მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გვასწავლა EURO 2024-მა? - შოთა არველაძის საფეხბურთო ანალიზი

შოთა არველაძე

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ EURO 2024-ზე მიღწეული წარმატება ქართველი ფეხბურთელების, მწვრთნელების, მენეჯერებისა და გულშემატკივრების მრავალწლიანი შრომის შედეგია.

წლების განმავლობაში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არაერთ ფეხბურთელს უთამაშია, რომელთაგან რამდენიმე განსაკუთრებული მოთამაშის გამორჩევა შეიძლება. ერთ-ერთ მათგანი შოთა არველაძეა, რომელსაც ეროვნული ნაკრების მაისურით ამ დრომდე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შეფასება, სწორედ მას ვთხოვეთ. როგორც შოთა არველაძემ BMG-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ახალგაზრდა ესპანელების წარმატება ის მაგალითია, რომელიც ქართული კლუბების აკადემიებში მოთამაშე ფეხბურთელებს სჭირდებათ.

“2024 წლის ევროპის ჩემპიონატი ბევრ ოცნებასთან იყო დაკავშირებული და დიდი ემოციაც ამიტომ გამოიწვია. ახლა, ყველაფერი დამთავრდა, ანუ შეგვიძლია დავფიქრდეთ, თუ რა მოუტანა ამ ტურნირმა ჩვენს ქვეყანას და რა შეიძლება მოუტანოს მომავალში. მართალია, არაჩვეულებრივი ზაფხული მოვიწყვეთ, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ეფექტი ერთჯერადი არ იყოს და განვითარება მოჰყვეს, დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და ვნახოთ, თუ რა შეუძლია სპორტის ამ სახეობას. ვნახეთ, რომ ფეხბურთს ადამიანების გონებაში წარმატების მეხსიერების შექმნა შეუძლია, რაც, შესაძლოა, მოტივაცია იყოს სამომავლო განვითარებისთვის.

თავად ის ფაქტი, რომ ამ მნიშვნელობის ტურნირს 15-16 წლის ბავშვები იგებენ, მიგვანიშნებს, რომ ხვალ - ასეთივე ტურნირის მოგება ნებისმიერ იმ ფეხბურთელს შეუძლია, რომელიც ქართულ აკადემიაში ირიცხება. თბილისის “დინამოს” აკადემია, როგორც იცით, ერთ-ერთი წარჩინებულია ევროპაში და მსოფლიოში, რადგან ის ფეხბურთელებს ყველა ასაკობრივ ნაკრებს აწვდის. 12-14 წლის ფეხბურთელები ხედავენ, რომ მათზე ორი თუ სამი წლით უფროსს შეუძლია ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს - ასე, ეს ბავშვები მოტივირებულები ხდებიან.

ჩვეულებრივად ვიღებთ, რომ ნაკრებში “ოქროს ბუცის” მფლობელი, საუკეთესო მეკარე და საუკეთესო თავდამსხმელი გვყავს. ჩვენც იმ სუფრაზე ვართ და შეგვიძლია, თამადის როლიც მოვირგოთ. ეს დამატებითი მოტივაციაა ქვეყნისთვის და ფეხბურთისთვის და იმედი მაქვს, რომ ის, ვისაც ეს ეხება, ამ საკითხს აანალიზებს, რადგან არათუ რომელიმე ბიზნესმა ან ადამიანმა, ილონ მასკმაც კი რომ მოინდომოს, სხვა ქვეყანაში 70,000 ქართველს ვერ ჩაიყვანს და ასეთ ემოციას ვერ შექმნის, რაც საქართველო ნაკრებმა, ფეხბურთმა და იმ ბიჭებმა შეძლეს, რომელთაც ეს ისტორია დაწერეს”, - განაცხადა შოთა არველაძემ BMG Talks-ში.

მწვრთნელმა და ვეტერანმა ფეხბურთელმა BMG-სთან ინტერვიუში EURO 2024-ის შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატში ესპანეთის გამარჯვება - ლოგიკური იყო.

“ჩვენთვის, ისევე, როგორც საერთოდ ფეხბურთისთვის, EURO 2024-ის საბოლოო შედეგი, რომელსაც ესპანეთმა მის მიერ ნაჩვენები ფეხბურთით მიაღწია - ლოგიკური იყო. ბოლო წლებში, ინგლისს $50 მილიარდამდე აქვს დახარჯული ფეხბურთის განვითარებისთვის, მაგრამ არამხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ გლობალურადაც, რადგან ესპანეთიც კი, გარკვეულწილად, ინგლისზე, “პრემიერ ლიგაზე” და იქ მოთამაშე ფეხბურთელებზე არის დამოკიდებული. ამგვარად, ეს კარგი შერწყმაა, მაგრამ ბოლოს ესპანეთმა გაიმარჯვა, რაც მანიშნებელია იმისა, რომ ბევრმა ფულმა ფეხბურთს არ უნდა აჯობოს. ორივე ეს კომპონენტი აუცილებელია და ისინი ერთმანეთთან იდეალურ ბალანსში უნდა იყოს”, - აღნიშნა შოთა არველაძემ BMG Talks-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები