პროცესის გავლის შემდეგ რამდენიმე ქვეყანაში სახელმწიფომ, დიპლომატიური კორპუსის დახმარებით კომერციულ ფასად შეიძინა დოლბანდის მასალა და ააწყო მიწოდების უწყვეტი ჯაჭვი (ე.წ მწვანე კორიდორის უზრუნველყოფით).
 
დღეს სახელმწიფო ყიდულობს დოლბანდს და პირბადის შესაკერად საჭირო სხვა ნედლეულს (რეზინა, ძაფი, შესაფუთი მასალა) და აწვდის სამკერვალოებს რომლის შეკერვის სერვისის ღირებულება არის 50-70 თეთრი, რაც რეალურად არის საწარმოსთვის პროდუქტის წარმოების თვითღირებულება.

ნედლეულის და შეკერვის ხარჯების ჯამური თვითღირებულება არის მიახლოებით 1.08 (მერყეობს გამომდინარე დოლბანდის ფასისა,რომელიც შემოგვაქვს).
 
სახელმწიფოს მხრიდან უსასყიდლოდ ხდება პირბადეების დარიგება შემდეგი ჯგუფებისთვის:
- 70 წელს გადაცილებული ხანდაზმული მოქალაქებიისთვის
- ჟურნალისტებისთვის
- ვირუსთან ბრძოლაში წინა ხაზზე მყოფი: მოხალისეებისთვის, კარანტინებში მომუშავე პერსონალისთვის (ტურიზმის ადმინისტრაცია, სასტუმროს პერსონალი)
- სურსათის საცალო სავაჭრო ქსელები და სააფთიაქო ქსელები
- თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის სამინისტროებისთვის და სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის და ა.შ", – წერს მიხეილ ხიდურელი.

მისივე თქმით, 400,000 პირბადე სარეალიზაციოდ გადაეცა სააფთიაქო ქსელებს, სადაც ნებისმიერ პირს შეუძლია შეიძინოს ქართული პირბადე 50 თეთრად. "აქაც სააფთიაქო ქსელების გადაწყვეტილებით, პირბადეს არ დაუმატებენ ფასნამატს, და გაიყიდება თვითღირებულებით.
მაშინ როდესაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ვერ ახდენენ ქვეყნისთვის საჭირო უსაფრთხო პირბადეების უზრუნველყოფას, საქართველო აწარმოებს და ქვეყანას უზრუნველყოფს უსაფრთხო და მრავალჯერადი პირბადით", – დასძენს მიხეილ ხიდურელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები