მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გვიჯდება 112-ის შენახვა?

112

12 წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ი მოქალაქეების მიერ მათი სატელეფონო ბალანსიდან ჩამოჭრილი თანხით ფინანსდება. 2020 წლამდე ფიზიკური პირებისთვის საფასური 20 თეთრი, იურიდიული პირებისთვის კი 50 თეთრი იყო. 2020 წელს მიღებული მთავრობის განკარგულებით, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გადასახადი გათანაბრდა და 40 თეთრი გახდა. შედეგად პირველივე წელს, 112-მა 12,5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.

BMG-ის მიერ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ წლიდან წლამდე ფიქსირებული და მობილური აბონენტებიდან ამოღებული თანხის მოცულობა იზრდება. აბონენტების ბალანსიდან ყოველთვიურად ჩამოჭრილი 40 თეთრიდან, 112-მა გასული წლის მდგომარეობით 15 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, მიმდინარე წლის 10 თვის მაჩვენებლებით კი, აბონენტებისგან ამოღებული თანხა 13 მილიონ ლარს შეადგენს.

112-ის მიერ მობილური და ფიქსირებული აბონენტებისგან მიღებული შემოსავალი:

2020 წელი - 12,5 მლნ ლარი

2021 წელი - 13,4 მლნ ლარი

2022 წელი - 14,4 მლნ ლარი

2023 წელი - 15,1 მლნ ლარი

2024 წელი (10 თვე) - 13 მლნ ლარი

აღნიშნული საფასური 112-ის დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს. მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ორგანიზაციის ბიუჯეტი თითქმის 38 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც საბიუჯეტო დაფინანსების წილი 21,4 მილიონი, სხვა შემოსავლები კი, რომელშიც ფიქსირებული მობილური აბონენტების მიერ გადახდილი საფასური შედის, 16,5 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები